14:54 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
40 0 0

ციმბირის ფედერალური ოლქისა და ომსკის ოლქის მთავარმა ტოქსიკოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ომსკის საქალაქო საავადმყოფოს №1 სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილების გამგემ ალექსანდრ საბაევმა ალექსანდრე ნავალნის მკურნალობაზე ისაუბრა.

РИА Новости-სთან ინტერვიუში საბაევი ამბობს, რომ მოწამვლა გამორიცხული იყო, დაისვა ნახშირწყლების ცვლის დარღვევის დიაგნოზი, რომლისგანაც პაციენტს წარმატებით მკურნალობდნენ და მისი მდგომარეობა რამდენიმე საათში გაუმჯობესდა, ასევე იმაზე, თუ როგორი იერი ექნებოდა შხამით მოწამვლის შემდეგ ადამიანს და რამდენი დრო დასჭირდებოდა მის მდგომარეობიდან გამოყვანას.

— ალექსანდრ ვლადიმიროვიჩ, სწორედ თქვენს კლინიკაში მოიყვანეს ალექსეი ნავალნი, რომელიც შემდეგ ბერლინში გადაიყვანეს. მარტივი კითხვა მაქვს: იყო თუ არა მოწამვლა?

— მოწამვლა არ ყოფილა. მოწამვლა იხილებოდა, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი. მაგრამ ექვსი საათის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში დიაგნოზი „მწვავე მოწამვლა“ მოიხსნა. მეტიც, ის არ დადასტურდა არც კლინიკურად, არც ანამნეზით, არც ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევებით.

— მაშინ რისი ბრალი იყო? უკვე მგონია, რომ ცნება „სამედიცინო საიდუმლო“ აზრს მოკლებულია, ვინაიდან პუტინს უკვე დასდეს ბრალი იმაში, რომ მან ნავალნი მოწამლა. უკვე გამოაცხადეს, რომ ნავალნი მოწამლეს, რაღაც უპოვეს. ეს ყველაფერი მთელ მსოფლიოს მოედო, უზარმაზარი პოლიტიკური საქმეა. რა მოხდა? რა ჩაწერეთ ავადმყოფობის ისტორიაში?

— მართალია, დიაგნოზი ისევე ჟღერს, როგორც მთელი ამ თვეების განმავლობაში ჟღერდა: ნახშირწყლების ცვლის დარღვევა. დასამალი არაფერია. ეს მართლაც მძიმე მეტაბოლური მდგომარეობაა. ეს არ არის ქიმიური დაავადება, როგორც ეს პაციენტის ზოგიერთ მხარდამჭერს წარმოუდგენია. ესაა მეტაბოლური მდგომარეობა, მძიმე მეტაბოლური აშლილობა, რომელიც წარმოიქმნა ალბათ რამდენიმე საათით ან სულაც ერთ დღით ადრე მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებამდე ჰაერში, როდესაც პაციენტი თვითმფრინავში იმყოფებოდა.

მწვავე ქიმიური ავადმყოფობა და მეტაბოლური დაავადებები – სხვადასხვა პათოლოგიური პროცესებია, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ. ამიტომ კლინიკურად ქიმიური დაავადება არ ყოფილა, ისევე, როგორც არ იქნება ქიმიური აგენტის შედეგები. მეტაბოლური ცვლილებები იყო. ჩვენ ასეთ სინდრომებს ვებრძოდით და დადებით დინამიკას უკვე 40-42 საათის შემდეგ მივაღწიეთ.

— და, მაინც, რა გახდა მძიმე მეტაბოლური დარღვევის მიზეზი?

— მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს. ესაა კვების ფაქტორიც და ალკოჰოლური სასმელების შესაძლო გამოყენების ფაქტორიც, დიეტის დარღვევა ან, პირიქით, რაღაც დიეტის დაცვა. ეს, როგორც წესი, ძირითადი მიზეზებია. მეტაბოლური დარღვევების არსებობა ლაბორატორიულმა ტესტებმა დაადასტურა. ყველა კვლევა დოკუმენტურადაა გაფორმებული, კოლეგიალურად განხილული. ჩატარდა რვა გაფართოებული კონსილიუმი კვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით. ამიტომ დიაგნოზი „მოწამვლა“ მოიხსნა, გამოირიცხა. შევჯერდით დიაგნოზზე: „ნახშირწყლების ცვლის დარღვევა“.

