თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. რუსეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა ევროკავშირს ალექსეი ნავალნის ინციდენტთან დაკავშირებით, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, შეზღუდვები გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერთა აპარატების ხელმძღვანელ თანამშრომლებს შეეხება.
„ვინაიდან ევროკავშირის სანქციები კავშირშია ნავალნისთან და პირდაპირ ეხება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ თანამშრომლებს, ჩვენი საპასუხო სანქციები იქნება სარკისებური. ისინი უკვე მიღებულია და ამის შესახებ მალე ვაცნობებთ ჩვენს გერმანელ და ფრანგ კოლეგებს“, — აღნიშნა სერგეი ლავროვმა ონლაინ-პრესკონფერენციაზე.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანიამ საკუთარ თავზე აიღო ევროპაში რუსეთთან დაპირისპირებაში ლიდერის როლი, რითიც მოსკოვი შეშფოთებულია.
„ჩვენ ეს გვაშფოთებს, მათ შორის იმ გლობალური როლიდან გამომდინარეც, რომელსაც გერმანია ასრულებს ევროპაში“, — განაცხადა რუსმა მინისტრმა.
ალექსეი ნავალნის ინციდენტი
ალექსეი ნავალნი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გადაიყვანეს ომსკის ჰოსპიტალში მას შემდეგ, რაც ის შეუძლოდ გახდა თვითმფრინავში. გამოკვლევის შემდეგ ომსკელმა ექიმებმა პაციენტის ცუდად გახდომის ძირითად მიზეზად ნივთიერებათა ცვლის დარღვევა დაასახელეს, რამაც სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია. ომსკელ მედიკოსებს ნავალნის სისხლსა და შარდში საწამლავის ნიშნები არ აღმოუჩენიათ.
მოგვიანებით ბლოგერი გერმანიაში გადააფრინეს. გერმანიის მთავრობამ სამხედრო ექიმებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის სუბსტანციით იყო მოწამლული. კრემლში ამასთან დაკავშირებით ითქვა, რომ ბერლინს არ უცნობებია მოსკოვისთვის თავისი დასკვნები, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთი გერმანიისგან პასუხს ელოდება ამ საქმესთან დაკავშირებულ ოფიციალურ მოთხოვნაზე. თუმცა პასუხი არ ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ალექსეი ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ის რეაბილიტაციის კურსს გადის გერმანიაში.
ამასთან რუსეთი აცხადებს, რომ გერმანიის დაზვერვას (BND) 1990-იანი წლებიდან აქვს წვდომა „ნოვიჩოკზე“, ხოლო კიდევ ოცი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი და ჩეხეთი სწავლობდნენ მას. რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვის განმარტებით, პრეზიდენტის 1992 წლის ბრძანებულების შესაბამისად, ქვეყანამ შეწყვიტა ქიმიური იარაღის სფეროში სამუშაოების წარმოება, ხოლო 2017 წელს სრულად გაანადგურა ამგვარი ნივთიერებების არსებული მარაგი.
ანტირუსული სანქციები
ოქტომბრის დასაწყისში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ნავალნის ორგანიზმში აღმოჩენილი ნივთიერებები არ არის შესული აკრძალული პრეპარატების ნუსხაში, თუმცა ისინი მახასიათებლებით „ნოვიჩოკის“ ანალოგიურია. მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა მაინც დააწესა ანტირუსული სანქციები.
სანქციების სიაში შევიდნენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი ანდრეი იარინი, ციმბირში მუდმივი წარმომადგენელი სერგეი მენიაილო, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები პაველ პოპოვი და ალექსეი კრივორუჩკო.
გარდა ამისა, სანქცია დაუწესდა ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსაც, რომელიც, დასავლური მედიის ინფორმაციით, „ნოვიჩოკის“ შექმნაში მონაწილეობდა.