„ძოწეულისფერის ფოჩებიანი ლაჟვარდისფერი“ დაჯირა და „ჩიად“ წოდებული სალაბი

CC0 / Pixabay / სალვია
სალვია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სალბის ყველა სახეობის წინაშე ყველა ადამიანი მუხლმოდრეკით და ქუდმოხდილი უნდა იდგეს“ - გვეუბნება ძველი აღმოსავლური ანდაზა.

„Шалфей - სალაბი, ოსმალის ჩაი. ბალახი ესე აღმოცენდების ყოველსა წელსა ძირისაგან ფესვებიანისა. ღერო აქუს ოთხკუთხი, სწორე, ერთის ფუტის სიმაღლე, ბუსუსიანი, შტოებიანი და შტოებდაწყობილნი ერთიმეორისა პირისპირ. ფოთოლნი ეგრეთვე ერთიმეორისა პირისპირ მდებარენი, ყუნწებიანი, მოგრძენი, ბრჯგუნი, ერთისა დუიმის სიგრძენი, ზემოდგან მოდაღმენჭილონი, ქუჱმოდგან ბადის სახედ ქმნილნი. ყუავილნი მოიცვენ ღეროს წვერსა მტევნების სახედ, რომელნიცა არიან ბუდედ გრგოლების სახისად დაწყობილნი, თითო ფოთლოსანნი, პირგაყოფილნი და ლაჟვარდისფერნი. ფოჩი ექმნების ოროლი მრჩობლედის ძოწეულისფერის თავებითა. გაიზდების ევროპასა შ(ინ)ა სამხრეთის კერძოდ თავით თჳსით, ხ(ოლო) სხუაგან მრავალსა ადგილსა მოიყუანებენ დათესვით ბოსტანსა შ(ინ)ა. სუნი აქუს ძლიერი, გემო მომწარო, არომატული, რომლისა გამო აქუს ძალი ბალღმის გამყოფელი, განმამაგრებელი და კუჭის სისუსტისა სისტემად მომყუანებელი“ - ასე ახასიათებს უებარი სამკურნალო ღირსებებით გამორჩეულ სალბს იოანე ბაგრატიონი (1814), რომელიც აღმოსავლეთის ქვეყნებში მეტად საპატიო მცენარედაა მიჩნეული.

CC BY 2.5 / Eric Hunt / Salvia divinorumSalvia divinorum
„ძოწეულისფერის ფოჩებიანი ლაჟვარდისფერი“ დაჯირა და „ჩიად“ წოდებული სალაბი - Sputnik საქართველო
Salvia divinorum

სალბი (Salvia) - ტუჩოსანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეები, იშვიათად ნახევრად ბუჩქები და ბუჩქებია. გვარის 986 სახეობა გავრცელებულია ყველგან, ძირითადად ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყლებში. 

საქართველოში ბუნებრივად გვხვდება სალბის 13 სახეობა. მათგან 2 – Salvia garedjii Troitzky და S. limbata C.A.Mey - საქართველოს ენდემებია, ხოლო 1 – S. compar Trautv. ex Sosn. - კავკასიის ენდემი. 

სამკურნალო მიზნით უფრო მეტად ცნობილია სამკურნალო სალბი (Salvia officinalis L.) - ლილისფერ ყვავილებიანი, მრავალწლოვანი, მაღალი სამკურნალო და დეკორატიული ღირსებების სახეობა გავრცელებულია თბილ ადგილებში - სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ქვეყნებში, მცირე აზიაში, ჩრდილოეთ სირიაში. კულტურაში შეტანილია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. სალბი უხსოვარი დროიდან ცნობილია სამკურნალო და დეკორატიულ მცენარედ. იმპერატორმა კარლოს დიდმა თავის „კაპიტალურეში“ მკაცრად დასვა საკითხი სალბის მომრავლება-მოშენების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ გვარის სახელწოდება მოდის ლათინური სიტყვიდან Salvare - ჯანმრთელობა. ნიშანდობლივია, რომ სალბის ყველა სახეობა გამოიყენება სამკურნალო მიზნით, მათ შორის, საქართველოში გავრცელებული სახეობებიც.

