23:05 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)
43 0 0

საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ჟურნალ „საერთაშორისო ანალიზის“ მთავარი რედაქტორი აკეთებს პროგნოზს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოში არჩევნების შემდეგ

სერგეი მარკედონოვი

სტრესტესტი ივანიშვილის სისტემისთვის

საპარლამენტო არჩევნები - საქართველოში 2020 წლის მთავარი მოვლენა იყო. ამ არჩევნებით დასრულდა ოთხწლიანი საარჩევნო ციკლი და ის სერიოზულ სტრესტესტად იქცა სახელისუფლებო სისტემისთვის, რომელიც „ქართული ოცნების“ მამამთავარმა, დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა.

ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნო ბრძოლაში მის ოფიციალურად დაწყებამდე გაცილებით ადრე ჩაერთნენ. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ დასრულებული კამპანიის პროლოგად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს მოვიხსენიებთ. ორი წლის წინ, მარცხის მთელი სერიის შემდეგ, ოპოზიციამ იგრძნო რევანშის შესაძლებლობა, თუმცა გრიგოლ ვაშაძის პირობითი წარმატება (რომელმაც გამარჯვება მხოლოდ მეორე ტურში დათმო) იყო არა მხოლოდ მისი დამსახურება, არამედ „სახელისუფლებო პარტიის“ მეტად წარუმატებელი ელექტორალური სტრატეგია. როგორც არ უნდა იყოს, პირველი გამაფრთხილებელი ზარი „ქართული ოცნებისთვის“ დაირეკა.

2019 წელს მმართველ პარტიას თითქოს განსაცდელის ჟამი დაუდგა. ჯერ მასობრივი აქციები, პროვოცირებული „გავრილოვის ღამით“ , შემდეგ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლების მეორე სერია. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ეს მღელვარება პირდაპირ იყო დაკავშირებული წინასაარჩევნო თემატიკასთან. როდესაც საგარეო მოთამაშეების დახმარებით (აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა) 2020 წლის მარტში გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება იძულებული იყო, მრავალი პუნქტით დაეთმო ოპოზიციისთვის, „ქართულმა ოცნებამ“, ერთი შეხედვით, უკან დაიხია. მაგრამ, როგორც ძველი ხალხური სიბრძნე ღაღადებს, „ომიანობა რომ არ იყოს, გამარჯვებას პატივი არ ექნებოდაო“.

იმით დავიწყოთ, რომ კორონავირუსის პანდემიამ შიდაპოლიტიკურ აქტივობაში შესვენება გამოაცხადა. საგანგებო ვითარებაში კი პოპულისტურ დღის წესრიგზე მოთხოვნილება მკვეთრად დაეცა. პირიქით, გაიზარდა იმათი პოზიტიური შეფასება, ვინც მზად იყო არა მხოლოდ საუბრისთვის, არამედ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისთვის. მთავრობამ „პირველი ტალღის“ მოლოდინში უპრეცედენტოდ მკაცრი ზომები გაატარა და მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საგრძნობლად ეფექტურ შედეგს მიაღწია. რასაკვირველია, „მეორე ტალღას“ საქართველოსთვის გვერდი არ აუვლია, მაგრამ ამ საკითხების სათანადო დონეზე გათამაშება ოპოზიციამ უბრალოდ ვეღარ მოასწრო.

დაბოლოს - უნდა აღინიშნოს ხელისუფლების მოქნილი რეაქცია ყარაბაღში გაჩაღებულ კონფლიქტზე. იმპულსური მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელმაც მაშინვე განაცხადა, რომ ერთ კონკრეტულ მხარეს უჭერდა მხარს, საქართველოს პრემიერმა და პრეზიდენტმა აღნიშნეს, რომ მათი ქვეყანა შეასრულებდა შუამავლის, და არა დაპირისპირების მონაწილის როლს. ყველა ამ ფაქტმა, საინფორმაციო კამპანიასთან ერთად, რომელიც რიგით ამომრჩეველს მუდმივად ახსენებდა გარდასულ ბობოქარ და სტრესულ დროებას, როდესაც ქვეყანას „ნაციონალები“ მართავდნენ, თავისი საქმე გააკეთა.

არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა დაახლოებით 48% მოაგროვა. თუმცა ეს ტრიუმფისა და ხელისუფლებაში „მესამე ვადით“ დარჩენის პრეცედენტის შექმნის გარანტია არ აღმოჩნდა. ყველაფერი ბოლომდე გარკვეული ჯერაც არ არის. ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება. დიახ, დღეს პარლამენტის ეს სეგმენტი არც ისე დიდია (ერთი-მეხუთედი - 30 ადგილი). მაგრამ ერთმანდატიანი ხმები შეასრულებენ მნიშვნელოვანი „საწონების“ როლს, რომელთაც ნებისმიერი პარტიული სიის წონის გამყარება შეუძლიათ.

გასათვალისწინებელია ასევე, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დომინირების წლებში ჩამოყალიბდა სისტემა, რომლის პირობებშიც ერთ მხარესაა ხელისუფლება და მეორე მხარეს ჭრელი ოპოზიცია. ამ ოპოზიციურ სპექტრში გამოირჩევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ხელისუფლებით უკმაყოფილო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ივანიშვილის მიუღებლობა სულაც არ ნიშნავს სააკაშვილის გუნდის მხარდაჭერას.

როგორც არ უნდა იყოს, „მეოცნებეებს“ მთავრობის ჩამოყალიბება მოუწევთ. მმართველი პარტიის ოპონენტები დღეს არ არიან მზად, მას ხელი შეაშველონ. შესაძლოა, როდესაც ერთმანდატიანი ოლქების გათვალისწინებით არჩევნების საბოლოო შედეგები გაირკვევა, „ქართული ოცნება“ შეძლებს კაბინეტის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას. მაგრამ ასეთი სცენარის შემთხვევაში, ის ნაკლებად მტკიცე იქნება, განსაკუთრებით საშუალოვადიან პერსპექტივაში, ვიდრე 2020 წლამდე იყო.

არჩევნების ლეგიტიმურობა - გარეშე ფაქტორი

ამ ფონზე ბლოკი „ძალა ერთობაშია“ აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მას სხვა ოპოზიციური ძალებიც ემხრობიან. უკვე გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც ალბათ განმეორდება. შედეგად ბევრ უჩნდება ცდუნება, მიმდინარე მოვლენები შეაფასოს, როგორც ახალი „ფერადი რევოლუციის“ წინათგრძნობა. თუმცა ასეთი სქემა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, არ ითვალისწინებს უამრავ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ნიუანსს.

მასობრივი პროტესტი საქართველოს თანმდევია სსრკ-ის დაშლისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან. მაგრამ ეს პროტესტი ყოველთვის არ იწვევდა იმგვარ შედეგს, როგორიც 2003 წელს დადგა. მეტიც, „ვარდების რევოლუცია“ სწორედაც რომ გამონაკლისი იყო. რთულია ისეთი არჩევნების დასახელება, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტები ლეგიტიმურს უწოდებდნენ. ასე იყო სააკაშვილის მმართველობის დროსაც და მისი წასვლის შემდეგაც. მაგრამ 2003 წლის მოვლენები ბედნიერად დასრულდა მხოლოდ მათთვის, ვინც ქუჩაში გამოვიდა, რათა ხელისუფლებაში მოეყვანა ადამიანები, რომელთაც მომიტინგეები „თავისიანებად“ მიიჩნევდნენ. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი უბრალოდ დალპა, დაკარგა რეალობასთან კავშირი. მაგრამ ეს არ მოსვლიათ 2020 წელს ივანიშვილსა და მის თანამებრძოლებს, რომელთაც ხელისუფლებაში ოფიციალური თანამდებობები უკავიათ. პირიქით, კრიზისულ პირობებში მათ თავიანთი ეფექტურობა გამოავლინეს.

