09:56 11 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0412
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6670
გარემოვაჭრე

სოფლის მეურნეობის სამინისტრო: საქართველო თავის ტრადიციულ ბაზარს უბრუნდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
52122

საქართველო, რუსეთის მხრიდან სავაჭრო ემბარგოს მოხსნის შემდეგ, თანდათან თავის ტრადიციულ რუსულ ბაზარს უბრუნდება.

2013 წლიდან ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა. ამავე დროს, გასულ წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა, 2014 წელთან შედარებით, 41%-ით შემცირდა. ქართული პროდუქციის, პირველ რიგში, ღვინის რუსულ ბაზარზე ექსპორტზე უარყოფითად იმოქმედა რუსული რუბლის მკვეთრმა დევალვაციამ.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პროგრესზე, სირთულეებსა და პერსპექტივებზე სავაჭრო ურთიერთობებში Sputnik-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა ზურაბ ჩეკურაშვილმა ისაუბრა.

– როგორ ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნის შემდეგ?

— 2006 წლიდან რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები რუსული მხრიდან ე.წ. ემბარგოს გამო შეწყდა. მაგრამ ეს კლასიკური ემბარგო არ ყოფილა, რადგან თამაში, პრაქტიკულად, ერთ კარში მიდიოდა — ჩვენ რუსული პროდუქციისთვის ბაზარი არ დაგვიხურავს. მხედველობაში მაქვს, რომ საქართველოდან ექსპორტი 2006-2012 წლებში ნულს შეადგენდა, ხოლო რუსეთიდან საქართველოში 1 050 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სოფლის პროდუქცია შემოვიდა. ამიტომ მთავრობის შეცვლის შემდეგ მთავარი ამოცანა ამ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა და ჩვენთვის ტრადიციულ რუსულ ბაზარზე დაბრუნება იყო.

2013-2015 წლებში, რუსეთის მიერ სავაჭრო ემბარგოს მოხსნის შემდეგ, ექსპორტმა საქართველოდან 450 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. აი, ასეთი ნახტომი იყო ზუსტად სამ წელიწადში. ეს რეალური შედეგია, რომელსაც მივაღწიეთ და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ძალიან გვახარებს, და ჩვენ, პრინციპში, ამ წარმატებაზე გაჩერებას არ ვაპირებთ.

ძალზე სერიოზული მუშაობა ჩატარდა ორ ფორმატში — აბაშიძე-კარასინის ფორმატში და შემდეგ უკვე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ასევე რუსეთის ფედერალური სამსახურების „როსსელხოზნადზორისა“ და „როსპოტრებნადზორის“ დონეზე.

ურთიერთობების დალაგებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით. პირველი, რაც რუსულ ბაზარზე დაიშვა, ციტრუსია, დღეს კი მცენარეული პროდუქციის ნუსხაში არც ერთი პოზიცია არ არის, რომელიც რუსულ ბაზარზე აკრძალულია. ამ მხრივ ყველაფერი შესანიშნავად არის. უფრო სერიოზული მდგომარეობაა ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით.

– რა პრობლემები უშლის ხელს ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტს?
— არც თუ სახარბიელო ეპიზოოტური ვითარებაა. ეს ყველაფერი ეპიზოოტიის საკითხების საერთაშორისო ბიუროშიც (OIE) არის მითითებული, სადაც მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა შედის. ამიტომ რუსული მხარე ამ საკითხს მეტი სიფრთხილით უდგება. მაგრამ ზუსტად ათი დღის წინ ეს საკითხი რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან, „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელობასთან დუბაიში გადავჭერით, სადაც კვების პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა „გალფ ფუდი“ ჩატარდა.

უახლოეს მომავალში რუსულ ბაზარზე საქართველოდან თევზისა და რძის პროდუქციის შეტანა დაიწყება. ეს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში კიდევ ერთი სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია.

– შეიძლება ქართული ექსპორტისთვის ახალ შანსებზე საუბარი რუსეთის მხრიდან თურქული საქონლის შეზღუდვის დაწესების შემდეგ?

— ჩვენ სერიოზული პერსპექტივა გვაქვს იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთს თურქეთთან ურთიერთობები გაუფუჭდა. ის რუსეთის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელი იყო. მიწოდებული პროდუქციის საშუალო მოცულობა სადღაც 900 მლნ აშშ დოლარის ღირებულებისაა, ამიტომ ჩვენი წარმოების გაზრდისა და რუსულ ბაზარზე ღირსეული პოზიციების დაკავების, ანუ დაბრუნების შანსი გვაქვს.

განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს პატიოსანი საქციელი არ იქნება რუსულ ბაზარზე თურქეთის ადგილის დაკავება, უსაფუძვლოა. ჩვენ არავის ადგილს არ ვიკავებთ. თურქეთის ხსენებაც არ იყო, როდესაც საქართველო რუსულ ბაზარზე იყო წარმოდგენილი. ანუ, ჩვენ არავის ვართმევთ ბაზარს, უბრალოდ, ჩვენს ისტორიულ, ტრადიციულ ადგილზე ვბრუნდებით.

გვაქვს შანსი, გავზარდოთ პირველადი წარმოება. რუსეთთან ურთიერთობები ნორმალური, სტაბილურია, უბრალოდ, საჭიროა წესებით თამაში, იმ სტანდარტების დაცვა, რომელსაც რუსული მხარე აყენებს — სულ ეს არის.

– რა საქონელს აწვდის საქართველო რუსეთს? პროდუქციის მიწოდებაზე კვოტები დადგენილია, თუ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება შეუზღუდავია?

— რუსულ ბაზარზე შეგვაქვს ხილი, ბოსტნეული, თხილი, მწვანილი — აბსოლუტურად ყველაფერი და შეუზღუდავად. არანაირი კვოტა არ არსებობს, პირიქით, არის ნება, რომ უფრო მეტი ვაწარმოოთ და მივაწოდოთ… ჩვენი პროდუქცია რუსულ ბაზარზე ახსოვთ და მაღალ შეფასებას აძლევენ. ამაში პირადად ბევრჯერ დავრწმუნდი, როცა რუსეთში ვიყავი. სამწუხაროდ, მოცულობა არც თუ დიდია, მაგრამ ესეც დროის საკითხია, ჩვენ გავზრდით წარმოებას და რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ.

– რომელ ქართულ პროდუქტზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა რუსულ ბაზარზე და კიდევ რა პროდუქტების ექსპორტს გეგმავს საქართველო რუსეთში?

— ტრადიციულად, ნებისმიერი პროდუქტი წარმატებით სარგებლობს. ძალზე პოპულარულია ციტრუსები, ატამი, ქლიავი, ალუბალი, ვაშლატამა, ტომატი, მწვანილი… ჩვენი ალკოჰოლური პროდუქცია, ტრადიციულად, ძალიან პოპულარულია. ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით გაყიდვები შემცირდა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ თანდათან ყველაფერი მოგვარდება და გაყიდვები გაიზრდება. წელს რუსულ ბაზარზე პირველად შევა ჩვენი კარტოფილი, ასე რომ, არანაირი აკრძალვა და შეზღუდვა არ არის.

– აქვს საქართველოს მიწოდების გაზრდის რესურსები, თუ რუსულ ბაზარზე ამა თუ იმ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზრდება?

— მოთხოვნა არის, მთავარია პარტნიორის მოძებნა, მასთან ფასებზე შეთანხმება და ა.შ. ეს ბიზნეს-ურთიერთობებია და სახელმწიფო ამ პროცესში არ ერევა. ბიზნესი თვითონ უნდა გააქტიურდეს. სახელმწიფომ ის გააკეთა, რაც მას მოეთხოვებოდა — სახელმწიფო დონეზე სტაბილური ურთიერთობები. ბიზნესისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რომ მოლაპარაკებები და ვაჭრობა აწარმოო.

– რუსულ ბაზარზე პროდუქციის მიწოდების დასაწყებად რა მოეთხოვებათ მეწარმეებს?

— პირველ რიგში, აქ სამეწარმეო ბაზა უნდა ჰქონდეს. ასევე მნიშვნელოვანია რუს პარტნიორებთან კონტრაქტები. დანარჩენი ძალზე მარტივია და 2013 წლიდან მოქმედი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ფორმდება. ექსპორტიორი მიმართავს ჩვენს სამსახურებს, რომლებიც ამოწმებენ ტვირთს, როგორ არის შეფუთული, ეტიკეტირებული, რადგან ამას რუსული მხარე ძალზე სერიოზულად ითხოვს. შემოწმების შემდეგ ჩვენი სამსახურები ფიტოსანიტარულ სერტიფიკატს გასცემენ და ეს ტვირთი ზემო ლარსის გავლით რუსეთში მიდის. ექსპორტის სტადიაზე ყველაფერი მარტივადაა. ყველაზე რთული საქონლის წარმოება და საიმედო პარტნიორების პოვნაა.

