არშემდგარი „ეკონომიკური აპოკალიფსი“ და გამარტივებული თამაშის წესები

© Sputnik / Alexander Imedashviliდახურული კაფეები და რესტორნები თბილისის ცენტრში
დახურული კაფეები და რესტორნები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბანკო რეგულაციებში ცვლილებებია. ბიუროკრატია გამარტივდა, იზრდება კომერციული ბანკების პასუხისმგებლობა. რას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას დაკრედიტების პროცედურის ლიბერალიზაცია?

სამსონ ხონელი

დამიგვიანდა. მკითხველო, ვალი მაქვს თქვენი. უნდა გავისტუმრო. არ მკითხოთ, რამდენი მმართებს. არც ის იფიქროთ, კითხვაზე პასუხის გაცემას გავურბივარ. ხომ იცით, ავტორისთვის მკითხველის ერთგულება და ნდობა მონეტარულად არ იზომება. მას სხვაფვარად დაფასება და გაფრთხილება უნდა. ასე რომ, სულ სხვა ვალს ვგულისხმობ. ეს „სხვა“ რაღაა? − შესაძლოა, ჩამეძიოთ და ვეცები თქვენი ცნობისმოყვარეობა მომდევნო სტრიქონებით დავაკმაყოფილო. რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა არ დამჭირდება, დანაპირებს შევასრულებ, წინამდებარე სტატიით საბანკო რეგულაციებში განხორციელებულ ცვლილებებზე გიამბობთ.

საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
„ოცნების“ მაშველი რგოლი და ეკონომიკური კრიზისის საწინააღმდეგო „ვაქცინა“...

მკითხველს შევახსენებ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის გაზაფხულზე მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჭარბვალიანობის წინააღმდეგ ბრძოლა და ქვეყანაში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ჩამოყალიბება დაისახეს. პირველი კონკრეტული ნაბიჯებიც მაშინვე გადაიდგა. შემდეგ კი, დროის მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში, ყველა საფინანსო-საკრედიტო სტრუქტურისთვის სესხის გაცემის წესები რამდენჯერმე გამკაცრდა. 2019 წლის პირველივე დღიდან კი ეროვნული ბანკის კიდევ ერთი დებულება ამოქმედდა და ყველა საკრედიტო ორგანიზაციას სესხის გაცემამდე პოტენციური დებიტორის ფინანსური მდგომარეობის დეტალური შესწავლა დაევალა. კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კლიენტის გადახდისუნარიანობის შეფასებისას მხოლოდ მის თავისუფლად განკარგვად შემოსავალს ითვალისწინებდნენ. ასევე განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტები და დადგინდა სხვადასხვა ტიპის სესხის მაქსიმალური ვადები. ერთი სიტყვით, „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დოკუმენტით გასული ერთი წლის განმავლობაში საკრედიტო პროცედურები საგრძნობლად გართულდა.

თბილისი კარანტინის დროს - Sputnik საქართველო
COVID-19... მკაცრი შეზღუდვები და ეკონომიკური კრიზისის კონტურები...   

საბანკო სექტორში დაკრედიტების პირობების გამკაცრებას ანალიტიკურ წრეებში იმთავითვე არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მეტწილად სკეპტიკური დამოკიდებულება სჭარბობდა. ფინანსისტები, ერთი მხრივ, საბანკო სექტორში საკრედიტო პორტფელის მკვეთრ შემცირებას, მეორე მხრივ კი საფინანსო ბაზარზე კერძო მევახშეების საკრედიტო რესურსის გაძვირებას პროგნოზირებდნენ. ეკონომისტები კი ვარაუდობდნენ, რომ საბანკო რეგულაციების შედეგად კომერციული ბანკები საგრძნობლად შეამცირებდნენ იპოთეკური, სამომხმარებლო სესხებისა და სწრაფი განვადების გაცემას. შესაბამისად, თუ არ განახევრდებოდა, მნიშვნელოვნად მაინც მოიკლებდა უძრავი ქონების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის გაყიდვების მოცულობა. ეს კი სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა ზოგადად საშუალო თუ მცირე ბიზნესს. ექსპერტთა დიდი ნაწილი სპეციალისტების ვარაუდს დაკრედიტების მოცულობის შესაძლო შემცირების თაობაზე იზიარებდა, თუმცა იქვე მიუთითებდა, რომ ახალ ვითარებაში კომერციული ბანკები საკრედიტო პოლიტიკას გადახედავდნენ, გაცილებით მეტ რესურსს დაუთმობდნენ ბიზნესის დაფინანსებას, რაც ხელს შეუწყობდა ეკონომიკის ზრდას.

