თბილისში მეტროს ახალი მიწისზედა სადგურები გაიხსნება

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტროს სადგური „თავისუფლების მოედანი"
მეტროს სადგური „თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში რვა ახალი სადგურის აშენება იგეგმება.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში გაჩნდება მეტროს ახალი მიწისზედა სადგურები სამგორიდან ლილოს მიმართულებით, ამისთვის გამოყენებული იქნება შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ორშაბათს გამართა პროექტის „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტი" პრეზენტაცია, რომლის ნაწილია თბილისში მიწისზედა მეტროს განვითარება.

ბახტაძის განცხადებით, მშენებლობისთვის გამოიყენებენ შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას. პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებდა თბილისში ახალი შემოვლითი სარკინიგზო ხაზის გაყვანას, 2010 წელს დაიწყეს. თუმცა პროექტი 2012 წელს ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ შეჩერდა.

„დღეს ჩვენ ვაანონსებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენ დედაქალაქში... პერსპექტივაში ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში ქალაქი რუსთავიც შესაბამისი ინფრასტრუქტურით მივაბათ თბილისის მეტროს. ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტია", – განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება ობიექტური იყო, რადგან ის სტანდარტებს არ პასუხობდა.

თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ მეტროში მგზავრთნაკადის მატებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

„უფრო მეტიც, ის იყო კონტრპროდუქტიული და რეტროგრადულიც... გარდა ამისა, ამ პროექტს ჰქონდა ბევრი საინჟინრო ნაკლოვანება და გვქონდა საერთაშორისო დასკვნები, რომლის მიხედვითაც ამ პროექტის დამთავრება არსებული დიზაინით იყო აბსოლუტურად მიუღებელი", – აღნიშნა ბახტაძემ.

ახალი პროექტის დეტალებზე ისაუბრა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისი განცხადებით, მეტროს ახალი მიწისზედა ხაზის მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით, ასევე თბილისის აეროპორტისკენ 2019 წლის ბოლოს დაიწყება.

„დაახლოებით რვა ახალი სადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში, დაიხარჯება 90 მილიონი დოლარი. აქედან 30 მილიონამდე არის მეტროს ვაგონების ღირებულება, დანარჩენი არის მეტროს ინფრასტრუქტურების ღირებულება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ის 200 ათასზე მეტ ადამიანს მოემსახურება", – განაცხადა კალაძემ.

მეტრო ვარკეთილი - Sputnik საქართველო
მეტროს ვაგონებს შორის ინტერვალი შემცირდება

მისი თქმით, პირველ ეტაპზე ხაზზე იმოძრავებს ექვსი ახალი შემადგენლობა. მოცდის დრო იქნება 10 წუთი, თუმცა, დროთა განმავლობაში ეს დრო შემცირდება.

„გავზრდით ვაგონების რაოდენობას და შევამცირებთ მოცდის დროს... ჯამში ეს რეალურად შექმნის საფუძველს, რომ ქალაქში დამკვიდრდეს წესრიგი, შეიქმნას სუფთა გარემო და კომფორტი ჩვენი მოქალაქეებისთვის", – აღნიშნა კალაძემ.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე - ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზისა - 40 კილომეტრი, ხოლო მეორე ხაზის - 17.

 

ყველა ახალი ამბავი
0