— და ეს ქრონიკული პანკრეატიტის ფონზე?

— რასაკვირველია. პანკრეასი რომ დაზიანებული იყო, ეს ტესტებიდანაც ჩანდა.

— შეიძლება ამან სიკვდილი გამოიწვიოს?

— რა თქმა უნდა, ძირითადი ვერსია იყო – ხსენებულ პაციენტთან პანკრეასის დისფუნქცია, რომელმაც სისხლში შაქრის მკვეთრი ცვალებადობა გამოიწვია, ძალიან დაბალიდან ძალიან მაღალ ნიშნულამდე. ასეთ დიაპაზონში გლიკემიური პროფილი – ძალიან სახიფათო მოვლენაა. ამოცანა იყო გლიკემიური პროფილის ნორმალურ ნიშნულზე დაფიქსირება. ამ ამოცანას პაციენტის მოყვანიდან 12-14 საათში მივაღწიეთ.

— შეიძლება ითქვას, რომ ალექსეი სიკვდილს გადაარჩინეთ?

— რასაკვირველია. ავადმყოფობის მსვლელობისას, შემიძლია ვთქვა, რომ პაციენტს კრიზისი 20-21 აგვისტოს ღამეს აღენიშნებოდა, როდესაც ლაქტატის დონე სისხლში კრიტიკულად საშიშ ნიშნულამდე – 12-მდე გაიზარდა. ნორმა არის ორი.

ანუ კრიზისი იყო არა თვითმფრინავში, არც კლინიკაში მოყვანისას, არამედ მოგვიანებით, პაციენტის მოყვანიდან დაახლოებით 14 საათის შემდეგ. შვიდი-რვა საათის განმავლობაში კრიზისული მდგომარეობა იყო. ამ დროს შეიძლებოდა განვითარებულიყო პოლიორგანული უკმარისობის სინდრომი, რომელიც პაციენტის სიკვდილს გამოიწვევდა.

— როგორ აიცილეთ ეს თავიდან?

— ინტენსიურ თერაპიას მივმართეთ, შეგვყავდა ხანმოკლე მოქმედების ინსულინი, ვატარებდით ადეკვატურ ნეიროვეგეტაციურ კორექციას, უზრუნველვყავით ნორმალური ძილი. უნდა აღინიშნოს, რასაკვირველია, რომ ახალგაზრდა კაცია, რეზერვი ჰქონდა, არ აღენიშნებოდა თვალსაჩინო ქრონიკული დაავადებები. მაგრამ მუშაობა ინტენსიური იყო – ყველა ფუნქციისა და სისტემის საათობრივი მონიტორინგი.

— რა შედეგს მიაღწიეთ, დინამიკას როგორ აფასებთ?

— კლინიკაში პაციენტის მოყვანიდან 44 საათის შემდეგ სისხლში შაქრის დონე დავასტაბილურეთ.

— მაგრამ ის მაინც კომაში იყო...

— დიახ, მაგრამ მსუბუქ კომაში. არსებობს ღრმა კომატოზური მდგომარეობა და შედარებით მსუბუქი კომა. 44 საათში კომატოზური მდგომარეობის დადებითი დინამიკის მიღწევა დიდი შრომის შედეგია. ეს სწორ თერაპიაზე მიუთითებს.  

ჩვენ არ მიგვიმართავს ქიმიური დაავადების მკურნალობის სტანდარტისთვის, სადაც სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიები გამოიყენება. ჩვენ ვმკურნალობდით მეტაბოლურ კომას, მეტაბოლურ ცვლილებებს, მძიმეს, უხეშს და ფატალურს – თუ მათ თავიდან არ ავიცილებდით. ამიტომ მივიღეთ არცთუ ცუდი შედეგი – ლაბორატორიულადაც და კლინიკურადაც.