მცენარეში დიდი რაოდენობით არის სახამებელი, მთრიმლავი ნივთიერებები, ცილები, მინერალები, ეთერზეთები, ფისი. ნედლი ფოთლები შეიცავს ფიტონციდებს და აქვს ძლიერი ბაქტერიციდული, მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო და საფაღარათე მოქმედება. სალბის ნაყენი და ნახარში სუფთა სახით, ან სხვა ბალახებთან ერთად გამოიყენება ლორწოვანი გარსების კატარების, ანგინების, ღრძილების ანთების, ქრონიკული ბრონქიტის, საშარდე გზების ანთების, შარდ-კენჭოვანი დაავადებების, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ფოთლები, რომლებიც გროვდება ვეგეტაციის პირველ წელს სექტემბერში და შემდეგ წლებში ყვავილობის დაწყებიდან სექტემბრის ბოლომდე. აშრობენ ჰაერზე ბნელ ფარდულში, ან საშრობში, არა უმეტეს 35-40 0C.

მზა პრეპარატების სახით გამოდის სალბის ჩაი, ნაყენი და ეთერზეთი, რომლებიც მზადდება მცენარის ფოთლებისგან. მზა სააფთიაქო ნედლეული მწვავე არომატულია და აქვს მწკლარტე გემო. ფოთლები შეიცავს ეთერზეთებს, რომლებსაც იღებენ წყლის ორთქლით გამოხდით.

თანამედროვე მედიცინაში სალბის ნახარში ყელის და პირის ღრუს სავლებად იხმარება. ბრონქიალური ასთმის დროს სალბის და ლემას ფოთლებს ერთად ეწევიან სიგარეტის სახით.

CC BY-SA 3.0 / Eric Coombs / Salvia aethiopisSalvia aethiopis
„ძოწეულისფერის ფოჩებიანი ლაჟვარდისფერი“ დაჯირა და „ჩიად“ წოდებული სალაბი - Sputnik საქართველო
Salvia aethiopis

სალბი ჩინურ მედიცინაში გამოიყენება როგორც საერთო გამაჯანსაღებელი საშუალება, აგრეთვე, დისმენორეის, სახსრების რევმატიზმების და კანის ქრონიკული დაავადებების დროს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სალბის ყველა სახეობა სამკურნალოა. ქართულ ხალხურ მედიცინაში ცნობილია ძირითადად რამდენიმე სახეობა. მათ შორისაა კაშკაშა მოლურჯო-იისფერი ყვავილებიანი დაჯირა, სალაბი (Salvia verticillata L.), რომელიც მრავალყლორტიან ბუჩქს მოგვაგონებს და ბუნებრივად გვხვდება ყველგან, ველებზე, მშრალ ფერდობებზე, მთის ქვედა სარტყლიდან შუა სარტყლამდე.

საინტერესოა ძველ ქართულ სამედიცინო ძეგლებში მოხსენიებული სახელი  - „ხოსიათულსალ-სალაბი, ანუ გულფილტვა“. როგორც ჩანს, მცენარე გულისა და ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ იხმარებოდა და შესაძლოა ამის გამოც უწოდება გულფილტვა.

დაჯირას თესლები დიდი ოდენობით შეიცავს ლორწოვან ნივთიერებებს და მისი ნახარში უებარია საფენად თვალის დაავადებების დროს. მწვანე ნაწილების ნახარშს სვავენ გაციების წინააღმდეგ, შარდის შეუკავებლობისას. გულის და ფილტვების დაავადებების და თირკმელებში კენჭების არსებობის შემთხვევაში. მრავალძარღვასთან ერთად - გველის და მორიელის ნაკბენის სამკურნალოდ. 

ერბოში აზელილ დაჯირას, ქაფურს, მუშკს და ამბარს თავის ტკივილის სამკურნალო მალამოს სახით უსვამდნენ ავადმყოფს სახეზე.

ქართულ ხალხურ მედიცინაში არანაკლებ ცნობილია სალბის სხვა სახეობა - ხარისვარდა  (S. sclarea L.) - ფისისებურ-ინასებური სურნელის ეთერზეთოვანი მცენარის გვირგვინი ვარდისფერია, ან სოსანი (იისფერი). სალბის ამ სახეობას სხვა ქვეყნებში ჯავზისებურ (მუსკატი) სალბსაც უწოდებენ, რადგან არომატით წააგავს ჯავზის არომატს და მისი ეთერზეთები ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობასა და თამბაქოს წარმოებაში ლიქიორების, საკონდიტრო ნაწარმის და თამბაქოს ძვირფასი ჯიშების არომატიზაციისთვის.

