თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველომ შეუძლებელი შეძლო და წელს ფერმერები თხილის კარგ მოსავალს მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს სამეგრელოში ვიზიტისას.
დასავლეთ საქართველომ, რომელიც ბოლო ოთხი წელია აქტიურად იბრძვის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, საბოლოოდ შეძლო მავნებლის დამარცხება.
„სამეგრელოს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ მძიმე გამოწვევის წინაშე ვიდექით, რომელიც დღემდე გრძელდება, თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით შეუძლებელი შევძელით და მიმდინარე წელს თხილის მოსავალი გაცილებით დიდია, ვიდრე ამას ყველაზე დიდი ოპტიმისტი წარმოიდგენდა რამდენიმე თვის წინ. ეს ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგია“, – განაცხადაბ ბახტაძემ.
ბახტაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად დაათვალიერა თხილის გადამამუშავებელი საწარმო GEONUTS–ის სამუშაო პროცესი და თანამშრომლებს გაესაუბრა.
GEONUTS–ში 2,7 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში წლის განმავლობაში სხვადასხვა სახეობის 7–10 ათასი ტონა თხილის წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქცია მთლიანად ექსპორტზეა გათვლილი. საწარმოში ასი ადამიანია დასაქმებული.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ასევე იმყოფებოდა აბაშის რაიონში და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის მუშაობას გაეცნო.
მთავრობის მეთაურმა გაიხსენა ოპონენტების კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, თითქოსსაქართველოს სოფლის მეურნეობას პერსპექტივა არ აქვს და მოიყვანა სტატისტიკა. მისი სიტყვებით, ექვსი წლის წინ სოფლის მეურნეობის სფეროში ვაჭრობის დეფიციტმა 900 მლნ ლარი შეადგინა.
„საქართველოს სოფლის მეურნეობაში ეს იყო იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც ჩვენს ფერმერებს არ აძლევდა წარმატებით მუშაობის შესაძლებლობას. ამ მნიშვნელოვანი დარგის ვარდნა გამოწვეული იყო არასწორი, არაეფექტური პოლიტიკით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა“, – აღნიშნა ბახტაძემ.
ექვსი წლის შემდეგ საქართველომ შეძლო დეფიციტის 300 მლნ–მდე შემცირება და ეს დიდი წარმატებაა, განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ აზიური ფაროსანა და სხვა გამოწვევები რომ არა, ქვეყანა ამ სავაჭრო დეფიციტის ანულირებას შეძლებდა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროგრამაში. დიახ, ჩვენ სამი წელი ვებრძოდით ამ მტკივნეულ გამოწვევას და იგი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას“, – აღნიშნა ბახტაძემ.
იმისთვის, რომ 2019 წელს კარგი თხილის მოსავალი მიეღოთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებს მავნებელთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლაში დიდი დახმარება გაუწია.
კერძოდ, თხილის გადარჩენის პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სახელმწიფო დაეხმარა სპეციალური შესაწამლი აპარატებით, გადამზადდა სპეციალისტები და მავნებლის გასანადგურებლად დიდი კამპანია ჩატარდა. ფერმერებს ასწავლეს, როგორ უნდა ებრძოლონ სწორად ფაროსანას, ასევე სოკოვან დაავადებებს, რომელიც ასევე აზიანებს თხილის ბაღებს.
აბაშაში სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს სპეციალური შტაბი, სადაც აცნობენ ინფორმაციას იმის შესახებ, სად ფიქსირდება მავნებელი და იგეგმება ღონისძიებები.
დასავლეთ საქართველოში შესაწამლი სამუშაოები 110 ათას ჰექტარ მიწაზე ჩატარდა სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში, დაიდგა 36 ათასი დამჭერი ფერომონი. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე ღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანას რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და კონტროლს ექვემდებარება.
მიუხედავად სირთულისა, საქართველოში თხილის ბაღების რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრთა რიცხვი წლის განმავლობაში 1,5 ათასიდან 15 ათასამდე გაიზარდა.
აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და ის, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. მან თხილისა და ციტრუსის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.