19:08 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
68 0 0

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საინფორმაციოს სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში 2020 წლის შედეგები შეაფასა.

მინისტრმა განმარტა, რა იყო გასული წლის საერთაშორისო პოლიტიკისთვის მთავარი, რა გაკვეთილები გამოიტანა მსოფლიომ კორონავირუსის პანდემიიდან, შეიკრნენ თუ არა ქვეყნები ერთ მუშტად საერთო საფრთხის წინაშე და ასევე ისაუბრა სხვა მნიშვნელოვან თემებზეც.

— თქვენი აზრით, რომელი საგარეო პოლიტიკური მოვლენები იყო მთავარი გასული წლისთვის და გამოიტანა თუ არა მსოფლიო თანამეგობრობამ კორონავირუსის პანდემიიდან რაიმე დასკვნები — მსოფლიო უფრო გათიშა, თუ, პირიქით, ქვეყნები უფრო ორიენტირებულები გახდნენ თანამშრომლობაზე? 

— საერთაშორისო ურთიერთობებისთვის გასული წელი რთული გამოდგა. შედეგების დაჯამებისას ძალიან ძნელია ისეთი ცნებებით ოპერირება, რა იყო მთავარი წარმატება თუ მთავარი მარცხი. ამასთან აშკარაა, რომ კორონავირუსის პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა მსოფლიო პოლიტიკასა და დიპლომატიაზე, გლობალურ ეკონომიკაში ღრმა კრიზისის პროვოცირება მოახდინა: ახლა მის აღდგენას ხანგრძლივი და რთული პერიოდი დასჭირდება. ამასთან არსად გამქრალა უკვე არსებული საფრთხეები და გამოწვევები. ისეთები, როგორებიცაა ტერორიზმი, ნარკოტრაფიკი და ტრანსნაციონალური დანაშაულის სხვა სახეობები. მოძველებული კრიზისები კვლავ ფეთქავდა, ჩნდებოდა დაძაბულობების ახალი კერები.

სამწუხაროდ, საერთო პრობლემებს, COVID-19-ის ეპიდემიის ჩათვლით, ჯერჯერობით არ მოჰყოლია საერთაშორისო საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრა მისი ეფექტური კუპირების მიზნით. ამის ძირითადი მიზეზი, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვთქვით, არის ისტორიული დასავლეთის (აშშ-ის თაოსნობით) რიგი სახელმწიფოების ნეგატიური დამოკიდებულება დანარჩენ საერთაშორისო მოთამაშეებთან კონსტრუქციული, თანაბარუფლებიანი თანამშრომლობის დამყარების მიმართ. დასავლელი კოლეგები განაგრძობდნენ არალეგიტიმური ინსტრუმენტების აქტიურად გამოყენებას — ძალისმიერი ზეწოლიდან საინფორმაციო ომებამდე. მათ ყურად არ იღეს გაეროს გენერალური მდივნისა და გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის მოწოდება, მსოფლიოში ჰუმანიტარული ვითარების ფონზე, შეეჩერებინათ ცალმხრივი სანქციები. კერძოდ, ვირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელი მედიკამენტების, აღჭურვილობისა და კვების პროდუქტების მიწოდებასა და შესაბამის ფინანსურ ტრანზაქციებზე. არც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოწოდება გაიგონეს, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაში სავაჭრო ომებისა და სანქციების გარეშე „მწვანე დერეფნების“ შემოღებას ითვალისწინებდა. ოპტიმიზმის საფუძველს ასევე არ იძლეოდა ვაშინგტონის ხაზიც, რომელიც გლობალური სტრატეგიული სტაბილურობისა და შეიარაღებაზე კონტროლის ჩამოშლისკენ იყო მიმართული.

ამ პირობებში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით ეროვნული ინტერესების საიმედოდ დაცვისთვის და იმავდროულად განვაგრძობდით კონსტრუქციული დღის წესრიგის წამოწევას. შეგახსენებთ, რომ დიდწილად სწორედ ვლადიმირ პუტინის ძალისხმევის წყალობით მოხერხდა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა. რუსეთი ასევე აქტიურად უწყობდა ხელს სირიაში პოლიტიკურ–დიპლომატიური კრიზისის დარეგულირებას, მონაწილეობდა საერთაშორისო ძალისხმევებში, რაც ლიბიის შიდაპოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანას ემსახურებოდა.