– რატომ დაეცა საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის გასულ წელს? შეიძლება ვითარების გამოსწორება ახლო მომავალში და რა არის ამისთვის საჭირო?

— ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის მოქალაქეების მყიდველუნარიანობის შემცირებაა. რუბლი ძალიან დაეცა და სავალუტო ეკვივალენტი გაცილებით დაბალია. მდგომარეობიდან გამოსავალს ვხედავთ წარმოების, მოსავლის გაზრდაში, პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაში და ა.შ.

რა თქმა უნდა, საქართველო ვალუტაში კარგავს, მაგრამ ეს ბაზარია — უნდა გაძლო, შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას იმანაც, ვინც აწარმოებს და იმანაც, ვინც ყიდულობს და ყიდის, აქ საუბარია შემოსავლების საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რომ ვაჭრობა მიდის, რომ არ ჩერდება — უკვე კარგია. გაზაფხულის დადგომასთან ერთად ეს პროცესი აქტიურდება.

– ახალი ბაზრების გამოჩენის ფონზე რამდენადაა საქართველოსთვის რუსული ბაზარი საინტერესო?

— მიმაჩნია და, ვფიქრობ, ეს მთელი ჩვენი სამინისტროს პოზიციაა, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული უნდა იყოს. ჩვენ ახლა შევედით რუსულ და ევროპულ ბაზარზე, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ევროპაზეც, რუსეთზეც, აზიაზეც, რასაც აკეთებს კიდეც სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ნახეთ, რა ხდება ევროპაში! მათ რუსული ბაზარი დაკარგეს და უკან დაბრუნება სწადიათ. ჩვენ რატომ უნდა გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რასაც ამ 3 წელიწადში მივაღწიეთ, თუ იგივე ევროპელები ყველაფერს აკეთებენ რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად?

ჩვენი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გაყიდვა ბევრად რთული იქნება. იქ ყველაფერი არც ისე მარტივია — მათ ჭარბი წარმოება აქვთ და თავიანთი სად წაიღონ, არ იციან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპული ბაზრის ათვისება არ ვცადოთ.

ჩვენი ღვინო, მინერალური წყალი, კივი, თხილი უკვე გატანილია ევროპულ ბაზარზე, ასე რომ, თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ. სოფლის მეურნეობა ის სექტორია, რომელსაც მუდმივი ყურადღება სჭირდება, ის ეფექტს მაშინვე, უცბად არ იძლევა და სასურველი შედეგის მისაღწევად მუხლჩაუხრელი მუშაობა სჭირდება.

– ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს პოტენციალი აქვს, მაგრამ რესურსები — არა…

— საქართველოს სოფლის მეურნეობაში პოტენციალიც არის და რესურსებიც, უბრალოდ, ეს რესურსები ჯერ მზად არ არის, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. ჩვენ გვყავს ახალგაზრდობა, მაგრამ მას სერიოზული სწავლა სჭირდება.

მიმაჩნია, რომ დღეს ფერმერის პროფესია ყველაზე რთული, ყველაზე შრომატევადი და ცოდნაზე დაფუძნებულია. იმისთვის, რომ წარმატებული ფერმერი იყოს, ადამიანი უნდა იყოს აგრონომიც, ვეტერინარიც, ტრაქტორისტიც, მცენარეთა დამცველიც, უნდა იცოდეს ფინანსური მენეჯმენტი და ა.შ. ყოველდღე, კვირაში შვიდჯერ, დილის ოთხ საათზე უნდა ადგეს და იმუშაოს.

მან ყველაფერი უნდა იცოდეს — რა ღირს მსხალი ან ვაშლი არა მარტო საქართველოში, არამედ რა ფასებია ევროპაში, აზიაში, რა ტრენდებია, რა პროგნოზებია. აი, ეს არის ნამდვილი ფერმერი. ხოლო იმისთვის, რომ ასეთი ადამიანები გაჩნდნენ, დროა საჭირო, ყურადღება, ფინანსები და, რაც ყველაზე მთავარია, სახელმწიფოს ნება, რაც დღეს გვაქვს კიდეც. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში „უნივერსალური ფერმერების“ არმია შეიძლება 5 წელიწადში გამოჩნდეს.

მთავარი თემები