საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი: ახალი ჰესები - ენერგოუსაფრთხოების გარანტი

© Sputnik / Alexander Imedashviliენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი
ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ათი დღის წინ ენერგეტიკის ახალი მინისტრი ილია ელოშვილი დაინიშნა და თავისი პირველი ვრცელი ინტერვიუ РИА Новости-ს მისცა.

ენერგეტიკის მინისტრმა РИА Новости-ს კორესპონდენტთან საუბარში „გაზპრომთან" განახლებული კონტრაქტი შეაფასა, საარბიტრაჟო სასამართლოში "ინტერ რაოსთან" მიმდინარე დავასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია განმარტა და ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი მასშტაბური პროექტების შესახებ ისაუბრა.

- „გაზპრომთან" მანამდე არსებული კონტრაქტის თანახმად, სომხეთში მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის 10%-ს საქართველო ტრანზიტის საფასურის სახით იღებდა. ხელშეკრულების ვადა 1 იანვარს ამოიწურა. რუსული მხარის წინადადება ფულად გადასახადზე გადასვლასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს არ აწყობდა. მიუხედავად ამისა, კონტრაქტი გაფორმდა და მასში დაფიქსირებულია გადახდის ფულადი ფორმა. თუ შეგიძლიათ განმარტოთ წარმოქმნილი კითხვები დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელსაც მხარეები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ათანხმებდნენ.

— ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ხელშეკრულების პირობები არ გაუარესებულა. ჩვენი ოპონენტები ირწმუნებიან, რომ ძველი კონტრაქტი ძალიან კარგ პირობებს შეიცავდა, შემდეგ კი თითქოს უარეს პირობებზე დავთანხმდით. ყოველთვის რატომღაც ახალს ძველს ადარებენ. ვივარაუდოთ, რომ შარშანდელი ხელშეკრულება მართლაც მომგებიანი იყო. მაშინ კითხვას ვსვამ: რა უშლის მხარეებს გააგრძელოს ახალ კონტრაქტში ძველი პირობები, თუ კი ყველასათვის ის ისეთი დადებითი იყო. წლების განმავლობაში სომხეთს ტრანზიტით ვაწვდით რუსულ ბუნებრივ აირს და შესაბამისად „გაზპრომექსპორტთან" კონტრაქტით გაწერილი ურთიერთობები გაგვაჩნია. მათ შემოგვთავაზეს, და კატეგორიულად მოითხოვდნენ იმას, რომ საერთაშორისო პრაქტიკით მიღებულ წესებზე გადავსულიყავით. ქართულმა მხარემ გაითვალისწინა ყველა არსებული გარემოება და რისკები, რომელიც შეიძლება წარმოქმნილიყო ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შემთხვევაში და ამ სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული: ამჟამად ტრანზიტის ანგარიშსწორება მონეტარული ფორმით მიმდინარეობს. ხელშეკრულება ორ წელზე გაფორმდა და ამასთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო ნაკლებად ვართ დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე.

- რატომ გაგრძელდა დროში მოლაპარაკებები?

— ჩვენ შევისწავლეთ სხვა ქვეყნების სიტუაცია და არსებული პრაქტიკა, მიმდინარეობდა განხილვები. ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკებები. ყველას უნდა ესმოდეს, რომ არანაირი ემოციები და დაპირისპირება არ ყოფილა. ყველაფერი მარტივად არის: ერთი მხარე სთავაზობს პარტნიორობას და საკუთარ პირობებს, მეორე მხარე კი განიხილავს, შეწყვიტოს თუ გააგრძელოს თანამშრომლობა, არსებობს თუ არა ალტერნატივა, ამ მსჯელობის შედეგად მხარეები თანხმდებიან პირობებზე, რომლებიც ორივე მხარეს აწყობს. ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ახალი კონტრაქტის ყველაზე დადებითი მხარე არის ის, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია რუსეთის წინაშე რაიმე ვალდებულება მისგან საწვავის რაღაც რაოდენობა შევიძინოთ. თუ ჩვენ დაგვჭირდება „გაზპრომის" ბუნებრივი აირი და ეს შიდა დეფიციტით იქნება გამოწვეული, ჩვენ მას აუცილებლად შევიძენთ და მოსახლეობას შუქისა და ბუნებრივი აირის გარეშე არ დავტოვებთ. ძველი და ახალი კონტრაქტების შედარება — აბსოლუტურად პოპულისტური და არასწორი მიდგომაა.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: საქართველო 2017 წელს "გაზპრომისგან" ბუნებრივ აირს არ შეიძენს

- ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე არაერთხელ აცხადებდა, რომ 2017 წელს საქართველო რუსეთისგან ბუნებრივი აირის შეძენას არ აპირებს. რით არის ეს განპირობებული, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მიმდინარე წელს საქართველო საჭიროების შემთხვევაში დამატებით ბუნებრივ აირს აზერბაიჯანისგან შეიძენს?

— ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ რადგან ასეთი განცხადება გაკეთდა, ესე იგი ამ გაზის შეძენის საჭიროება არ დგას. სავარაუდოდ, კალაძის თვალსაზრისით, ეს ნიშნავდა, რომ რუსული ბუნებრივი აირის შეძენის აუცილებლობა არ გვექნება.

- მანამდე ენერგეტიკის სამინისტროში აგრეთვე აცხადებდნენ, რომ „შაჰ-დენიზის" პროექტის დასრულების შემდეგ გაჩნდება შესაძლებლობა „გაზპრომთან" 10%-ის შესახებ მოლაპარაკებისა, რომელსაც საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის იღებს.

— საუბარი არ არის 10%-ზე, ეს უკვე წარსულშია. „გაზპრომი" ამას არასდროს არ დაუბრუნდება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ კონტრაქტში საწვავით გადახდის 10%-იანი საფასური რომ ყოფილიყო დადგენილი, კრიტიკოსები იტყოდნენ, რატომ არა 30% ან 50%. ძველი კონტრაქტი აბსოლუტურად განსხვავებულ ვითარებაში და სიტუაციაში გაფორმდა. დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ ორი წლის შემდეგ საქართველოში გაჩნდება გაზსაცავი, სადაც ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები იქნება აკუმულირებული. უკეთესი პირობების მიღწევის მეტი შესაძლებლობა გვექნება.

გაზის კოშკურა - Sputnik საქართველო
„სოკარი“ საქართველოს გაზის მოცულობას გაუზრდის და ფასებს შეამცირებს

- რა ეტაპზეა მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა?

— ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მშენებლობა 2018 წელს დაიწყება და საცავი ექსპლუატაციაში 2020 წლის ბოლოს შევა.

- რაც შეეხება საარბიტრაჟო სასამართლოში დავას კომპანია „ინტერ რაოსთან", რომელიც საქართველოს სატარიფო პოლიტიკის შეუსრულებლობას აბრალებს. არის თუ არა გაწერილი თქვენსა და „ინტერ რაოს" შორის გაფორმებულ მემორანდუმში, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ავტომატურად ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილება უნდა გამოიწვიოს?

— რადგან ეს საარბიტრაჟო სასამართლოს დავის საგანია, დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ. ასეთი პუნქტი მართლაც არის, თუმცა არსებობს აგრეთვე სხვა პუნქტებიც, რომლებზეც ჩვენ ჩვენი მხრიდან მივუთითებთ და რომლებიც ჩვენ გარკვეულ უპირატესობას გვანიჭებს. ეს აბსოლუტურად უაზრო დავაა. ბოლო ოთხი-ხუთი წელია „ინტერ რაო" საქართველოში წარმატებულ საქმიანობას ეწეოდა, და მაშინ ტარიფები მემორანდუმით დადგენილი არ ყოფილა. ტარიფები რეგულირდებოდა, მაგრამ პირობები იმდენად მოხერხებული იყო, რომ მათ არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ. უცებ, ოთხი წლის შემდეგ, მათ პრეტენზია წამოგვიყენეს და მემორანდუმის გარკვეული პუნქტები გააქტიურეს.

„ინტერ რაოსსა" და „თელასთან" ყოველთვის კარგი პარტნიორობა გვაკავშირებდა და არასდროს არ გადაგვიდგამს ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ამ კომპანიებს ზიანს მოუტანდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი მოთხოვნების 90-95% არანაირი იურიდიული ან მორალური საფუძველი არ გააჩნია. არსებობს გარკვეული მომენტები, რომლებშიც შეიძლება ვაღიაროთ, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ იურიდიული უპირატესობა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები, „ინტერ რაო" ჩვენი პარტნიორია და მათ ჩვენი პოზიცია იციან. პრეტენზიების უმრავლესობა ჩვენთვის მიუღებელია, სადავო შეიძლება იყოს მიზერული ნაწილი. და აღარც კი ღირს იმად, იმდენად უმნიშვნელოა ეს ნაწილი.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე "ინტერ რაოსთან" მოლაპარაკებების დაწყებას არ გამორიცხავს

- ამ დავიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა უახლოეს დროს შეიცვალოს ელექტროენერგიის ტარიფი?