CC0 / Pixabay / Salvia pratensis
„ძოწეულისფერის ფოჩებიანი ლაჟვარდისფერი“ დაჯირა და „ჩიად“ წოდებული სალაბი - Sputnik საქართველო
Salvia pratensis

ეთერზეთების გამოწვლილვის შემდეგ დარჩენილი მასისგან ასინთეზებენ ამბრის სურნელის არომატულ ნივთიერებებს, რომელსაც ფართო გამოყენება აქვს არომათერაპიაში, როგორც ანტისტრესული მოქმედების აფროდიზიაკი. ამაღლებს სექსუალურ ფუნქციას და აქტივობას როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.

ხარისხვარდას ნედლი და მშრალი ყვავილები და ფოთლები გამოიყენება არომატულ სანელებლად საკონდიტრო და კულინარიული ნაწარმის, ყველეულის, ჩაის და სხვა პროდუქტების წარმოებაში. ზოგიერთ ქვეყანაში მისი ყვავილებისგან ამზადებენ გამაგრილებელ და მათრობელა სასმელებს. მექსიკასა და ჩილეში ფესვების და ნორჩი ღეროებისგან ამზადებენ არომატულ გამაგრილებელ სასმელებს, უმატებენ ლუდს და ღვინოს ჯავზის არომატის მისაცემად, ფქვავენ ფქვილთან ერთად საკონდიტრო ნაწარმის არომატიზაციისთვის.

რაც შეეხება ხარისხვარდას სამკურნალო თვისებებს, მცენარის მიწისზედა ნაწილი ყვავილობისას გამოიყენება აბაზანებისთვის პოლიართრიტის, ოსტეომიელიტის, ართროზების და ტროფიკული წყლულების დროს. ეთერზეთების გამოწვლილვის შემდეგ დარჩენილი მასა - რევმატიზმის საწინააღმდეგო აბაზანებისთვის. ფოთლების ნაყენი (1 ს.კ. 200 მლ წყალზე) შარდ-კენჭოვანი დაავადებების, რევმატიზმის, ტაქიკარდიის დროს. რძეში მოხარშული მიწისზედა ნაწილების ნახარში - ხველების, მუცლის ღრუში კრუნჩხვითი ტკივილების საწინააღმდეგო და მონელების გამაუმჯობესებელი საშუალებაა. აქვს ანტისპაზმური და ანტიკატარალური მოქმედება.

სამკურნალო მცენარეები - Sputnik საქართველო
ხალხური რეცეპტები რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისათვის

ხარისვარდას ზეთი ხსნის ნერვულ დაძაბულობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხელების და პანიკის დროს. აუმჯობესებს კონცენტრაციას, მეხსიერებას, ასტიმულირებს ტვინის მუშაობას, აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს და ინტუიციას.

ხარისვარდას 5-20% მალამოები გამოიყენება ფსორიაზის სამკურნალოდ.

ბამბიქულა (S. aethiopsis L.) - მოთეთრო ფერის ყვავილებიან მცენარეს სახელი ბამბის ქულის, მსგავსი თეთრი ქეჩისებური შებუსვის გამო აქვს. ფოთლებსა და ყვავილებში 0,06 % ეთერზეთებია. სალბის ეს სახეობა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სანელებლად გამოიყენება. აქვს სასიამოვნო მსუბუქი არომატი და ოდნავს ცხარე გემო. ხალხურ მედიცინაში ბამბიქულას ფესვებს იყენებენ ოფლდენის, გულ-მკერდში ტკივილების და სისხლიანი ხველის წინააღმდეგ ფილტვის ტუბერკულოზის დროს.

კავკასიური ხარისძირა - Sputnik საქართველო
დეკემბრის სამკურნალო ნობათი

შალამანდილი (S. glutinosa L.) - ღია ყვითელი ფერის გვირგვინით, ქვედა ტუჩი მოთეთრო, ან მოწითალო მოხატულობითაა. ხალხურ მედიცინაში შალამანდილის ყველა ნაწილი გამოიყენება შარდ-კენჭოვანი დაავადებების დროს - შარდის ბუშტში კენჭების არსებობისას, აგრეთვე გულ-მკერდის არეში ტკივილების დროს. მცენარის თესლებისგან იღებენ ზეთს.

მინდვრის სალბი (S. pratensis l.) - ეს სახეობა სანელებლადაც მეტად პოპულარულია და გამოიყენება მშრალი სახით სუპების, სოუსების, ბულიონების, სალათების, ღვეზელების, ყველეულის და ბოსტნეულის მარინადების შესაზავებლად. უხდება ხორცის, ბოსტნეულის და თევზის კერძებს. აქვს მატონიზირებელი, ანტიბაქტერიციდული, სპაზმოლიზური ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, და ჭრილობების შემახორცებელი მოქმედება.