სხვათა შორის, დავამატებ კომატოზურ მდგომარეობასაც. მოყვანისას პაციენტის კომა ხუთ ბალად ფასდებოდა, აეროპორტში წაყვანისას კი ის უკვე ცხრა ბალი იყო, ანუ კომის სიღრმე შემცირდა. პრინციპში, ცხრა ბალის დროს პაციენტს უკვე შეუძლია თვალის გახელაც.

— ხუთი ბალი რას ნიშნავს? როგორ გამოიყურება პაციენტი და როგორ გრძნობს თავს?

— ხუთი ბალი – არის კომატოზური მდგომარეობა, როდესაც გონება გათიშულია, ადამიანი არ რეაგირებს არც გარეშე გამღიზიანებლებზე, არც ხმაზე, არც შეხებაზე, გადაადგილებაზე, სუნთქვა ჯერ არ არის შეწყვეტილი, მაგრამ უკვე ჩნდება სუნთქვის უკმარისობის ნიშნები. ასეთი კომა საჭიროებს გადაუდებელ რეანიმაციულ ჩარევას, ანუ პაციენტის გადაყვანას ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე და ინტენსიური თერაპიის დაწყებას.

ჩვენ ეჭვი გვქონდა მოწამვლაზე, გავაკეთეთ ანალიზების მთელი სპექტრი, ვაკვირდებოდით თირკმელების, ღვიძლის, ფილტვების, იმ ორგანოების რეაქციას, რომლებიც პირველები რეაგირებენ ტოქსინებზე. მთელი დროის განმავლობაში ამ ორგანოების არც ერთი მარკერი არ შეცვლილა. ჯერ ერთი, ორგანოები მუშაობდა, მეორეც, ისინი არ დაზიანებულა, რაც არადამახასიათებელია ქიმიური ავადმყოფობისთვის.

— ანუ ქიმიური დაავადება – ესაა ქიმიური ტრავმა, ამას გულისხმობთ?

— დიახ, ასეა. ეს იდენტური ტერმინებია. უბრალოდ ქიმიური ავადმყოფობა – ეს უფრო ნოზოლოგიური მიდგომაა. ტრავმა – არის გარეშე უხეში ზემოქმედება ორგანოებზე, რომელსაც გარდაუვალად მოსდევს ცოცხალი ორგანიზმის სიკვდილი.

— რა დროის განმავლობაში შეიძლება მოწამვლაზე საუბარი?

— ტექმინის „მოწამვლა“ და „მოწამვლის“ დიაგნოზის აქტუალობა მომხდარიდან პირველ ექვს საათში მოქმედებს. პირველი ექვსი საათის განმავლობაში ტერმინი „მოწამვლა“ აქტუალურია. მოწამვლა რომ დადასტურებულიყო, ჩვენ უნდა ჩაგვეტარებინა დეტოქსიკაცია ულტრაჰემოდიაფილტრაციის ფორმატში. ესაა რეანიმაციული ჩარევა, რომელსაც ტოქსინები გამოჰყავს ექსტრაკორპორალურად (სისხლის გაწმენდა სპეციალური მემბრანებით).

— ანუ სისხლი გამოგვყავს სხეულიდან, ვწმენდთ აპარატის მეშვეობით და ვაბრუნებთ ორგანიზმში?

— დიახ, სპეციალური ბუფერული ხსნარების გამოყენებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შენარჩუნებით. ამას ექსტრაკორპორალური დეტოქსიკაცია ეწოდება.

— ეს პროცედურა არ ჩაგიტარებიათ?

— არა, არ იყო ამის ჩვენება. დაზიანებული იყო მხოლოდ პანკრეასი. ყველა სხვა ორგანო ნორმის ფარგლებში ფუნქციონირებდა. ქიმიური დაავადების შემთხვევაში პანკრეასი, როგორც წესი, არ ზიანდება ან ზიანდება, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ.

— ეს ქიმიური ტრავმის შემთხვევაში?

