შევა თუ არა პარლამენტში „გირჩი“: ჯაფარიძის განმარტება

© Sputnik / Vladimir Umikashviliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯაფარიძის თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, ცესკოს მონაცემები კი ხალხის რეალურ ნებას არ გამოხატავს.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, „გირჩიც“ უარს განაცხადებს და, შესაბამისად, არც არჩევნების მეორე ტურში მივიღებთ მონაწილეობას, განაცხადა პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.

„პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ ერთ-ერთია იმ ცხრა პოლიტიკური სუბიექტიდან, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში მოხვდა.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%, მაჟორიტარობის კანდიდატებს კი ხმების 50%-ზე მეტი უნდა მოეპოვებინათ. 

ოპოზიციის აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
ოპოზიციის ბოიკოტი: უარი პარლამენტში შესვლაზე და მეორე ტურში მონაწილეობაზე

ცესკოს მონაცემებით, დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა გია ვოლსკიმ ხმების 42,69% მიიღო, ზურაბ ჯაფარიძე კი 21,09%.

ვინ იბრძოლებს თბილისში მეორე ტურში დეპუტატის მანდატისთვის>>>

ჯაფარიძის თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, ცესკოს მონაცემები კი ხალხის რეალურ ნებას არ გამოხატავს.

„სრულად ვუერთდები ნებისმიერ მსვლელობას, არჩევნებზე მასშტაბური დარღვევები დაფიქსირდა, იყო მოსყიდვა და დაშინებაც. ქუჩაში პროცესები კარგია, რადგანაც ეს არის პოლიტიკური წნეხი ხელისუფლებაზე, რომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს. საბოლოო მიზანი არის ვადამდელი არჩევნები", – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, სამომავლო სამოქმედო გეგმაზე ოპოზიციაში კონსულტაციები და აზრთა შეჯერება მიმდინარეობს.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) წარმომადგენლებთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე კონკრეტულ დარღვევებზე იმსჯელებენ.

„ჩვენი მიზანია „ეუთო/ოდირის“ წარმომადგენლები დავარწმუნოთ, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. მე მაქვს კონკრეტული „ქეისი“, თუ როგორ გააყალბა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები“, – თქვა „გირჩის“ ლიდერმა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში შვიდი პარტია და ორი ბლოკი შედის, ლიდერობენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (48,15%) და ოპოზიციური ბლოკი „ძალა ერთობაშია“ (27,14%), რომლის შემადგენლობაშიც შედის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, სადეპუტატო მანდატზე უარს აცხადებენ „ევროპული საქართველო", „პატრიოტთა ალიანსი" და „ლეიბორისტული პარტია". 

ყველა ახალი ამბავი
0