14:05 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (679)
123 0 0

თუ ადრე პროექტი 100-მდე სხვადასხვა დარგის მეწარმეებს ეხმარებოდა, ამიერიდან ეს რაოდენობა პრაქტიკულად ორმაგდება.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით კიდევ გაფართოვდება, განაცხადეს განახლებული პროგრამის პრეზენტაციაზე

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. ის მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ეკონომიკური განვითარებისკენ.

სააგენტოს პროგრამებია: კრედიტების სუბსიდირება და უზრუნველყოფა, რომლებიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას, და მიკროგრანტები, რომლებიც საქმიანობის 300-ზე მეტ სახეობას ეხება.

კრედიტების თანადაფინანსება

გაფართოებული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პლასტმასის, სამშენებლო მასალების, მინერალური წყლების, ტყავის, არმატურის, ფრინველისა და ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოები და ასევე ლაბორატორიების მუშაობა. დაფინანსების სიაში ასევე მოხვდა სასტუმროები, ბალნეოლოგიური კურორტები, სათავგადასავლო პარკები და სხვადასხვა ტურისტული სერვისები. 

პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი საკრედიტო ლიმიტი 50 ათას ლარამდე შემცირდა, მაქსიმალური მოცულობა კი 10 მლნ ლარამდე გაიზარდა.

ადილობრივი, არასაერთაშორისო ბრენდის შემთხვევაში კრედიტის მაქსიმალური მოცულობა 4 მლნ ლარს შეადგენს, საერთაშორისო ბრენდისა და სხვადასხვა ტურისტული სერვისების შემთხვევაში – 10 მლნ ლარს.

სახელმწიფოს მონაწილეობის ვადა 24-დან 36 თვემდე იზრდება. ასევე გაიზარდა სახელმწიფოს თანამონაწილეობის პროცენტიც. მაგალითად, 13%-იანი ვალის შემთხვევაში 1,5%-ს დაფარავს სახელმწიფო, რაც კომპანიების ფინანსურ სახსრებს გამოათავისუფლებს ბიზნესის კეთებისთვის.

საკრედიტო–საგარანტიო სქემა

იცვლება საკრედიტო–საგარანტიო სქემის მასშტაბები, როდესაც სახელმწიფო ბანკის წინაშე კრედიტის უზრუნველყოფის გარანტად გამოდის. პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 330 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდება 2,1 მლრდ ლარის ოდენობის საკრედიტო პორტფელების უზრუნველყოფა. 

პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ კრედიტზე გარანტიის მოცულობა ნაცვლად სესხის არაუმეტეს 70%-ისა, იქნება 90%.

საკრედიტო–საგარანტიო უზრუნველყოფის სქემის მიხედვით, მეწარმე შეძლებს არანაკლებ 50 ათასი ლარის და არაუმეტეს 5 მლნ ლარის კრედიტის აღებას.

გარდა ამისა, კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში სახელმწიფო 30%-იან უზრუნველყოფას განახორციელებს.

მიკროგრანტები

მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამის ბიუჯეტი 10-დან 40 მლნ ლარამდე გაიზარდა. რეგიონულ განვითარებაზე ორიენტირებული საგრანტო პროგრამის მოცულობის ზედა ზღვარი გაიზარდა 20-დან 30 ათას ლარამდე. 

პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა 20%-ის ნაცვლად 10% იქნება. თუ მეწარმე ბიზნესს მაღალმთიან რეგიონში დაიწყებს, იგი მხოლოდ 5%-ს გადაიხდის.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი რეგიონებში ბიზნესის მაქსიმალური დეცენტრალიზაციაა. ამიერიდან ამ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისელ მეწარმეებსაც.

პროგრამებში მონაწილეობის თვალსაზრისით პრიორიტეტი ეძლევა ქალ მეწარმეებს, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ წარმატებები

სააგენტო სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: ბიზნესის განვითარება, ექსპორტის მხარდაჭერა და ინვესტიციების მოზიდვა. 

პროგრამის ფარგლებში სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერა აღმოუჩინა 359 სამეწარმეო პროექტს, რომელთა შედეგად ქვეყანაში 13 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა. მათ შორის, გასულ წელს დაფინანსდა 85 პროექტი, რაც 31%-ით მეტია 2018 წელთან შედარებით. 19%-ით გაიზარდა ინვესტიციები კერძო სექტორის მხრიდან. 

გარდა ამისა, მთავრობამ მხარი დაუჭირა 136 სასტუმროს პროექტს, რამაც 3,3 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. 2019 წელს მხარდაჭერა მიიღო 59-მა სასტუმრომ, რაც 48%-ით მეტია 2018 წელთან შედარებით.

2019 წელს დამტკიცდა სააგენტოს სტრატეგია ინვესტიციების გასაზრდელად. სააგენტოს დახმარებით 2019 წელს ქვეყანაში გაჩნდა ხუთი ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელმაც ქვეყანას მოუტანა 83 მლნ დოლარი პირდაპირი ინვესტიციების სახით და შეიქმნა 850 ახალი სამუშაო ადგილი.

სააგენტოს გეგმაშია პროგრამის წარმატებით განხორციელების გაგრძელება, მეტი ბიზნესმენის მოზიდვა და მათთვის სხვადასხვა პროექტში მონაწილეობისას თანადაფინანსების მისაღებად პირობების შემსუბუქება.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (679)

მთავარი თემები