„ახალბედა ქართველების“ ტრიუმფი 2003 წელს დიდწილად განპირობებული  იყო საგარეო მხარდაჭერითაც. აქვე უნდა ითქვას: იმ წლებში აშშ-ს არ შეუქმნია საქართველოში რევოლუციური გარემო, მაგრამ მან ხელი შეუწყო სააკაშვილისა და მისი გუნდის საერთაშორისო ლეგიტიმაციას. ამ დახმარებას მოჰყვა ქართულ პოლიტიკაზე ამერიკული გავლენის გაძლიერება იმდენად, რომ თანდათანობით ის ქვეყნის შიდა განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად ჩამოყალიბდა. რაც გამოჩნდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმებისას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო კამპანიის ერთგვარ კოდექსად იქცა.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ - უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მხოლოდ ერთი თანამშრომლის კერძო მოსაზრება არ არის. ამასთან, ის მკაფიოდ უთითებს, რომ „ამომრჩევლების დაშინება და მოსყიდვა არჩევნების პროცესს ზიანს აყენებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რომ ის არალეგიტიმურად გამოცხადდეს“. აშშ-ის საელჩო თბილისში იზიარებს ეუთო/ოდირის შეფასებას იმის თაობაზე, რომ „საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მთლიანობაში კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში“ ჩატარდა. ასეთი დიაგნოზის გათვალისწინებით, ოპოზიციას, რომელიც ვაშინგტონთან და ბრიუსელთან სტრატეგიულ თანამშრომლობას ისახავს მიზნად, გაუჭირდება თავისი სიჯიუტის ახსნა 31 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით.

არჩევნების მსვლელობისას ოპოზიციური ძალები, განსაკუთრებით, სააკაშვილის მხარდამჭერები, ცდილობდნენ „ქართული ოცნება“ გამოეყვანათ პრორუსულ ძალად, მაგრამ რეალურად ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. სწორედ დღევანდელი მმართველი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოაწერა ხელი საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და მიაღწია უვიზო რეჟიმს შენგენის ქვეყნებთან, გააგრძელა ნატოსთან დაახლოების კურსი, თუმცაღა ალიანსის ფორმალური წევრობის გარეშე.

ახლა აშშ-ს და მის მოკავშირეებს არ სჭირდებათ რყევები ქვეყანაში, რომელსაც ისინი სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევენ. მით უმეტეს, რომ ექსტრავაგანტულ სააკაშვილთან მუშაობა მათ უკვე მოუწიათ და მისი მმართველობის ბოლოს მივიდნენ დასკვნამდე, რომ სასურველი იყო სააკაშვილის წასვლა. მაგრამ ვაშინგტონს არც ძლიერი ხელისუფლება სჭირდება. ძალა - დამოუკიდებელი საგარეოპოლიტიკური ვექტორის გატარების შესაძლებლობაა. და ამიტომ მნიშვნელოვანია ქართული „ასპირანტისთვის“ ჩაუბარებელი „საკანდიდატო გამოცდების“ ერთი-ორი სამიანის დატოვება. მაგალითად, არჩევნების აღიარება დათქმებით, ასევე „ოცნების“ დომინირების არდაშვება ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ ჯერ კიდევ წინაა მოწოდებები მთავრობის ჩამოყალიბებისას მინორიტარების მოსაზრებების გათვალისწინებისკენ, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან მოლაპარაკებების გამართვისკენ, კოჰაბიტაციისა და კომპრომისებისკენ. ერთნახევარ პარტიულ სისტემას, მექსიკურის ანალოგიურს, აშშ არ ისურვებდა ხვალინდელ საქართველოში. მაგრამ საერთაშორისო არენაზე ევროატლანტიკური კურსის შენარჩუნების შემთხვევაში, ვფიქრობ, ამას ხელს არ შეუშლიან. 

