თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიისა და საფრანგეთის მიერ ინიცირებული სანქციები ალექსეი ნავალნის ინციდენტის გამო წარმოაჩენს ევროკავშირის უუნარობას, ადეკვატურად შეაფასოს მომხდარი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
15 ოქტომბერს ბრიუსელმა შეზღუდვები დაუწესა რუსეთის ხუთ მოქალაქეს და ასევე სამეცნიერო ინსტიტუტს, რაზეც მოსკოვმა სარკისებურად რეაგირების პირობა დადო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო РИА Новости წერს, სერგეი ლავროვმა საზოგადოებას შეახსენა ბერლინის „ქედმაღლური უარი“, პასუხი გაეცა რუსეთის გენერალური პროკურორის მრავალრიცხოვან განაცხადებზე ნავალნის საქმესთან დაკავშირებით. დიპლომატის აზრით, ამით ბერლინმა დაარღვია ევროპული კონვენცია, რომელიც გერმანიას სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივ ურთიერთდახმარებას ავალდებულებს.
„ამ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტის პატივისცემის ნაცვლად გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა ევროკავშირის არალეგიტიმური სანქციების მორიგი ულუფის ინიციატივა წამოაყენეს რუსეთის მოქალაქეების მიმართ. ყველაფერი ეს მეტად სამწუხაროა და წარმოაჩენს <...> [ბრიუსელის] სწრაფვას, კანონის გარეთ დააყენოს თავი“, — განაცხადა ლავროვმა ხორვატიულ გაზეთ „საღამოს ფურცელთან“ ინტერვიუში.
მინისტრის თქმით, დასავლელი კოლეგების ანტირუსულ გამოხდომებს, რომლებსაც დაავიწყდათ, რა არის დიპლომატია და ბანალურ თავხედობამდე დაეშვნენ, მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა გააორმაგეს რუსეთის განვითარების შემაკავებელი ძალისხმევა, თუმცა არანაირი მტკიცებულება მოსკოვის დანაშაულისა არ წარმოუდგენიათ.
ლავროვს იმედი აქვს, რომ ევროპელ პარტნიორებს ჯანსაღი აზრი და შორსმჭვრეტელობა ეყოფათ დიალოგის აღსადგენად.
ალექსეი ნავალნის ინციდენტი
ალექსეი ნავალნი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გადაიყვანეს ომსკის ჰოსპიტალში მას შემდეგ, რაც ის შეუძლოდ გახდა თვითმფრინავში. გამოკვლევის შემდეგ ომსკელმა ექიმებმა პაციენტის ცუდად გახდომის ძირითად მიზეზად ნივთიერებათა ცვლის დარღვევა დაასახელს, რამაც სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია. ომსკელ მედიკოსებს ნავალნის სისხლსა და შარდში საწამლავის ნიშნები არ აღმოუჩენიათ.
მოგვიანებით ბლოგერი გერმანიაში გადააფრინეს. გერმანიის მთავრობამ სამხედრო ექიმებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის სუბსტანციითაა მოწამლული. კრემლში ამასთან დაკავშირებით ითქვა, რომ ბერლინს არ უცნობებია მოსკოვისთვის თავისი დასკვნები, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთი გერმანიისგან პასუხს ელოდება ამ საქმესთან დაკავშირებულ ოფიციალურ მოთხოვნაზე. თუმცა პასუხი არ ყოფილა.
ალექსანდრ საბაევი: ნავალნის „მოწამვლის“ დიაგნოზი არ დაუდასტურდა>>
ამასთან რუსეთი აცხადებს, რომ გერმანიის დაზვერვას (BND) 1990-იანი წლებიდან აქვს წვდომა „ნოვიჩოკზე“, ხოლო კიდევ ოცი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი და ჩეხეთი სწავლობდნენ მას. რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვის განმარტებით, პრეზიდენტის 1992 წლის ბრძანებულების შესაბამისად, ქვეყანამ შეწყვიტა ქიმიური იარაღის სფეროში სამუშაოების წარმოება, ხოლო 2017 წელს სრულად გაანადგურა ამგვარი ნივთიერებების არსებული მარაგი.
ოქტომბრის დასაწყისში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ნავალნის ორგანიზმში აღმოჩენილი ნივთიერებები არ არის შესული აკრძალული პრეპარატების ნუსხაში, თუმცა ისინი მახასიათებლებით „ნოვიჩოკის“ ანალოგიურია. მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა მაინც დააწესა ანტირუსული სანქციები.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ალექსეი ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ის რეაბილიტაციის კურსს გადის.