ბოლო ხანებში განსაკუთრებით ვეგეტარიანელებში მეტად პოპულარული გახდა ჩიას სახელით ცნობილი სახეობა თეთრი ჩია, ესპანური სალბი (Salvia hispanica), რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა აცტეკების რაციონში და ტრადიციულად იყენებენ ლათინური ამერიკის (განსაკუთრებით მექსიკის) და სამხრეთ-დასავლეთ შტატების ქვეყნების კერძებში.

CC0 / Pixabay / ჩია
„ძოწეულისფერის ფოჩებიანი ლაჟვარდისფერი“ დაჯირა და „ჩიად“ წოდებული სალაბი - Sputnik საქართველო
ჩია

სალბის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ჩია ერთწლოვანი მცენარეა, თეთრი, ან ჟოლოსფერი ყვავილებით. 1 მმ დიამეტრის წვრილი თესლები ყავისფერი, რუხი, თეთრი, ან შავია, რელიეფური ნახატებით. თესლები დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს (20 %), ცხიმებს (34 %), საკვებ ბოჭკოს (25 %), ანტიოქსიდანტებს, А, С, Е, В1, В2, РР ვიტამინებს და მინერალებს: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, სელენი და თუთია. ჩია კალციუმის ბუნებრივი წყაროა. 100 გრ თესლები შეიცავს ორჯერ მეტ კალციუმს (631 მგ), ვიდრე 200 მლ რძე.

წითელი რედიკიუ  - Sputnik საქართველო
ვარდკაჭაჭა და რადიკიუ – ძვირფასი საკვები და სამკურნალო მცენარე

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ჩიას მოხალული თესლების ფქვილი მაღალი კვებითი ღირებულებისაა, კარგად ანაყრებს, აქრობს შიმშილის გრძნობას და ამ თვისებების წყალობით  მეტად პოპულარულია ნოყიერი სასმელების წარმოებაში.

2005 წელს ევროკავშირის მიერ ჩია საკვებ მცენარეთა პერსპექტიულ სახეობად აღიარა.

ჩიას თესლებისგან გამოხდილი ზეთი სწრაფად შრება და გამოიყენება საღებავების წარმოებაში.

CC0 / Pixabay / ჩია
„ძოწეულისფერის ფოჩებიანი ლაჟვარდისფერი“ დაჯირა და „ჩიად“ წოდებული სალაბი - Sputnik საქართველო
ჩია

 პირის ღრუს დაავადებების, კბილის ტკივილის, ღრძილების ანთების და ყელის ტკივილის დროს:

Ø 1 ს.კ. სალბის ფოთლებს დაახსით 200 მლ. მდუღარე, დააყენეთ 20 წუთი, გადაწურეთ და გამოივლეთ თბილი;

Ø მოხარშეთ  5 გრ (1 ჩ.კ.) სალბის ფოთლები 200 მლ. წყალში, ცალკე მოხარშეთ მუხის ქერქები ამავე პროპორციებით. ორივე ნახარში გადაწურეთ, შეურიეთ ერთმანეთს და ცხელი გამოივლეთ პირის ღრუსა და ყელში. აქრობს ანთებებს და ანელებს ტკივილს.

არომათერაპია - Sputnik საქართველო
არომათერაპია საკუთარი ხელით: როგორ შევქმნათ სურნელი განწყობისა და ჯანმრთელობისათვის

ბრონქიტის, ბრონქიალური ასთმის და ბრონქების დაავადებების დროს:

Ø 1 ს.კ. სალბი, 1 ს.კ. ანისულის თესლი, 1 ს.კ. ფიჭვის კვირტები, 1 ს.კ. ტუხტის ფესურები, 2 ს.კ. ძირტკბილას ფესურები (ყველაფერი დააქუცმაცეთ და შემდეგ), 1 სუფრის კოვზ ამ ნარევს დაახსით 200 მლ. მდუღარე წყალი. დააყენეთ 30 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ მთელი დღის მანძილზე 3-4-ულუფად.

Ø მწვავე ბრონქიტის დროს ძილის წინ უებარია ეს ნახარში - 1 ს.კ. სალბის ფოთლები ჩაყარეთ ემალის ჭურჭელში, დაასხით 1 ჩ.ჭ რძე, დაახურეთ თავი და ნელ ცეცხლზე აადუღეთ. შეაგრილეთ, გადაწურეთ და დალიეთ ცხელი.

გირჩები - Sputnik საქართველო
ისუნთქეთ თავისუფლად, მოიწესრიგეთ ნერვები, აიცილეთ ავიტამინოზი...

