საქართველო წარმატებით ვაჭრობს: ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება

© photo: Sputnikნავთობის სარკინიგზო ცისტერნები ფოთის პორტში
ნავთობის სარკინიგზო ცისტერნები ფოთის პორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან გადის სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ნატურალური ღვინო, ფეროშენადნობები, მინერალური წყალი და სხვ.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან ექსპორტი 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში 24,5%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 2,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

წლის დასაწყისიდან ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1,9 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით მეტია.

საქართველოში 2018 წლის ათ თვეში შემოიტანეს თითქმის 7,6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია – 19,2%-ით მეტი, ვიდრე 2017 წლის იანვარ–ოქტომბერში.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველო წარმატებით ვაჭრობს: ექსპორტი ერთი მეოთხედით გაიზარდა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის იანვარ–ოქტომბერში, 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 20,5%-ით გაიზარდა და 10,3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის დასაწყისიდან შეადგინა 4,8 მლრდ დოლარზე მეტი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 46,6%-ია.

რას ვყიდით და რას ვყიდულობთ

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

ამ პერიოდში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 17,1%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების — 19,4%-ით, ფეროშენადნობების – 18,4%–ით, მსუბუქი ავტომობილების — 82,1%-ით, სამკურნალო საშუალებების – 3%–ით და სხვ.

საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2018 წლის ათ თვეში გაიზარდა 23%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 31,3%-ით, მსუბუქი ავტომობილების – 29,5%–ით და სხვ.

მატყლის დამუშავება - Sputnik საქართველო
რისთვის სჭირდებათ ევროპაში ქართული მატყლი

ამავე დროს, საანგარიშო პერიოდში შემცირდა იმპორტი ნავთობის გაზისა და აირადი ნახშირწყალბადების – 2,5%-ით, სამკურნალო საშუალებების – 2,1%-ით და სხვა.

სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორებად 2018 წლის დასაწყისიდან რჩებიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ათ თვეში ამ ქვეყნებთან ბრუნვამ დაახლოებით 3,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 33,5%-ს შეადგენს.

საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხრივ ლიდერობს თურქეთი. თურქეთთან ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში 1,4 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია; სავაჭრო ბრუნვა ამ პერიოდში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 11,1%-ით გაიზარდა.

მეორე ადგილზეა რუსეთი. საგარეო ბრუნვამ რუსეთთან წლის დასაწყისიდან დაახლოებით 1,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 11%-ია, ხოლო ბრუნვის ზრდა – 20%.

ღვინის მაღაზია თბილისში - Sputnik საქართველო
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ღვინის ექსპორტისგან ათ თვეში

მესამე ადგილზეა ჩინეთი. საქართველოსა და ჩინეთს შორის საგარეო ბრუნვამ 903,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 8,8%-ია, ხოლო ზრდა – 25%.

საქართველო ასევე ვაჭრობს აზერბაიჯანთან (836 მლნ დოლარი), უკრაინასთან (546 მლნ დოლარი), სომხეთთან (508,7 მლნ დოლარი), აშშ-თან (441,6 მლნ დოლარი), გერმანიასთან (396,3 მლნ დოლარზე მეტი), საფრანგეთთან (245,6 მლნ დოლარზე მეტი), ბულგარეთთან (362,8 მლნ დოლარი).

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 2,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 18,6%-ით მეტია. ექსპორტმა ამ თანხიდან შეადგინა 599,7 მლნ დოლარი – 11,1%-ით მეტი, ხოლო იმპორტმა – დაახლოებით 2,2 მლრდ დოლარი – 20,9%-ით მეტი. ევროკავშირის ქვეყნების წილმა მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 32,7% შეადგინა.

საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

საქართველო ასევე წარმატებით ვაჭრობს დსთ-ის ქვეყნებთან – სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის ათ თვეში 3,5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 27,4%-ით მეტია.

მანდარინი - Sputnik საქართველო
საქართველოდან ციტრუსის ექსპორტი ექვსჯერ გაიზარდა

უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტი მოახდენს შეთანხმების რატიფიკაციას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჰონგ-კონგთან.

უფრო ადრე საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან (EFTA) და დსთ-ის ქვეყნებთან.

გარდა ამისა, საქართველომ და ინდოეთმა 2017 წლის აპრილში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე. ასევე მიმდინარეობს წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან შესაძლო მოლაპარაკებების თაობაზე Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ.

გარდა ამისა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში შეიძლება საქართველომ და იაპონიამ დაიწყონ. ამის შესახებ საქართველოს და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში 4 სექტემბერს განაცხადეს.

ყველა ახალი ამბავი
0