თბილისი - Sputnik საქართველო
რატომ ერჩის COVID-19 ლარს და მოუსწრებს თუ არა „ვაქცინა“ ეროვნულ ვალუტას?

რაც შეეხება მედლის მეორე მხარეს - საფინანსო-საკრედიტო კომპანიების მომხმარებელთა უფლებების დაცვას, იყო მოსაზრება, რომ მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, რამდენი ისესხოს და პასუხისმგებლობაც თავად უნდა აიღოს, ამ საკითხში სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს.

ეს სენტენცია ნეოლიბერალებს ეკუთვნით. მათგან არავის განუმარტავს, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, როდესაც საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოქალაქეებს უკანასკნელი საცხოვრისის დაკარგვა ემუქრებათ და დახმარებისთვის სწორედ სახელმწიფოს მიმართავენ. ერთი სიტყვით, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უარყოფითი შეფასებები კეთდებოდა, იყო ხელისუფლების დარწმუნების მცდელობაც, რომ ქვეყანას ეკონომიკური აპოკალიფსი ელოდა. შესაბამისად, დაწესებული რეგულაციების ლიბერალიზაციას ითხოვდა საბანკო სექტორი და ბიზნესის დიდი ნაწილი.

თბილისი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ეკონომიკის კორონიზაცია და ჩვენებური ვარაუდები

ამასობაში ერთ წელზე მეტი გავიდა და გაირკვა, რომ აპოკალიფსი არ შედგა. დეველოპერებმა და მშენებლებმა გაყიდვების მრავალწლიანი შიდა განვადების სქემა შეიმუშავეს, იმავე მეთოდს მიმართეს საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით მოვაჭრე კომპანიებმა. გაგიკვირდებათ და არც საბანკო სექტორი დაიქცა. მეტიც, როგორც ეს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, გასული წლის ბოლოს საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელმა 32 მილიარდ ლარს მიაღწია. წლიური ზრდა 16.3 პროცენტი იყო. ციფრებით მკითხველს არ დავღლი, მას თავადაც შეუძლია გაეცნოს ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშს. მოკლედ მოგახსენებთ, შემცირდა მხოლოდ ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდის ტემპი და არა დაკრედიტება. თუმცა, აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპი 15 პროცენტიდან 40 პროცენტამდე გაიზარდა. ეს კი შემოსავლების უცვლელობის პირობებში მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდის ტემპის კლების პარალელურად გაიზარდა ბიზნეს-სესხების დაკრედიტება. მოგეხსენებათ, ბიზნეს-სესხია ის საკრედიტო პროდუქტი, რომელიც, ყველა სხვა ტიპის კრედიტისგან განსხვავებით, ეკონომიკაზე გაცილებით უფრო დადებით გავლენას ახდენს.

