თბილისი, 19 მარტი — Sputnik. 2018 წელს თბილისიდან ბათუმში ჩასვლა ელექტრომობილით უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი, განაცხადა კომპანია E-Space-ის დირექტორმა სულხან გვალიამ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.
E-Space — საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელიც ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაციას ეწევა და დამუხტვის შესაბამისი ქსელის განვითარებით არის დაკავებული. მანძილი თბილისიდან ბათუმამდე 370 კილომეტრია.
„თბილისი–ბათუმის ავტობანზე წელს ელექტრომობილების დასამუხტი ოთხი სადგური გაიმართება", — განაცხადა გვალიამ და აღნიშნა, რომ ეს საკმარისი იქნება ავტომობილით ბათუმში ჩასასვლელად.
2018 წლის ბოლომდე ელექტრომობილის დამუხტვა უფასოდ იქნება შესაძლებელი, აღნიშნა გვალიამ.
„შემდეგ გადავხედავთ ავტომობილების ზრდის დინამიკას და მივიღებთ გადაწყვეტილებას", — განაცხადა მან.
მისი თქმით, დღეს საქართველო ორი გამოწვევის წინაშე დგას — ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების დამონტაჟება მთელ ქვეყანაში და ავტომობილის დამუხტვის შესაძლებლობა სახლში.
„სახლებში, სადაც არის პარკირების ადგილი, გადაწყვეტილება სწრაფი დამუხტვის სადგურების შესახებ უკვე მიღებულია, სადაც არ არის — მერიას შევუთანხმდებით", — აღნიშნა გვალიამ.
საქართველოში ამჟამად ელექტრომობილების დამუხტვის 40 უფასო სადგური არსებობს. გარდა ამისა, ელექტრომობილის დამუხტვა სახლშიც არის შესაძლებელი.
2017 წლის იანვრიდან ნებისმიერი წლის გამოშვებულ ჰიბრიდულ ავტომობილზე აქციზი 60%-ით შემცირდა. ხოლო ელექტრომობილები აქციზს საერთოდ არ ექვემდებარებიან.
კომპანია E-Space 15 კომპანიასთან და თბილისის მერიასთან თანამშრომლობს. ელექტროდასამუხტი სადგურები გახსნილია თბილისში, თელავში, ყვარელში, სიღნაღში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმსა და მცხეთაში.