— ქიმიური ტრავმის შემთხვევაში ზიანდება ხუთი სისტემა – თირკმელები, ღვიძლი, ფილტვები, გული და თავის ტვინი. ჩავეჭიდეთ მხოლოდ ერთ სიმპტომურ კომპლექსს – გონების დაკარგვას. მაგრამ გონების დაკარგვა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადებით, დაწყებული ინფექციური დაავადებებით, დამთავრებული ბანალური ტრავმებით, ინსულტით, ტრავმითა და სხვ.

— და, მაინც, ზოგი იმასაც ამბობს, რომ შეიძლება არა ერთბაშად, არამედ შემდეგ დაუმატეს რაღაც, დოზირებულად, სპეციალურად, რომ შესამჩნევი არ ყოფილიყო...

— ჩვენს კლინიკამდე თუ შემდეგ?

— თქვენს კლინიკაში ეს არ მომხდარა, ხომ მართალია?

— გამორიცხულია! იმ უბრალო მიზეზით, რომ მუშაობდა ბრიგადა, ძირითადი ბრიგადა, ისინი ჩვენი სპეციალისტები არიან. იყო სამი სპეციალისტი მოსკოვის ინსტიტუტებიდან. პაციენტი ცალკე პალატაში იწვა. ბოქსირებული ვარიანტი იყო. საავადმყოფოს თანამშრომლებიდანაც მხოლოდ ისინი მუშაობდნენ, რომლებიც ამ განყოფილების თანამდებობის პირები არიან. უცხო არავინ მოსულა, არაფერი მოუტანია, პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. ტოქსიკოლოგიური ცენტრის განყოფილების სამუშაო რეჟიმი დახურულ რეჟიმს გულისხმობს, პაციენტი ქიმიურად უსაფრთხო ობიექტში იყო მოთავსებული. ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი, რადგან პირადად ვხელმძღვანელობდი ამ პროცესს.

— როგორ იქცევა შხამი ადამიანის ორგანიზმში, რა კლინიკურ სურათს ქმნის, რით ჰგავს და რით განსხვავდება ის იმ მდგომარეობისგან, რომელიც პაციენტს აღენიშნებოდა?

— როდესაც ქიმიურ დაავადებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ორი თანმდევი პროცესის შესახებ. ესაა ტოქსიკოკინეტიკა – შხამის ქცევა ორგანიზმში, რომელიც აუცილებლად ტოვებს კვალს, და ტოქსიკოდინამიკა. პირველ რიგში კვალს ტოვებს ღვიძლზე, თირკმელებზე, ფილტვებზე პირველ ერთ-ორ საათში.

— ეს კვალი არ აღმოგიჩენიათ?

— არა, ეს ორგანოები დაზიანებული არ ყოფილა.

მეორე მომენტი ტოქსიკოლოგიისთვის, რომელსაც მნიშვნელობა აქვს, არის ორგანიზმის ქცევა შხამის ზემოქმედებაზე, ანუ როგორ გადაიტანს ან ვერ გადაიტანს ორგანიზმი შხამის ზემოქმედებას და ადგილზე მოკვდება. თუ ორგანიზმი გადაიტანს შხამის ზემოქმედებას (განსაკუთრებით, მძიმე, სასიკვდილო შხამების, რაზეც იყო კიდეც ეჭვი) და ჩაუტარდება დეტოქსიკაციის თერაპია, ორგანიზმში ძალების აღდგენა, როგორც წესი, მიმდინარეობს.

— რას უშვება შხამი ადამიანის ორგანიზმს?

— შხამი ბლოკავს ძირითად ფერმენტულ სისტემებს, შხამის ამოცანაა – ბიოლოგიური ობიექტის გამოყვანა ყველა მეტაბოლური პროცესის ბუნებრივი წონასწორობიდან, რათა ეს პროცესები ისე დაირღვეს, რომ ორგანიზმი დაიღუპოს არა იმდენად შხამის ზემოქმედების შედეგად, რამდენადაც დეტოქსიკაციის სისტემის არარსებობისა და საკუთარი შინაგანი ბალანსის დარღვევის შედეგად. ეს არის შხამის ამოცანა. თუ ეს არ მოხდა, ნივთიერება შხამიანი ვერ იქნება.

