06:07 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
56 0 0

სახელმწიფო პროგრამის თანახმად, წისქვილკომბინატებისთვის დადგენილი იყო ფიქსირებული ფასი – 53 ლარი პირველი ხარისხის ფქვილის 50-კილოგრამიან ტომარაზე.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. პურის ქარხნების ნაწილი პურს დაახლოებით 10 თეთრით უახლოეს დღეებში გააძვირებს, განაცხადა საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.

საქართველოში დასრულდა ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან პურის ფასის ზრდას აკავებდა. სუბსიდირების გარეშე თეთრი პურის ფასი საშუალოდ 0,15–0,2 ლარით მოიმატებდა. დღეს პურის, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა, საშუალო ფასი დაახლოებით 0,8–1,0 ლარია.

„პურის საცხობები ფასს აკავებენ როგორც შეუძლიათ. მაგრამ ისეთი პროდუქტების გაძვირების პირობებში, როგორიცაა მზესუმზირის ზეთი, მარილი, საფუარი, შესაფუთი მასალები, ასევე ტარიფები ელექტროენერგიაზე და გაზზე, პურის თვითღირებულება გაიზარდა. ამის კომპენსირებისთვის უახლოეს დღეებში პურის ზოგიერთ სახეობაზე ფასი მაქსიმუმ 10 თეთრით გაიზრდება“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ დოლიძემ.

მეორე მხრივ, დოლიძე ფქვილის სუბსიდირების პროგრამის დასრულებასაც ლოგიკურად მიიჩნევს.

„სუბსიდირება მუდმივად ვერ გაგრძელდება. ეს დროული ინექცია იყო და მან თავისი ფუნქცია შეასრულა. ფქვილის სუბსიდირება ხდებოდა, რადგან მსოფლიო ბაზარზე ის ძალიან გაძვირდა. ახლა ფქვილის ღირებულება სტაბილური გახდა. და ხორბლის ახალ მოსავალთან დაკავშირებით, რომელიც ექსპორტიორ ქვეყნებში კარგია, ფქვილი გაიაფდა“, – განაცხადა დოლიძემ.

ოთხი თვის განმავლობაში, 31 მარტის ჩათვლით, სახელმწიფო სუბსიდია ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე 10, შემდეგ კი 15 ლარს შეადგენდა. შემდეგ სუბსიდირების ვადა 1 ივლისამდე გაგრძელდა და სუბსიდიის თანხაც 20 ლარამდე გაიზარდა.

წისქვილკომბინატებისთვის დაწესებული იყო ფიქსირებული ფასი – 53 ლარი პირველი ხარისხის ფქვილის 50 კგ-იან ტომარაზე. ანუ იმ წისქვილკომბინატებს, რომლებიც პურის ქარხნებს პირველი კატეგორიის ფქვილის ერთ ტომარას 53 ლარად მიჰყიდიდნენ, მთავრობა სუბსიდიას უხდიდა.

დოლიძის თქმით, პირველი მოხმარების პროდუქტი რომ არ გაძვირდეს, საჭიროა კვების პროდუქტებზე დღგ-ის შემცირება.

„მაგალითად, აზერბაიჯანში საერთოდ მოხსნეს დღგ, ჩვენთან კი 18%-ია. ის რომ შეამცირონ საკვებ პროდუქტებზე, პურის ფასის შენარჩუნება მოხერხდებოდა. ეს საკითხი რამდენჯერმე დავაყენე, მაგრამ არავის განუხილავს“, – აღნიშნა დოლიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, ამიტომ ეს საკითხი ჯერჯერობით პოპულარული არაა.

მთავარი თემები