— ელეტროენერგიის ტარიფის შეცვლა — ეროვნული მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის ასტრონომიული ციფრები, რაზეც „ინტერ რაო" საუბრობს (100 მილიონ დოლარზე მეტი) — სრული აბსურდია. ჩვენ მხარეს არანაირად არ აქვთ მათი ვალი 125 მილიონი დოლარი. ტარიფებთან დაკავშირებით „ხრამსა" და „ინტერ რაოს" აქვთ ამის საფუძველი და მათ განაცხადის შეტანა კომისიაში შეუძლიათ. რამდენადაც მე ვიცი, განცხადება უკვე შეტანილია. ჩვენ ამის წინააღმდეგ არ გამოვდივართ. რაც იქნება, ის იქნება. „თელასის" ტარიფებთან დაკავშირებით იგივე პასუხი გვაქვს — მათ მიმდინარე წლის ტარიფების დადგენა თავიანთი შეხედულებისამებრ შეუძლიათ, მაგრამ ჩვენც ჩვენი იურიდიული საფუძვლები გვაქვს. თუმცა ეს სავსებით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შორის მტრული დაპირისპირებაა — უბრალოდ ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვაქვს.

- რა ეტაპზეა „ხუდონჰესის" პროექტი?

— ბოლო ოთხი წელი ჩვენს წინაშე დგებოდა გარკვეული წინააღმდეგობები, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური. ოთხი წლის შემდეგ აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა მივიღეთ. ჩვენ გაგვიჩნდა 700 მეგავატის სიმძლავრის ელექტროენერგიის ახალი წყაროები, დაახლოებით კიდევ 500 მეგავატის გენერაციები მშენებლობის პროცესშია, კიდევ 1000 მეგავატი უახლოეს დროს დაგვემატება. ანი სულ ჯამში 2500 მეგავატი დაგვემატა. აქედან გამომდინარე, "ხუდონჰესის" პროექტი განიხილება, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. ეს ობიექტი აუცილებლად უნდა აშენდეს. დარწმუნებული ვარ, რომ გენერაციის დამატებითი წყაროების მიუხედავად, აღნიშნული ჰესი იმსახურებს საკუთარ ადგილს. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი თვალსაზრისია და დამტკიცებას საჭიროებს.

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
ენგურჰესის ტურისტული ზონა მსოფლიო დონის პროექტი გახდება

- ენერგოუსაფრთხოება საქართველოს მთავარ პრიორიტეტად რჩება. რა ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, მომავალში რა ნაბიჯები იგეგმება?

— ენერგომატარებლების 70%-ზე მეტი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გამოიყენება, მეზობელი ქვეყნებიდან არის იმპორტირებული. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რასაც ენერგოუსაფრთხოების კუთხით დადებითს ვერ ვუწოდებ — ქვეყანა ამ დოზით არის დამოკიდებული სხვებზე. ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ფორმულა მარტივია: სახელმწიფო უნდა იყოს მაქსიმალურად მოქნილი ლოგისტიკის თვალსაზრისით და მეზობელ ქვეყნებთან და ინფრასტრუქტურულად იყოს დაკავშირებული იმ ქვეყნებთან, საიდანაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა არის. მეორე, ყველაზე მთავარი — ელექტროსადგურების განვითარება და ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფა, ანუ მოხმარებული ენერგიის ეკონომია.

ჩვენ ვართ განვითარებადი და განახლებადი ენერგეტიკის ქვეყანა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ენერგიის განახლებად წყაროებს, აქედან დღეს ტექნიკურად და ეკონომიკურად ყველაზე მისაღები სფეროა — ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ბოლო სამი წლის განმავლობაში 18 ჰესი აშენდა, ათობით ახალი სადგური მშენებლობის პროცესშია, ვავითარებთ გენერაციის ობიექტებს, მზადდება ახალი თბოსადგურები, ავაშენეთ პირველი ქარის სადგური, ვსწავლობთ მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობებს. ეს ყველაფერი ენერგოუსაფრთხოების გარანტია იქნება.

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
მდინარე ენგურზე ხუდონ ჰესის მშენებლობის პროექტი შეჩერებულია

- ინვესტიციების რომელი წყაროები იქნება გამოყენებული მომავალი პროექტებისთვის?

— სამწუხაროდ, ინვესტიციების მთლიანი მოცულობის სტატისტიკური კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ თუ განვიხილავთ პირდაპირი ინვესტიციების რაოდენობას, ხუთი წლის განმავლობაში მიზიდულია დაახლოებით 1,1 მილიარდი დოლარი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს პრივატიზაციის ხარჯზე არ მომხდარა. გარდა ამისა, საერთო ჯამში ლარის კურსმა საინვესტიციო პროცესზე უარყოფითად იმოქმედა და ამის გათვალისწინებით, ნადვილად ეფექტურ შედეგს მივაღწიეთ. თუ ვილაპარაკებთ ზოგადად ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ორმილიარდიანი პროექტი „შაჰ-დენიზი" და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა. ჯამში მთელ სექტორში ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 2,5 მილიარდ დოლარს აღწევს, შეიძლება მეტსაც.

- გაზაფხულზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტის შემდეგ, ამ ქვეყანამ საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებაზე მზადყოფნა გამოთქვა. როგორ ვითარდება ეს იდეა?

— კონკრეტულად ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, არსებობს გარკვეული ინფრასტრუქტურული საკითხები, რომლებიც დაზუსტებას მოითხოვს. ირანი ჩვენთან პირდაპირ მილსადენით არ არის დაკავშირებული, შესაბამისად, მოწოდება ტრანზიტით უნდა განხორცილდეს. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ სიტუაციას არა მარტო ირანის, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნების გარშემო და თუ ყველასათვის რაიმე მომგებიანი შესაძლებლობები გაჩნდება, მათ აუცილებლად გამოვიყენებთ.

ანთებული გაზქურა - Sputnik საქართველო
საქართველოში ბუნებრივ აირზე მომატებული ტარიფი ამოქმედდა

- სემეკმა ახლახან ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფი დაადგინა. დედაქალაქში ის მინიმალურად გაიზარდა, რეგიონებში — უფრო მეტად. ასევე ცნობილია, რომ სამინისტრო დერეგულაციის სეგმენტს აუქმებს. როგორია ამ ზომების დადებითი ეფექტი და რით არის განპირობებული დედაქალაქისა და რეგიონის აბონენტთათვის ტარიფების სხვაობა?

— ბუნებრივ აირზე ტარიფი 2007 წლიდან არ შეცვლილა. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან შეუძლებელია, რომ მიმდინარე მდგომარეობა იყოს ისეთივე, როგორც ის 10 წლის წინ იყო. აბონენტთა გაორმაგებული რიცხვი, როგორც მთავრობის, ისე კერძო კომპანიების მიერ საშუალო წნევის უამრავი გაზსადენის მშენებლობა, გაზგამანაწილებელი სადგურების რეაბილიტაცია — ეს ყველაფერი ხორციელდებოდა 10 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 5-6 წელი. შესაბამისად, ამან იმოქმედა ტარიფზე და მისი ზრდა გამოიწვია. გაზიფიკაცია უფრო ინტენსიურად რეგიონებში ხორციელდებოდა, შესაბამისად, ინვესტიციების მოცულობა რეგიონებში მეტი იყო, ეს კი ტარიფებში სხვაობის მიზეზს წარმოადგენს.

- როგორ ვითარდება სუბსიდირების პროგრამა?

— როგორც ცნობილია, მთავრობა სადისტრიბუციო კომპანიებს ე.წ. ბუნებრივ აირს სოციალურ ფასად აწვდის და სახელმწიფოს მხრიდან ეს უკვე წარმოადგენს სუბსიდირებას. ეს მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ ჩვენს მოქალაქეებს გადახდის პროცესი გაუმარტივდეს.

მდინარე - Sputnik საქართველო
ენერგეტიკის სამინისტრომ ჰეს-ის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა

-უახლოეს მომავალში გამორიცხავთ ბუნებრივი აირის ტარიფის კიდევ უფრო მეტ ზრდას?

— ეროვნული მარეგულირებელი კომისია — ცალკეული დამოუკიდებელი კომპანიაა, რომელიც ტარიფებს ადგენს. არსებობს რამდენიმე მეთოდოლოგია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ბუნებრივი აირის ტარიფი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს და ეს დამოკიდებულია იმ მოცულობებზე, რომელიც ტარიფების გადაანგარიშების პერიოდში არსებობს. შესაბამისად, შესაძლებელია, მომავალში ტარიფი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს მეთოდოლოგიის მიხედვით. წინასწარ თქმა რთულია. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე ტარიფები 2018 წლის ბოლომდეა დადგენილი.

- ბოლო წლების რომელ პროექტს შეიძლება ეწოდოს ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკის სფეროში და რომელი მსხვილი პროექტები იგეგმება უახლოეს დროს?

— თუ ბოლო ორი წლის პერიოდს განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ჰიდრორესურსების ათვისება ყველაზე მასშტაბური პროექტია. აქვე უნდა აღინიშნოს პროექტ „შაჰ-დენიზის" გაფართოება, პროექტები „დარიალი" და „შუახევი" — ეს არის ორი ყველაზე მსხვილი ჰესი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში აშენდა. რაც შეეხება პერსპექტივებს, გავაგრძელებთ გენერაციების მშენებლობას, ელექტროხაზების და ქვესადგურების მშენებლობას და რეაბილიტაციას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგოეფექტურობას, ასევე მნიშვნელოვანია თავისუფალი ბაზრის უზრუნველყოფა. სატრანზიტო პოტენციალის თვალსაზრისით მაქსიმალურად შევეცდებით გამოვიყენოთ კასპიის ზღვის რესურსები, რათა დამატებითმა მოცულობამ საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს. ეს ძალიან მოკლედ სამომავლო გეგმების შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0