გრიპი საქართველოში: ვირუსის რომელი ტიპია გავრცელებული ქვეყანაში

გამოწერა
ვირუსის მატარებლები არიან ადამიანები, რომლებსაც, დაავადების მიუხედავად, სახლში დარჩენა არ სურთ.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ძირითადად H1N1, ე.წ. ღორის გრიპია გავრცელებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ.

იმნაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა, ეპიდემიის საშიშროება არ არის. სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ და ურჩევენ, ხშირად დაიბანონ ხელი. მათ კი, ვინც თავს ვირუსის გამო შეუძლოდ გრძნობს, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მოუწოდებენ, სრულ გამოჯანმრთელებამდე სახლში დარჩნენ.

გავრცელდება თუ არა გრიპის ახალი შტამი საქართველოში>>>

„ბოლო ორი კვირაა გრიპისმაგვარი დაავადების საკმაოდ ინტენსიური მატებაა. ამავე დროს ყველა ვირუსი, რომელიც ცირკულირებს, არის H1N1. ძალიან იშვიათად გვხვდება H3N2. წინა კვირის მონაცემებით, ავადობა 185 იყო 100 ათას მოსახლეზე. ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, რადგან ეპიდემიური ზღვარი ჩვენთვის არის 450 დაავადებული 100 ათას მოსახლეზე", – განაცხადა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ვირუსს ავრცელებენ ადამიანები, რომლებსაც ვირუსი გამწვავებული ფორმით აქვთ გამოხატული და, მიუხედავად ამისა, სახლში დარჩენის აუცილებლობას ვერ ხედავენ, აღნიშნა მან.

გრიპის ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
ცვლილებები ჯანდაცვის კანონში: პროფილაქტიკური აცრები სავალდებულო ხდება

H1N1 („ღორის გრიპი") მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც გრიპის პანდემიური ვირუსი А(H1N1) pdm09 იწვევს. ის ღორისგან და ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა. ვირუსი 1930 წელს რიჩარდ შოუპმა (აშშ) აღმოაჩინა. „ღორის გრიპი" გადაეცემა როგორც დაინფიცირებულ ორგანიზმთან უშუალოდ კონტაქტით, ისე ჰაერ-წვეთოვანი გზით.

მსოფლიოში H1N1 ვირუსი 2009 წელს გავრცელდა და მას პანდემიურს უწოდებენ, რადგანაც დასაწყისში მან მსოფლიო მასშტაბით პანდემია გამოიწვია. საქართველოში ვირუსი ძალას დეკემბრის შუა რიცხვებიდან იკრებს და მარტის ბოლომდე გრძელდება.

გრიპის ამ ვირუსის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მაღალია ლეტალურობის დონე შრომისუნარიანი ასაკის ადამიანებში, ფეხმძიმე ქალებში, დიაბეტის, სიმსუქნის და სხვა ქრონიკული სომატური დაავადებების მქონე პირებში.

უმეტეს შემთხვევაში გრიპის სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო, თავის, კუნთების ტკივილი, სისუსტე და შემცივნება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პირღებინება ან დიარეა.

 

ყველა ახალი ამბავი
0