ჩვენს შემთხვევაში მიზანშეწონილი იქნებოდა პაციენტის მდგომარეობის განხილვა კოლეგებთან და ჩვენ ამას ველოდებოდით გერმანელი სპეციალისტებისგან, თუმცა ინფორმაცია ანალიზების დინამიკის შესახებ არ მოსულა. ჩვენ დასკვნა მზად გვქონდა 22 რიცხვისთვის.

— თქვენთან რომ გაგრძელებულიყო მკურნალობა, როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს დარჩებოდა ალექსეი კომაში?

— მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: კოლეგებთან ერთად მივედით დასკვნამდე, რომ ფორსმაჟორების გარეშე დადებით ეფექტს მეხუთე-მეექვსე-მეშვიდე დღეს მივაღწევდით. როგორც წესი, ჯერ იღვიძებს გონება, შემდეგ სასუნთქი სისტემა, ნახშირწყლების შტორმის კუპირების და ნორმალური კვების აღდგენის გზით. კვება ომსკიდან გაფრენამდე 14 საათით ადრე დავიწყეთ. საინტერესო იქნებოდა შეგვეფასებინა, როგორ აითვისა ორგანიზმმა ეს საკვები, მაგრამ ვინაიდან დაზარალებულის ოჯახმა პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოისურვა, ჩვენ პროცესებს ვეღარ დავაკვირდით.

— ესე იგი, თქვენ ელოდით, რომ ალექსეი გონს მოვიდოდა სამი დღის შემდეგ. გერმანიაში კი ის კომაში რჩებოდა ორ კვირაზე მეტხანს. რით შეიძლება ამის ახსნა?

— ვერ გეტყვით, ორი კვირა იყო კომა თუ ერთი კვირა.

— ასე აცხადებდნენ – 15 დღე გრძელდებოდა.

— რთული სათქმელია.

— შემდეგ გონებაზე მოვიდა და თქვა: „მინდა რუსეთში“.

— შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ ასეთი პაციენტების გონზე მოსვლის გამოცდილებაზე დაყრდნობით. დიაგნოზის თვალსაზრისით ის უნიკალური არ არის. ასეთი შემთხვევები გვქონია და ხშირადაც. გამოცდილებით, ამ ასაკის მამაკაცი, ასეთი კონსტიტუციის, ქრონიკული დაავადებების გარეშე – მეხუთე-მეექვსე დღეს უნდა გამოვიდეს კომიდან.

— ერთი წუთით: მითხრეს, რომ მას ქრონიკული პანკრეატიტი აქვს.

— ქრონიკული პანკრეატიტი არ არის ისეთი ხარისხის ფატალური დაავადება, რომელიც სერიოზულ გართულებას გამოიწვევს, თუ მას გააკონტროლებ. აქ პირველ რიგში რაღაც მაპროვოცირებელი ფაქტორებია, როგორი – ჩვენთვის არ უთქვამთ. პაციენტისთვის ეს ცნობილია, რის გამო შეიძლებოდა მომხდარიყო. თუ ჰკითხავთ, გიპასუხებთ.

— მაშინ პარალელებს გავავლებ. მას ხომ ჰკითხეს და უპასუხა: „მე პუტინმა მომწამლა“.

— არა, მოწამვლა არ არსებობს. ქიმიური დაავადება არ ყოფილა. ეს ერთმნიშვნელოვანი პასუხია. თუ ასეთი დიაგნოზი დაისმება, მაშინ, პირველ რიგში, ის უნდა დასვას ტოქსიკოლოგმა, მეორე, კოლეგიალურად – ეს ერთმნიშვნელოვანია, და მესამე, აუცილებლად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მომენტიდან, ანუ გონების დაკარგვიდან საავადმყოფოდან გაწერის მომენტამდე არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით. მხოლოდ ამ დოკუმენტების გაანალიზების შემდეგ იღებს კონსილიუმი კოლეგიალურ გადაწყვეტილებას. მაგრამ, ხაზს ვუსვამ, ჩვენს კონსილიუმებზე, რომლებიც ჩატარდა, მოწამვლის თემა პირველივე დღეს დაიხურა. ყველაფერი, რაც შემდეგ ჩვენი კლინიკის მიღმა ხდებოდა, ჩვენთვის უცნობია. მოწამვლის არანაირი მონაცემები არ გვქონია.

— რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ნავალნიმ, როდესაც საზოგადოებაში გამოჩნდა?

— გარეგნობა სავსებით შეესატყვისება მის დაავადებას, დიაგნოზს, რომელიც დავუსვით. ასეთი დიაგნოზის პაციენტები მალევე გამოდიან მდგომარეობიდან – ნორმას უბრუნდება ნახშირწყლების ცვლის დონე, კვება და ა.შ. რაც შეეხება ქიმიურ დაავადებას, ისინი ძალიან მძიმე გარეგნულ ნიშნებს ტოვებენ.

— როგორი იერი ექნებოდა, ქიმიური დაავადება რომ გადაეტანა, პირობითად, დიქლოფოსით მოწამვლის შემდეგ?

— იმით დავიწყოთ, რომ ეთერში ჯერ ვერ გამოჩნდებოდა, ვერ ისაუბრებდა და ასეთ აქტიურ ცხოვრებას ვერ დაუბრუნდებოდა. ჯერ ისევ საავადმყოფოში იქნებოდა. ეს ერთმნიშვნელოვნად. მეორე მომენტია: საუკეთესო კლინიკის, პროგნოზის, მედიკამენტებისა და მოწყობილობის შემთხვევაშიც კი ეს იქნებოდა ტოქსიკური ენცეფალოპათიის ადრეული სარეაბილიტაციო პერიოდი, ხელების, ფეხების ამოძრავების დასაწყისი და სხვ. დიქლოფოსით მოწამვლის შემთხვევაშიც პაციენტები ამგვარ მდგომარეობაში 60-70 დღის განმავლობაში რჩებიან. ეს მხოლოდ რეანიმაციული პერიოდია. რეაბილიტაცია კი უფრო გვიან იწყება. ჩვენ ნერვულ-პარალიტიკურ შხამებზე ვსაუბრობთ.

— ჩვენ არ ვსაუბრობთ, ჩვენ გვეუბნებიან.

— ჩვენ გვეუბნებიან, თუ ჩვენზე ეჭვობენ, რომ ნერვულ-პარალიტიკური შხამი ვერ ამოვიცანით. სახელწოდებიდანაც ჩანს, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ შხამმა – ნერვულ-პარალიტიკური შედეგი, ანუ ორგანიზმის სრული გაშეშება. ეფექტი კარგი იქნებოდა, ამ შემთხვევაში – თუ ნახევარ წელიწადში ინვალიდის სავარძელში ჩაჯდებოდა. სულ მცირე, ესაა ელემენტარული მოძრაობა, ხელში კოვზის აღება, ხელის მოძრაობა, სავარძლის გამოყენება.

Charite ამბობს, რომ ამ მოწამვლამ შეიძლება კვალი არ დატოვოს და ორგანიზმი სრულად აღდგეს.

— ესე იგი, მოწამვლა არ არის, ამიტომ ყველაფერი აღდგება. უკვე აღდგა კიდეც. დოკუმენტური კადრების ყურებისას ჩანს, რომ არავითარი მოწამვლა არ არის. ეს მეტაბოლური დარღვევებია, რომლებიც იყო კრიტიკული, მაგრამ მოხერხდა მათი კუპირება. იმედი მაქვს, ჩვენმა კოლეგებმა თერაპია იმავე მიმართულებით გააგრძელეს. ჩვენგან ანალიზების შედეგები არ გამოუთხოვიათ.

— ახლა კი გვესმის, რომ რაღაც იპოვეს, რაღაც კვალი. ჩვენი დამოკიდებულება როგორია, რა შეიძლება იყოს ეს?