რუსეთის ფაქტორი და ურთიერთობის მომავალი ნორმალიზება

საპარლამენტო კამპანიის დროს რუსული ფაქტორი, რა თქმა უნდა, არსებობდა. მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ მან ამინდი შექმნა. არჩევნებში კრემლის ჩარევის თემა გაბერილი იყო ცენტრ „დოსიეს“ მიერ მიხეილ ხოდორკოვსკის თაობაზე მასალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ის ეძღვნებოდა „მოსკოვის ხელს“ საქართველოს ერთ-ერთი საპარლამენტო პარტიის - „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდასაჭერად. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამ გაერთიანების საქმის შესწავლაც კი დაიწყო მისი ფინანსური აქტივების შემოწმების მიზნით. თუმცა ვისაც რა არ უნდა ეკვლია და როგორ „არაგულგრილ მოქალაქეებსაც“ არ უნდა მიემართათ პროკურორისთვის „კრემლის აგენტების“ შემოწმებისა და დასჯის მოთხოვნით, „ალიანსი“ საარჩევნო შეჯიბრის ფავორიტებს შორის არ ყოფილა. არჩევნების შედეგად ის მოხვდა პარლამენტში, მაგრამ 3,18% იმაზე მეტყველებს, რომ ეს პოლიტიკური ძალა ახლო მომავალში საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ჩამოაყალიბებს.

რასაკვირველია, სააკაშვილის მხარდამჭერები და სხვა ოპოზიციონერები მმართველ პარტიას მოსკოვთან კავშირში ადანაშაულებდნენ. იშველიებდნენ ფაქტებს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბიოგრაფიიდან, რომელიც თავის დროზე მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. ამ შემთხვევაში, ურიგო არ იქნებოდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისეთი კურსდამთავრებულის ცხოვრების გზის შესწავლაც, როგორიცაა ელენე ხოშტარია, ჯერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, შემდეგ კი ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი. თუმცა ამ ყველაფერს თავი დავანებოთ და დავაფიქსიროთ მხოლოდ ის, რომ 2012 წელს „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისა და მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების შემდეგ მან რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება დაისახა მიზნად. მაგალითად, ამ საკითხს მიეძღვნა სახელისუფლებო პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის საგანგებო პრეზენტაცია გორში 2020 წლის 26 ოქტომბერს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე დაასახელა პირობები, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც თბილისი მზად იყო მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. არ შეიძლება საქართველოს პოზიციების რიტორიკული გამკაცრების ყურადღების მიღმა დატოვება: „ორმა ქვეყანამ ჩვენი აქტიური ჩართულობის პირობებში გაიწვია აღიარება (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის, - რედ.). ეს პროცესი არ შეჩერდება. ჩვენ მას ბოლომდე მივიყვანთ, რათა რუსეთი მარტო დარჩეს, მაგრამ რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიწვიოს აღიარება. ურთიერთობის მოგვარების სხვა გზა არ არსებობს“.

უნდა აღინიშნოს, რომ ზალკანიანის მიერ ნახსენები ორი ქვეყანა - ტუვალუ და ვანუატუა. საერთაშორისო პროცესებსა და ამიერკავკასიაში ვითარებაზე გავლენის მოხდენის სურვილის მიუხედავად, ისინი, რბილად რომ ვთქვათ, რუსეთს ვერ გაუტოლდებიან! დიახ, მოსკოვი უმცირესობაშია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის საქმეში. მინსკიც, ნურ-სულთანი ან ერევანიც კი არ დაადგნენ საქართველოს ორი ყოფილი ავტონომიის აღიარების გზას. მაგრამ ეს მოსკოვს ხელს არ უშლის, გაჰყვეს კურსს, რომელსაც ატარებს.  

არჩევნების დროს უფრო მკაცრი რიტორიკა ქვეყნისთვის არსებით საკითხებზე (გამოყოფილი ტერიტორიების საკითხი კი საქართველოში პრიორიტეტებს შორისაა ნებისმიერი ხელისუფლების დროს) ტრადიციულია. მაგრამ მზადაა თუ არა საქართველოს ხელისუფლება, შეარბილოს იგი არჩევნების შემდეგ, როდესაც მმართველ პარტიას ქვეყნის პოლიტიკურ ოლიმპზე დარჩენის ყველა შანსი აქვს? ეს საეჭვოა. მმართველი პარტიის დღევანდელი მდგომარეობა ნაკლებად მყარია შიგნითაც და გარეთაც, ვიდრე ადრე, მიუხედავად ელექტორალური წარმატებისა. საკითხი, სულ მცირე, ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებამდე გადაიდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)

მთავარი თემები