რაღა თქმა უნდა, ენერგიულად ვმუშაობდით მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებშიც. კერძოდ, ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა ინიციატივა, ჩატარებულიყო გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყნის სამიტი.

მიუხედავად ეპიდემიოლოგიური შეზღუდვებისა, პროდუქტიულად ვთანამშრომლობდით უცხოელ პარტიორებთან ევრაზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში — როგორც ორმხრივ, ისე სხვადასხვა მრავალმხრივ მოედნებზე.

რუსეთმა, არის რა ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო ჯანდაცვაში, წვლილი შეიტანა COVID-19-თან ბრძოლაშიც, არსებითი დახმარება გაუწია დაზარალებულ სახელმწიფოებს.

2021 წელს რუსეთი განაგრძობს პრაგმატული და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის გატარებას, ხელს შეუწყობს უფრო სამართლიანი და დემოკრატიული მრავალპოლარული მსოფლიოს ჩამოყალიბებას. კვლავინდებურად გახსნილები ვიქნებით ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისთვის — იმდენად, რამდენადაც ამისთვის ჩვენი პარტნიორები იქნებიან მზად, რაღა თქმა უნდა, რუსეთის ეროვნული ინტერესებისადმი პატივისცემის დაცვით.

— თქვენ თქვით, რომ დროა რუსეთმა დასავლეთისკენ მზერა შეწყვიტოს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ შედგება აღმოსავლეთისკენ მიტრიალება, რაზეც უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა?

— უპირველესად, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არავის არ ვუმზერთ. ჩვენი საგარეო პოლიტიკა მრავალვექტორული, დამოუკიდებელი ხასიათისაა. დაინტერესებულები ვართ მეგობრული ურთიერთობებით უცხოელ პარტნორებთან – განურჩევლად ყველა გეოგრაფიული მიმართულებით.

ამასთან ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ გლობალურ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე მომხდარ ტექტონიკურ ძვრებს. მსოფლიო პოლიტიკის ფოკუსი ევროატლანტიკიდან ევრაზიაზე ნაცვლდება, სადაც დინამიურად ვითარდება ამომავალი მსოფლიო ცენტრები. საკუთარ მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე დაყრდნობით ისინი ამტკიცებენ საკუთარ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სუვერენიტეტს. ატარებენ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ კურსს. და ამ საფუძველზე შთამბეჭდავ შედეგებს აღწევენ სხვადასხვა სფეროში. ამ კონტექსტში კანონზომიერად მიგვაჩნია, რომ რუსეთის ხაზი აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების ჩათვლით, ხანგრძლივი ხასიათისაა და არ არის დამოკიდებული საერთაშორისო კონიუნქტურის რყევებზე.

ევრაზია დღეს უბრალოდ გეოგრაფიული სივრცე კი არ არის კოლოსალური რესურსული პოტენციალით, რომელიც შეიძლება და უნდა იყოს გამოყენებული იქ მცხოვრები ხალხების საკეთილდღეოდ. ეს ასევე არის დინამიურად განვითარებადი რეგიონი ახალი სატრანსპორტო–ლოგისტიკური დერეფნების ინფრასტრუქტურული პროექტებისა და თანამშრომლობის სხვა მრავლისაღმთქმელი სახეების შექმნის კუთხით. რუსეთი მხარს უჭერს იქ ინტეგრაციული პროცესების მიმდინარეობას და განვითარებას. ამ ამოცანის გადაჭრისკენ არის მიმართული პრეზიდენტ პუტინის ინიციატივა დიდი ევრაზიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ. ამ მიმართულებით მუშაობა მეტად ენერგიულად მიმდინარეობს.

— როგორ ხედავთ რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების პერსპექტივებს ბაიდენის პრეზიდენტობის დროს? შეიცვლება თუ არა რამე და რა კუთხით? უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ?

— სამწუხაროდ, აშშ-თან დეგრადირებადი ურთიერთობების გამოსწორებისა თუ სტაბილიზაციის იმედი არ უნდა გვქოდეს. ამერიკა ანტირუსული ისტერიითაა მოცული და განსაკუთრებულ შანსებს არ ტოვებს იმისთვის, რომ ჩვენ მალე დავუბრუნდებით ნორმალურ ვითარებას.

