თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. მთავრობის გადაწყვეტილებით, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ 2016 წელსაც გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება.
2016 წელს პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0.25 ჰა-დან 1.25- ჰა-ს ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი, მიიღებენ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათს 1 ჰა-ზე 140 ლარის გაანგარიშებით (მიწის ფართობის პროპორციულად).
ბენეფიციარებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ნაკვეთი და სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, მიიღებენ ,,აგრობარათს“ 1 ჰა-ზე 140 ლარის განგარიშებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად.
მთავრობის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის სამწლიანი პროექტი 2013 წელს დაიწყო. 2014 წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში 757,145 ბენეფიციარმა მიიღო 69,954,923 ლარის სარგებელი. 2014 წელს პროექტის ფარგლებში ჯამში დამუშავდა 220,466 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობი.
2015 წელს „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში 767 017 ბენეფიციარი იყო ჩართული, რომელთაც 57 მლნ ლარის ოდენობის სარგებელი მიიღეს.