თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველო აპირებს სრულად დაიტვირთოს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით და დამატებითი მოცულობებისთვის "გაზპრომს" 2017 წლის ბოლომდე არ მიმართოს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
საქართველომ 2017 წელს "გაზპრომ–ექსპორტთან" ახალი ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ქართული მხარე დაეთანხმა "გაზპრომის" წინადადებას რუსეთიდან სომხეთში ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად ბუნებრივი აირის ნაცვლად ფული მიიღოს. 2017 წლის განმავლობაში საქართველო რუსულ ბუნებრივ აირს, როგორც ტრანზიტის საფასურის ნაწილს, ისევ მიიღებს. 2018 წელს ტრანზიტის საფასური მთლიანად ფულადი სახის იქნება.
"ხელშეკრულება, რომელიც "გაზპრომთან" გაფორმდა, იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე, ანუ, მიღებული თანხით ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ბუნებრივი აირი აზერბაიჯანისგან, ასევე არის შესაძლებლობა – ვიყიდოთ ირანში. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, მივიღეთ გადაწყვეტილება – სრულად დავიტვირთოთ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით", — განაცხადა კალაძემ.
ვიცე-პრემიერმა არ გამორიცხა, რომ "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულება ორი წლის შემდეგ გადაიხედება.
ყოველწლიურად საქართველო სულ უფრო მეტ ბუნებრივ აირს მოიხმარს. ხარჯვის ძირითადი ნაწილი დროის ცივ პერიოდზე მოდის, როდესაც გათბობის სეზონი იწყება და მოსახლეობის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად საქართველო იძულებულია ბუნებრივი აირის დამატებითი შესყიდვები განახორციელოს.
"გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებული დეტალების თანახმად, ბუნებრივი აირის სეზონური დეფიციტის დაკმაყოფილების მიზნით ქვეყანას შეუძლია საწვავი შემცირებულ ფასად შეიძინოს (1000 კუბური მეტრი 215 დოლარის ნაცვლად 185 აშშ დოლარი ეღირება). საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას არწმუნებს, რომ შეთანხმება ქვეყანას ბუნებრივი აირის რუსეთისგან შეძენას არ ავალდებულებს.
ბუნებრივი აირის ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანიდან შემოდის. თუ ადრე აზერბაიჯანი ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 190 დოლარად გვაწვდიდა, 2016 წლის მარტში კომპანია SOCAR-ის წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ეს ფასი შემცირდა.
"ორი წლის შემდეგ ჩვენ ვიქნებით უფრო მყარ პოზიციებზე, რადგან გვექნება გაზსაცავი, იქნება დასრულებული შაჰ-დენიზის პროექტი, საიდანაც გვექნება დამატებითი მოცულობები და გვექნება უფრო მეტი ბერკეტი, რომ ვესაუბროთ "გაზპრომს", თუნდაც იგივე 10%-ზე გადასვლაზე", — განაცხადა კალაძემ.
ძველი ხელშეკრულების თანახმად, საქართველო რუსეთიდან სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის მოცულობის 10%-ს ტრანზიტის საფასურის სახით იღებდა.
აზერბაიჯანთან შეთანხმების გარდა, ზამთრის პერიოდში ბუნებრივ აირზე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად საქართველომ კიდევ ერთი გამოსავალი იპოვა – 2018 წელს საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება 300 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შენახვა, ანუ საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ის. მშენებლობის დასრულება 2020 წელს იგეგმება.
გარდა ამისა, 2019 წელს დასრულდება ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაფართოების პროექტი, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები მიიღოს, რაც ქვეყანას რუსული ბუნებრივი აირისგან კიდევ უფრო დამოუკიდებელს გახდის.