08:45 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1787)
116 0 0

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დახმარებისთვის აშშ-ში Facebook-ის და Google-ის ადმინისტრაციებს მიმართა.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, საქართველოს პროკურატურამ გაითვალისწინა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა და მისი საქმის გამოძიება პროკურატურაში გაგრძელდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუიციდის შესახებ ინფორმაციას ეძებდა: ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში>>

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა.

აღნიშნული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების კადრებით დაკომპლექტდება.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებსა და ოჯახის ადვოკატს საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე შეხვდა. შეხვედრაზე მათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.  

ვახტანგ გომელაური თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე: „ღიად ვერ ვისაუბრებ">>

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურამ აშშ-ში კომპანიების Facebook-ის და Google-ის ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოტსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების მონაცემების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, „იუთუბით“, ასევე „გუგლით“ სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) გადმოცემის თხოვნით.

პროკურატურამ მიმართა აგრეთვე Facebook-ის სამართალდამცველებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორსაც იმის განმარტების თხოვნით, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი.

„ასევე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქის“ და „ინსტაგრამის“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება მზადყოფნას გამოხატავს, საჭიროების შემთხვევაში მომავალშიც ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებთან.

თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა უტარდება>>

პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)

მთავარი თემები