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
ემუქრება თუ არა კორონავირუსი ლარს, ანუ ბუნდოვანი პერსპექტივა

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ახალმა საბანკო რეგულაციებმა არც ბანკები დააქცია, როგორც ამას ზოგიერთი ანალიტიკოსი თუ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი პროგნოზირებდა, და არც ეკონომიკას შეუქმნა რაიმე სახის პრობლემა. რეგულაციებმა საფინანსო სექტორში ახალი წესები შემოიტანა და ბოლო მოუღო წლების განმავლობაში არსებულ უპასუხისმგებლო დაკრედიტებას. გარდა ამისა, რეგულაციებმა საკრედიტო პროდუქტების დივერსიფიკაციასა და გაჯანსაღებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 

ამასობაში კი 15 აპრილიდან მოქალაქეებისთვის კრედიტების გაცემა გამარტივდა. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და ბიუროკრატიის გამარტივებას ეხება. რეგულაციები უფრო მოქნილი გახდება. კერძოდ, ამიერიდან ბანკები თავად დააწესებენ კლიენტის შემოწმების წესებს და ერთიანი სტანდარტით აღარ იხელმძღვანელებენ. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა, მსესხებლის შემოსავლებიდან გამომდინარე, კრედიტის ოდენობისა და განაკვეთის განსაზღვრის მიზნით კატეგორიების რაოდენობა ოთხიდან ორამდე შეამცირა. კერძოდ, ერთ ჯგუფად გაერთიანდა 1000-დან 2000 ლარამდე შემოსავლის მქონე მსესხებლები და ცალკე ჯგუფად – 2000-დან 4000 ლარამდე შემოსავლის მქონეები. ასევე ლარში გაცემული იპოთეკური სესხების მომსახურების მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე გაიზარდა. საზღვარგარეთიდან შემოსავლის არსებობის და მისი დასაბუთების შემთხვევაში ბინის შეძენის დროს სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტზე მოთხოვნა 60 პროცენტიდან 70 პროცენტამდე მსუბუქდება. თუმცა, ვადები უცვლელი დარჩა სხვა სახის კრედიტებზე. მაგალითად, ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტი გაიცემა არაუმეტეს 10 წლის ვადით, ავტოკრედიტი – არაუმეტეს 6 წლის ვადით, ხოლო სხვა ტიპის კრედიტები – არაუმეტეს 4 წლის ვადით. ანალიტიკოსთა შეფასებით, საბანკო რეგულაციების შერბილება, განსაკუთრებით, დღეს არსებულ კრიზისულ სიტუაციაში, დადებითად აისახება საბანკო სფეროზე და ეკონომიკურ აქტივობასაც გაზრდის.

ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
მთავარი ბანკის გადაწყვეტილება და გახარებული მსესხებლები...

„საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობა გაცილებით მეტ ადამიანს ექნება... უკეთესი იყო, ეს კრიზისამდე გაკეთებულიყო, მაგრამ ზოგადად კარგია, რომ ახლა მაინც განხორციელდა. განხორციელებული ცვლილებები შემოსავლის გათვალისწინებით ყოველთვიური შენატანის განსაზღვრას გულისხმობს. იცვლება კოეფიციენტები, რაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და სასესხო პორტფელს შედარებით გაზრდას ხელს შეუწყობს. ეს საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ კი უკვე ბანკებზე იქნება იმის პასუხისმგებლობა, რომ უფრო კარგად შეისწავლონ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და სესხი მხოლოდ ამ შემთხვევაში გასცენ. დღეს ეკონომიკაში არაორდინალური ვითარებაა და გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები. საბანკო რეგულაციების შერბილება ერთ-ერთია, რაც ჩვენს ეკონომიკას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება“, - აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი კეპულაძე.

ვნახოთ, დაველოდოთ, სავარაუდოდ, უკვე მიმდინარე წლის ბოლოს მეტ-ნაკლებად გაირკვევა, რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას საბანკო რეგულაციების ლიბერალიზაცია. თუმცა, შედეგების შეფასებისას მოგვიწევს იმის გათვალისწინება, რომ ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვები სრულად მხოლოდ ივლისის პირველ ნახევარში მოიხსნება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ COVID-19 იმ დროისთვის უკან დაიხევს. მანამდე კი რჩევის სახით - დარჩით სახლში და მაშინაც, როცა გარეთ გახვალთ, ისესხეთ იმდენი, რამდენის გასტუმრებასაც შეძლებთ!..  

 

ყველა ახალი ამბავი
0