05:15 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (20)
199 0 0

მსოფლიოს მეცნიერები შეთანხმდნენ - საქართველოს პრაქტიკა გარკვეულწილად უნიკალურია

თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ბრძოლის მეთოდი ფაროსანასთან მსოფლიოში სანიმუშოდ აღიარეს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.

მავნებელი საქართველოში 2015 წელს, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. ფაროსანამ თხილისა და ციტრუსების დიდი ნაწილი გაანადგურა.

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა მავნებელთან ბრძოლის სპეციალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამ ძირითად მიმართულებას: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

მავნებელთან ბრძოლის მოდელი და საქართველოს გამოცდილება მთავარი განსახილველი თემა გახდა საერთაშორისო კონფერენციაზე „აზიური ფაროსანა - გლობალური გამოწვევა“, რომელიც თბილისში გაიხსნა. ფორუმში მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები, მეცნიერები შავი ზღვის რეგიონიდან, ასევე ფერმერები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

საქართველოში წელს თხილის კარგ მოსავალს ელიან >>

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ქართველების მიერ ამერიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულმა მოდელმა მსოფლიო აღიარება ჰპოვა და აზიურ მავნებელთან ბრძოლის კუთხით გვაქვს დიდი წარმატება. ჩვენი ფერმერები ხედავენ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, მკვეთრად შემცირებულია აზიური ფაროსანას რაოდენობა, მკვეთრად შემცირებულია ის ზიანი, რაც მავნებლით შეიძლებოდა მისდგომოდა თხილის ფართობებს“, - განაცხადა ხანიშვილმა.

საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მეცნიერები მთელი მსოფლიოდან აღიარებენ, რომ საქართველოს პრაქტიკა შედეგების მიხედვით უნიკალურია.

დღეს, როგორც ხანიშვილი აღნიშნავს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უმოკლეს დროში გაუმკლავდა პრობლემას, რომელსაც ბევრად უფრო განვითარებული ქვეყნები ათწლეულები ებრძოდნენ და ჯერ კიდევ ვერ შეძლეს მიეღწიათ ასეთი შედეგებისთვის.

ფაროსანასთან ბრძოლა: უცხოელი სპეციალისტები ქართულ გამოცდილებას ეცნობიან >>

სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა აზრით, საქართველომ საერთაშორისო გამოცდილებასა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივ ნაყოფიერ მუშაობაზე დაყრდნობით შექმნა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებულად ინტეგრირებული სისტემა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მომენტისთვის უწყების მიზანია - ჩამოაყალიბოს საინფორმაციო ბაზა, რომელიც გამოცდილების უცხოელი კოლეგებისთვის გაზიარების შესაძლებლობას შექმნის.

„მე ვნახე ზარალი, რომელიც ფაროსანამ 2017-2018 წლებში გამოიწვია, როდესაც თხილის მოსავალი პრაქტიკულად აღარ იყო. ამიტომ მოხარული ვარ, რომ წელს თხილის ხარისხი საქართველოში კვლავ უბრუნდება თავდაპირველ ხარისხს. გაიზარდა მოსავლის რაოდენობა და, შესაბამისად, გაძვირდა თხილი. ეს, რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია ფერმერებისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - ხაზი გაუსვა ხანიშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოში 24-30 აგვისტოს სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან აშშ-ის სამი უნივერსიტეტის, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის აგრარული კვლევის სამსახურის წამყვანი მეცნიერები, ასევე მეცნიერ-მუშაკები ევროპიდან და ავსტრალიიდან. მეცნიერები დასავლეთ საქართველოში აზიურ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს ეცნობიან, ათვალიერებენ თხილის ბაღებს და ხვდებიან ფერმერებს.

თემები:
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (20)

მთავარი თემები