ლაქტაციის შესამცირებლად:

Ø თანაბარი რაოდენობის სალბის ფოთლები, კაკლის ფოთლები და სვიის გირჩები აურიეთ, 1 ს.კ. ნაკრებს დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ. გადაწურეთ, გაყავით სამად და დღის მანძილზე მიიღეთ 1/3;

Ø 2 ს.კ. სალბის ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყოვნეთ 1 სთ, გადაწურეთ და დალიეთ მთელი დღის მანძილზე. ეს ნაყენი ამცირებს ოფლის გამოყოფას, ლაქტაციას და ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ააქტიურებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციას.

Ø 2 ს.კ. სალბის ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყოვნეთ 1 სთ, გადაწურეთ და დალიეთ მთელი დღის მანძილზე. ეს ნაყენი ამცირებს ოფლის გამოყოფას, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ააქტიურებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციას.

Origanum vulgare - Sputnik საქართველო
ორეგანო - თავშავა - სანელებელი, თუ მკურნალი

ყბაყურას დროს:

Ø ფართოდ გამოიყენებოდა სალბი ყბაყურას დროს. 2 ჩ.კ. ფოთლებს ასხამენ 2 ჩ.ჭ. (400 მლ) მდუღარე წყალს, შეფუთულს აჩერებენ 1 სთ, შემდეგ წურავენ და ნახევარ ჭიქას სვამენ თბილს 3-4-ჯერ დღის მანძილზე. ამავე ნაყენს ივლებენ ყელში ანგინის, გინგივიტის და ყბაყურას დროს.

Ø 2 ს.კ. სალბი, 2 ს.კ. ანწლის ყვავილი, 2 ს.კ. ცაცხვის ყვავილი, 2 ჩ.კ. პიტნა, 2. ჩ.კ. კამა, ამ მცენარეებს აქუცმაცებენ, ასხამენ 10 ჩ.ჭ. მდუღარეს და იკეთებენ ინჰალაციას 15-30 წუთის მანძილზე ძილის წინ, დღეში ერთხელ. პროცედურის შემდეგ აუცილებელია თბილად დაწოლა,  ამ დროს საშიშია გაციება.

კრაზანა - Sputnik საქართველო
სამკურნალო მცენარეები. კრაზანა

კანის ნებისმიერი გაღიზიანებების დროს:

Ø 1 ჩ.კ. სალბის ფოთლებს ასხამენ 1 ჩ.ჭ. მდუღარეს, ხარშავენ ნელ ცეცხლზე 3-5 წთ, დახურულს ტოვებენ 30-40 წთ. წურავენ და იკეთებენ ამ ნახარშში დასველებული დოლბანდის საფენებს დილა-საღამოს. თაფლის დამატებით მატულობს ნახარშისსამკურნალო ეფექტი;

Ø სახის კანის გასაწმენდად 2 ს.კ. ფოთოლს ასხამენ 2 ჩ.ჭ. მდუღარეს, აცივებენ, წურავენ და ამ ნაყენით იწმენდენ სახეს დღეში რამდენჯერმე. ნაყენი არბილებს და ასუფთავებს კანს, ხსნის ნებისმიერ გაღიზიანებას.

ენდრო - Sputnik საქართველო
სამკურნალო მცენარეები. ენდრო

წითელი ქარის დროს:

Ø სალბის ხმელ ფოთლებს ფქვავენ და ურევენ იმდენივე რაოდენობის ცარცს (1 ჩ.კ. სალბი : 1 ჩ.კ. ცარცი), ამ ნარევს იფენენ დაზიანებულ უბანზე და იხვევენ. იცვლება დღეში 3-4-ჯერ.

უძილობის მკურნალი „სალბის კარაქი“:

Ø 2 ს.კ. დაქუცმაცებული სალბი დაყარეთ დოლბანდზე და გააჩერეთ ცხელ ორთქლზე რამდენიმე წუთი. ბალახი სპეციფიურ სუნს რომ გაუშვებს, ჩაყარეთ მინის ქილაში, დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა ნაბიემიერი მცენარეული ზეთი და ჩადგით მდუღარე წყალში 3 საათით. შემდეგ გადაწურეთ და შეინახეთ მუქი ფერის ქილაში გრილ ადგილზე. ამ კარაქით დაიზილეთ ყოველ საღამოს სახე, ხელები და ფეხები. უხდება გამომშრალ კანს, ხსნის ტკივილებს, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და აწესრიგებს ძილს.

 

ყველა ახალი ამბავი
0