თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ავტოპარკის 90%-ს ელექტრომობილებით ჩაანაცვლებენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პროექტ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის" პრეზენტაციაზე, რომელიც ორშაბათს გაიმართა.
„საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით და, შესაბამისად, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ მოკლე ვადაში ჩაანაცვლებს თავის ავტოპარკს ელექტრომობილებით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, მაგრამ ამავე დროს ეს გეგმა ძალიან დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს და ძალიან დიდ ღირებულებას შესძენს ჩვენს ეკონომიკას", – განაცხადა ბახტაძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობამ უპირატესობა ელექტრომობილებს მიანიჭა – იმპორტის შემთხვევაში ისინი, ფაქტობრივად, არ ექვემდებარებიან განბაჟებას. ამასთანავე ხელისუფლება გეგმავს ელექტროტრანსპორტისა და ტრადიციული ავტომობილების განბაჟების ნაწილში სხვაობის ნაბიჯ-ნაბიჯ გაზრდას.
„ამასთან ერთად, ჩვენ განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს და ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს საქართველოში ელექტროავტომობილების შემოყვანით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთი სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც ის საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით მიიღებს, ხუთწლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯების გარეშე", – განაცხადა პრემიერმა.
მისი სიტყვებით, ეს ელექტრომობილებისთვის ძალზე მნიშვნელოვან უპირატესობებს შექმნის.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქართველოში გაგვიჩნდება საკმაოდ მსხვილი ბაზარი. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ორ ყველაზე ცნობილ ბრენდთან, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა", – აღნიშნა ბახტაძემ.
პრეზენტაციაზე პრემიერმა კიდევ ერთი სიახლე გაახმოვანა, რომელიც მომავალი კვირიდან დაიწყება.
„მომავალი კვირიდან საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანა დაიწყება და შემდეგი ერთი წლის განმავლობაში ორი ათასზე მეტი ელექტრომობილი შემოვა", – განაცხადა ბახტაძემ.
მისი სიტყვებით, აღნიშნული ელექტრომობილების ექსპლუატაციის დასაწყისში გამოყენებული იქნება ე.წ. CarSharing-ის, ანუ საზიარო ავტომობილების პრინციპი, რომელსაც უზარმაზარი უპირატესობა აქვს და მნიშვნელოვნად შეამცირებს თბილისში ტრადიციული ავტომობილების ტრაფიკს.
ამ დროისთვის ელექტრომობილების იმპორტი გათავისუფლებულია აქციზისგან, ხოლო ჰიბრიდული ავტომობილებისთვის იგი ორჯერ დაბალია.