თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ბორდოში 2017 წელი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად გამოცხადდება. ამას ითვალისწინებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასა და საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდის თავმჯდომარე სილვი კაზის შორის თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება, იუწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური.
ხელშეკრულებას ქალაქ ბორდოში, მინისტრის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.
ასევე, ხელშეკრულების თანახმად, 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში, ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო პირველი საპატიო სტუმარი იქნება და ორგანიზებას გაუწევს მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილ მასშტაბურ გამოფენას „ვენახი — საქართველო“.
„ეს მნიშვნელოვანი და ისტორიული ფაქტია, რადგან საქართველო ღვინის აკვანს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ გამოფენა არ იქნება. გამოფენის პარალელურად გაიმართება დეგუსტაციები, კონფერენციები, სემინარები და სხვა კულტურული ღონისძიებები, რაც საშუალებას მისცემს ჩვენ საზოგადოებას უფრო ახლოს გაიცნოს ქართული ღვინო და ბრწყინვალე ქვეყანა — საქართველო“, — განაცხადა სილვი კაზიმ.
2017 წელს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის საგამოფენო სივრცე თვენახევრის განმავლობაში მთლიანად ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის წარმოჩენა-პრეზენტაციას დაეთმობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, აღნიშნეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ამ ღონისძიებების ორგანიზებას ქართულ მხარესთან ერთად ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდი დააფინანსებს.
მასშტაბური კომპლექსი — ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი 2016 წლის 31 მაისს გაიხსნება. ცენტრში წარმოდგენილი იქნება დარგში არსებული უახლესი მიღწევები.
ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში გამოფენის საორგანიზაციო საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შეიქმნა. მის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შედიან და მას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ხელმძღვანელობს.
თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მრჩეველი მერაბ მიქელაძე, საპატიო კონსული ბორდოში ალენ ღამბაშიძე და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.