— რაიმე ქიმიური ნივთიერების ან პროდუქტის დაშლის კვალის აღმოჩენა არაფერზე არ მეტყველებს. კლინიკურ ტოქსიკოლოგიაში ყველაფერი სამ საყრდენზე დგას, როდესაც მოწამვლაზე ვსაუბრობთ. ესაა ტოქსიკოლოგიური სიტუაცია ანუ ეპიზოდი, ორგანიზმში შხამის შეღწევა; მეორეა კლინიკური სურათი; მესამე - ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ვერიფიკაცია აქ და ახლა, ადგილზე, მაშინ როცა კლინიკური სურათი არსებობს. ამჟამად მიმდინარე კვლევები, როგორც ტოქსიკოლოგს, მე არ მაინტერესებს. პაციენტი ტოქსიკოლოგიურად „აქტუალურია“ პირველი ექვსი საათის განმავლობაში, შემდეგ უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა.

— შემდეგ ან სიკვდილი ან...

— ან ინვალიდობა, თუ ადამიანი მოიწამლა და გადაიტანა. მაგრამ, ხაზს ვუსვამ, დეტოქსიკაციის გარეშე მოწამვლის გადატანა შეუძლებელია. სხვაგვარად ჩვენი სპეციალობა არ იქნებოდა „კლინიკური ტოქსიკოლოგია“. სპეციალობის არსი ისაა, რომ სწრაფად დადგინდეს მოწამვლა, დაინიშნოს დეტოქსიკაციის მეთოდი და მაქსიმალურად სწრაფად ჩაუტარდეს ის პაციენტს. ამიტომ ვართ სასწრაფო სამედიცინო დახმარების საავადმყოფოებში. რუსეთში ტოქსიკოლოგიური ცენტრები, როგორც წესი, ასეა მოწყობილი.

— შეიძლება ითქვას, რომ თქვენ მოგიწიათ სხვისი საქმე გეკეთებინათ, ვინაიდან მოწამვლა არ ყოფილა?

— დიახ მოგვიწია, მაგრამ სხვა სტაციონარში გადაყვანის დრო არ იყო და არც იყო საჭირო, საჭირო იყო სიმშვიდის უზრუნველყოფა.

— ალექსანდრ ვლადიმიროვიჩ, ადრე აღნიშნეთ, რომ ნავალნი გადაარჩინეთ. შეგიძლიათ თქვათ, რომ უმადურობას გადააწყდით?

— ამ სიტუაციაზე საუბარი გამიჭირდება. როგორც არ უნდა ვფიქრობდეთ, ექიმები ვართ. ყველანაირ სიტუაციას შევხვედრივართ: მადლიერებასაც, უმადურობასაც, წყენასაც, იმედგაცრუებასაც... მართალია, რიტორიკა, რომელიც მასმედიაში ისმის, ცოტა არ იყოს აღმაშფოთებელია, როდესაც ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში ცდილობს დამკვიდრებას, იყენებს შეურაცხმყოფელ, მარგინალურ რეპლიკებს არა მხოლოდ პოლიტიკური მოღვაწეების, ჩვეულებრივი ადამიანებისა და მედიცინის მუშაკების მიმართ. ეს არასასიამოვნოა. მადლიერება კი ყველა ადამიანის პირადი საქმეა.

— ალექსანდრ ვლადიმიროვიჩ, მადლობას გიხდით. როდესაც ნავალნი დაბრუნდება, თუ საერთოდ დაბრუნდება რუსეთში, მაშინ რა იქნება? ალბათ შესაძლებელია რაიმე საერთაშორისო კონსილიუმის გამართვა მის მდგომარეობაზე ან რაიმე კვლევის ჩატარება?

— ყველაფერი, რაც ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, რეაბილიტაცია, ნორმალურ ცხოვრების წესთან დაბრუნება, ყოველთვის აქტუალურია. სადავო საკითხების გადასაწყვეტად კი, როგორც ჩემი კოლეგები და მეცნიერები ამბობენ, საჭიროა გაფართოებული კონსილიუმი, თუ შემთხვევა მართლაც წარმოადგენს ინტერესს მწვავე ქიმიური დაავადებებით, მეტაბოლური ცვლილებებით დიფერენცირებული დიაგნოსტიკის თვალსაზრისით. ამიტომ ყოველთვის აქტუალურია. ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა – ყოველთვის აქტუალურია.

მთავარი თემები