თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების რაოდენობამ პიკს მიაღწია, განუცხადა ჟურნალისტებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე სოლომონ როსტომაშვილმა.
მისი თქმით, დღეღამის განმავლობაში გამოძახებების რიცხვი 2000-ს აღწევს, რაც ვირუსების გავრცელებით აიხსნება.
„გამოძახებების მატება აღინიშნება. 1500 გამოძახება თუ იყო თვეების წინ, დღეს დაახლოებით 2000 გამოძახება გვაქვს დღე-ღამეში. შესაბამისად მომატებულია გამოძახებების რაოდენობა, მაგრამ ეს სეზონურობა ახასიათებს ჩვენს სამსახურს. ზოგადად, ვირუსული ინფექციების სეზონურობა ჩვეულებრივი მოვლენაა. იწყება ნოემბრის დასაწყისიდან, გრძელდება მარტამდე. პიკს აღწევს დეკემბერი-იანვრის გასაყარზე. შეიძლება ითქვას, რომ ახლა გამოძახების შემთხვევები პიკს აღწევს“, - განაცხადა როსტომაშვილმა.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური რეაგირებს ყველა გამოძახებაზე, აღნიშნა როსტომაშვილმა. მაგრამ პირველ რიგში ჯგუფი გამოძახებაზე მიდის ისეთ შემთხვევებში, სადაც არის კრიტიკული მდგომარეობა და წუთებია გადამწყვეტი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.
გრიპი საქართველოში: ვირუსის რომელი ტიპია გავრცელებული ქვეყანაში >>
როსტომაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები სასწრაფოს დახმარებას არ საჭიროებენ, მაგრამ მაინც იძახებენ.
„იგივე მდგომარეობაა ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით. სასწრაფოს შეუძლია, ერთჯერადი დახმარება გაუწიოს, როცა ამ დაავადებას სჭირდება გარკვეული მკურნალობა. ამიტომ, თხოვნა იქნება მოსახლეობის მიმართ, რომ პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიც არის მაღალი ცხელება, ყელის ტკივილი, თავის და კუნთების ტკივილი, მიმართონ ამბულატორიულ დაწესებულებებს, ოჯახის ექიმს“, - განაცხადა სოლომონ როსტომაშვილმა.
აჭარის ერთ-ერთ კლინიკაში 24 დეკემბერს დილით გრიპისგან 53 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტმა კლინიკას 17 დეკემბერს სუნთქვის მწვავე უკმარისობით მიმართა, მას ლაბორატორიულად დაუდასტურდა А ტიპის გრიპი - H1N1.
საქართველოში გრიპის ვირუსით დაავადებათა რიცხვმა იმატა. დაავადებულთა რაოდენობა 100 ათას ადამიანზე 221-ს შეადგენს. სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას დროულად მიმართონ ექიმს და არ მიყვნენ თვითმკურნალობას. მედიკოსები არ ურჩევენ მშობლებს გაუშვან სკოლაში თუ საბავშვო ბაღში გრიპით დაავადებული ბავშვები და თვითონაც არ წავიდნენ სამსახურში, თუ თავს შეუძლოდ იგრძნობენ.
H1N1 – А ვირუსის ქვეტიპია (გრიპის ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს იწვევს).
უმრავლესობა ადამიანების ორგანიზმში დაავადება გართულებების გარეშე ერთ კვირაში გადის. მაგრამ არსებობს დაავადების რთული ფორმა, რომელსაც სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია ახასიათებს. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით მას არ გააჩნია მგრძნობელობა ანტიბიოტიკებზე და არასწორი მკურნალობისას გართულების პირველი ნიშნების გამოვლენიდან 24 საათში ლეტალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.
გრიპის ამ ვირუსის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მაღალია ლეტალობის დონე შრომისუნარიანი ასაკის ადამიანებში, ფეხმძიმე ქალებში, დიაბეტის, სიმსუქნის, ასთმისა და სხვა ქრონიკული სომატური დაავადებების მქონე პირებში.
გრიპის უფასო ვაქცინაცია: მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ >>
უმეტეს შემთხვევაში გრიპის სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო, თავის, კუნთების ტკივილი, სისუსტე და შემცივნება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პირღებინება ან დიარეა.