მიუხედავად ამისა, მით უმეტეს დარწმუნებულები ვართ, რომ რუსულ–ამერიკულ კავშირებს არარეალიზებული პოტენციალი აქვს. ბოლო წლებში არა ჩვენი მიზეზით დაგროვილი პრობლემების აღმოფხვრა რთული იქნება, მაგრამ ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. თუმცა ამისთვის ამერიკული მხარის პოლიტიკური ნებაა საჭირო.

ორმხრივ ურთიერთობებში უამრავი კითხვა დაგროვდა, რომელთაგან ზოგი გადაუდებელი ხასიათისაა და მათზე მუშაობა ახალ ადმინისტრაციას მოუწევს. არ არის აუცილებელი ვეცადოთ, ყველა პრობლემა ხელის ერთი მოქნევით გადაიჭრას. თანამშრომლობა შეიძლება „პატარა ნაბიჯების“ ლოგიკით. ჩვენ ამგვარი მუშაობისთვის მზად ვართ, თუმცა უნდა შევახსენოთ, რომ ეს პატიოსნებისა და ინტერესების ურთიერთგათვალისწინების საფუძველზე უნდა მოხდეს და არა ვაშინგტონის მიერ თავს მოხვეული ამერიკანოცენტრისტული მსოფლიო მოწყობით. იმედი გვაქვს, რომ თეთრ სახლში ახალი გუნდი ისეთ არჩევანს გააკეთებს, რომელიც ამერიკელი ხალხის ინტერესებში იქნება და მოსკოვთან დიალოგის დალაგებისადმი სწრაფვას წარმოაჩენს.

მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, რომ რუსეთ–ამერიკის კავშირები განვითარების მდგრადი გზისკენ შემობრუნდეს. რაღა თქმა უნდა, ეს პოზიტიურად აისახებოდა საერთაშორისო საქმეებში საერთო კლიმატზე იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთსა და აშშ-ს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, როგორც ორ უმსხვილეს ბირთვულ ზესახელმწიფოს და ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს.

— არსებობს თუ არა იმის იმედი, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი მოასწრებენ შეიარაღებაზე შეთანხმების გაგრძელებას? მზად არის თუ არა რუსული მხარე წავიდეს შემდგომ დათმობებზე, მაგალითად, პერსპექტიული შეიარაღებების შემუშავების შეჩერებაზე? და რატომაა რუსეთისთვის მიუღებელი აშშ-ის მიერ შემოთავაზებული ვერიფიკაციის რეჟიმი?

— გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, ისევე, როგორც ჩვენ, იმ ფაქტიდან ამოვა, რომ СНБ-ს შეთანხმება, მასში გათვალისწინებული ხუთწლიანი ვადით, ორივე ქვეყნისა და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოების ინტერესებს უპასუხებდა.

მასმედიით გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ბაიდენის გუნდი არ არის დაინტერესებული იმით, რომ СНБ–III თავისი ამბიციების მძევლად აქციოს. თუ ეს მართლაც ასეა, რაშიც ჯერ კიდევ უნდა დავრწმუნდეთ, მაშინ შეთანხმების გაგრძელების შესახებ მოლაპარაკება მისი ვადის ამოწურვამდე, ანუ 2021 წლის თებერვლამდე ჯერ კიდევ არსებობს.

რაც შეეხება აშშ-თან თანამშრომლობას შეიარაღებაზე კონტროლის კუთხით, რისკენაც ჩვენ მათ მოვუწოდებთ კიდეც, ნებისმიერი მოლაპარაკებები, თუ ისინი დაიწყება, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიტანს ხელშესახებ შედეგებს, თუ ამერიკული მხარე რეალურად გაითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ რუსეთის პოზიციაში არაფერი მოიაზრებს მომავალი შესაძლო შეთანხმების კონტროლზე უარის თქმას. პირიქით: ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ შეთანხმებაში საკონტროლო კომპონენტის არსებობას.

