თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია თბილისის მეტროპოლიტენის მატარებლებს შორის ინტერვალის შემცირებაზე მუშაობს, განაცხადა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
დღეისთვის მატარებლებს შორის ინტერვალი დღის საათებში 3–დან 5 წუთამდე მერყეობს, საღამოს საათებში კი 8–დან 10 წუთამდე.
„ჩვენ ვგეგმავთ ვაგონების დამატებას. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ კომპანია Stadler–თან, რომელთანაც თანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული. მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ გვსურს შეთანხმების მიღწევა, რათა საქართველოში მოხდეს ვაგონების აწყობა და წარმოება და დავაკმაყოფილოთ არამარტო ჩვენი მეტროს მოთხოვნები, არამედ მოვემსახუროთ მთელ რეგიონს“, – განაცხადა კალაძემ.
მისი სიტყვებით, პარალელურად გარემონტდება მეტროს ძველი ვაგონები.
შვეიცარიული კონცერნი საქართველოში ქარხანას ააშენებს>>>
კომპანია Stadler–მა საქართველოში რეგიონალური ქარხნის აშენების შესახებ გადაწყვეტილება მაისში მიიღო და გეგმავს რეგიონის მომარაგებას შესაბამისი მაღალი სტანდარტის მატარებლებით.
კომპანია Stadler–ი 1942 წელს ციურიხში ერნსტ შტადლერმა დააარსა. მას შემდეგ კომპანია მიზანმიმართულად იზრდებოდა და ვითარდებოდა. დღეისთვის Stadler–ი 11 ევროპულ რეგიონში, აფრიკაში, ავსტრალიასა და აშშ–შია წარმოდგენილი.