თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. თებერვლის დასაწყისიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასი საქართველოში 25-30 თეთრით შემცირდა, რაც გამოწვეულია მსოფლიოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაიაფებით. ამის შესახებ საუბარია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.
მიმდინარე წლის მარტის თვეში დაფიქსირდა ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი კლება. კერძოდ, მარტის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე შემცირებულია საშუალოდ 28.37 დოლარით ბარელზე, ანუ 55.5%-ით, 51,13 დოლარიდან 22.76 დოლარამდე ბარელზე.
ნავთობის პრობლემა: ტრამპი რუსეთისა და საუდის არაბეთის მოლაპარაკებებში ჩაერთვება>>
შესაბამისად საწვავის ფასი ბოლო პერიოდში ეცემა საქართველოს საცალო ქსელშიც. ფასებს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ღირებულება და ლარის კურსი.
„თებერვლის თვის დასაწყისიდან ერთი ლიტრი საწვავის ფასი შემცირებულია ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 25-30 თეთრით“, – აღნიშნულია კავშირის განცხადებაში.
რატომ ეცემა საწვავის ფასი
ნავთობის მიმდინარე ფასებზე გავლენას ახდენს, პირველ რიგში, COVID-19-ის პანდემია. აღნიშნული პანდემიის მიზეზით ნავთობზე მოთხოვნილება უკვე მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული, კერძოდ, სხვადასხვა გათვლებით, საუბარია ნავთობზე მოთხოვნილების 20-25%-იან კლებაზე.
საქართველოს საწვავის ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე საუბრისას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნეს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიექცეს ქართული ეროვნული ვალუტის კურსს დოლარის მიმართ, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საწვავის საცალო ფასს.
მიმდინარე თვეში ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა დოლარის მიმართ. კერძოდ, მარტის თვის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ შეადგენდა 2,7835 ერთეულს, ხოლო დღეისათვის შეადგენს 3,1813 ერთეულს.
ერთი ბარელი ნავთობის ფასი 20 დოლარს ჩამოსცდა>>
საწვავის ფასი
დღეს ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასები ასე გამოიყურება: ბენზინი სუპერი – 2,53-2,58 ლარი; პრემიუმი – 2,36-2,45; რეგულარი – 2,20-2,35; ევროდიზელი – 2,43-2,49.
ლარის მიმდინარე კურსი დოლარის მიმართ არის 1 დოლარი – 3,18 ლარი.
ნავთობის კოტირებები 6 მარტს 30%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც OPEC+-ის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ვერც მოპოვების შემდგომ შემცირებაზე და ვერც გარიგების არსებული პირობების გაგრძელებაზე.
საუდის არაბეთი OPEC+-ს სთავაზობდა ყოველდღიური მოპოვების 1.5 მლნ ბარელით შემცირებას, რასაც არ დასთანხმდა რუსეთი. რუსეთს, თავის მხრივ, სთხოვდნენ ნავთობის ყოველდღიური მოპოვების 300 ათასი ბარელით შემცირებას. ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მიმდინარე წლის 1 აპრილიდან უქმდება ყველა შეზღუდვა OPEC+-ის ფარგლებში და შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნებს წარმოების გაზრდის საშუალება ეძლევათ.
ნავთობპროდუქტების იმპორტი
საქართველოში 2020 წლის იანვარში ნავთობპროდუქტების იმპორტი 4,7%-ით შემცირდა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, და 74,7 ათასი ტონა შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო რუსეთი, მას მოსდევენ რუმინეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, თურქეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და სხვა ქვეყნები.
ბენზინის იმპორტმა 2020 წლის იანვარში 42 ათასი ტონა შეადგინა, დიზელის საწვავის იმპორტმა – 32,6 ათასი ტონა.
ბენზინის იმპორტი წლის დასაწყისიდან შემცირდა თითქმის 19%-ით, 2019 წლის იანვართან შედარებით, დიზელის საწვავისა გაიზარდა 22%-ით, აღნიშნეს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.