სხვა საქმეა, რომ ვერიფიკაციული რეჟიმი სრულად უნდა შეესაბამებოდეს თავის საგანსა და მოცულობას. სწორედ ამაზე არ გამოგვივიდა შეთანხმება აშშ-ის წარმავალ ადმინისტრაციასთან. იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უფრო რაციონალურ და რეალისტურ პოზიციებს აირჩევს.

— მიიღო თუ არა რუსეთმა ღია ცის ხელშეკრულებაში დარჩენილი ქვეყნებისგან დასტური იმის შესახებ, რომ ისინი იღებენ ვალდებულებას არ გადასცენ აშშ-ს მონაცემები და ასევე არ დაუთმონ მათ თავიანთი ტერიტორიები ინსპექციებისთვის?

— ღია ცის ხელშეკრულება პირდაპირ არ ითვალისწინებს, რომ ფრენების დროს აპარატურით მიღებული ინფორმაცია დახურული უნდა იყოს. დაახლოებით 20 წლის წინ ღია ცის ხელშეკრულების წევრმა ქვეყნებმა, ტერორისტული საფრთხეების ზრდის კვალდაკვალ, ამას ყურადღება მიაქციეს და 2002 წელს შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, ისიც განზოგადებულად არის ფორმულირებული. როგორც ჩანს, დღეს აშშ-ის ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლასთან დაკავშირებით ეს უკვე საკმარისი არ არის. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ცნობილია აშშ-ის მოთხოვნა თავისი მოკავშირეების მიმართ, რომ გადასცეს ვაშინგტონს რუსეთის თავზე სადაზვერვო ფრენების შედეგები. ამ ახალი ვითარების გათვალისწინებით მოვითხოვეთ კიდეც ხელშეკრულების წევრი ქვეყნებისგან მკაფიო იურიდიული გარანტიები ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების შესახებ.

სიმართლე გითხრათ, პირველი რეაქცია გაუგებარი იყო — დასავლეთის ქვეყნები თითქოს არც თეზისის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მაგრამ იმავდროულად ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ არსებული იურიდიული ნორმები სრულიად საკმარისია.

ასეთივე გაუგებარი იყო ჩვენს მეორე მოთხოვნაზე პასუხიც. ჩვენ ვითხოვდით, მოეცათ იმის გარანტია, რომ ჩვენ შევძლებდით შეგვესრულებინა ფრენები ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების მთელ ტერიტორიაზე, იქ განთავსებული სხვა ქვეყნების ობიექტების ჩათვლით, რომლებიც არ არიან ღია ცის ხელშეკრულების წევრები. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აშშ-ს ძალიან არ უნდა, რომ ეს მოხდეს და ცდილობენ დაიყოლიონ მოკავშირეები, რომ წინააღმდეგობა გაგვიწიონ.

ამიტომაც გავაფრთხილეთ ხელშეკრულების პარტნიორი ქვეყნები, რომ ჩვენთვის ნახევარტონი მიუღებელია. თუ ხელშეკრულების წევრი ქვეყნები აშშ-ს აჰყვებიან, მაშინ ჩვენი მკაცრი საპასუხო ზომები არ დააყოვნებს. ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ თანამშრომლობა ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წევრი ქვეყნები უახლოეს დროში პირდაპირ და მყარ იურიდიულ გარანტიებს მოგვცემენ იმისა შესახებ, რომ მზად არიან დაიცვან მოთხოვნები.

ჯერჯერობით ასეთი გარანტიები არ მიგვიღია, ასე რომ, ღია ცის ხელშეკრულების ბედი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

— ამ წელს ვადა ამოეწურა გაეროს უშიშროების საბჭოს იარაღის შესახებ ემბარგოს ირანის მიმართ. ამუშავებენ თუ არა მოსკოვი და თეირანი კონკრეტულ გეგმებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაზრდის შესახებ?

— ამ დროისათვის გაეროს უშიშროების საბჭოს ხაზით ირანთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე არანაირი შეზღუდვები არ არსებობს. ჩვენს სახელმწიფოებს სრული უფლება აქვთ ითანამშრომლონ ამ მიმართულებით. რუსეთის პოლიტიკა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

ვიმეორებ: ირანთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის წარმოებისას რუსეთი მკაცრად იცავს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების პრიორიტეტებით ხელმძღვანელობს.

მთავარი თემები