ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე დავით კუტალაძეს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დავით კუტალაძეს ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებულ დევნას, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციაში დემარში მოაწყვეს
გამოძიების ინფორმაციით, 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე კუტალაძე და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას.
„კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება", – აღნიშნულია განცხადებაში.
კუტალაძე სამართალდამცველებმა 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლებით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
ლექსო ლაშქარავას უკანასკნელ გზაზე კოლეგები გააცილებენ
უწყების ცნობით, ლექსო ლაშქარავასა და „TV პირველის" ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული.
„თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის ბრალი 21 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.
„TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც თბილისში 5 ივლისს „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს, დილით გარდაცვლილი საკუთარმა დედამ ნახა. ცემის შემდეგ მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერატორი კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მესამე დღეს გარდაიცვალა.
როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.
აქცია „სისტემა კლავს! გამოდი სიცოცხლისთვის“ - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
ახალი საპროტესტო ტალღა საქართველოში: რა ხდება და როგორ დასრულდება ყველაფერი?
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ.
შსს-ს ცნობით, 5 ივლისს თბილისში 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური ინფორმაციით, იმ დღეს 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. დაშავებულთა შორის იყო ლექსო ლაშქარავაც.
ყველა ახალი ამბავი
0