„ინტერ რაომ" საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მორიგი სარჩელი შეიტანა

გამოწერა
სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟში შეტანილი სარჩელის შემდეგ "ინტერ რაოს" შვილობილმა სტრუქტურებმა სარჩელი შეიტანეს საინვესტიციო დავების მოგვარების საკითხებში მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ცენტრში. ორი სარჩელის პრეტენზიების საერთო თანხა 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. რუსული ენერგოჰოლდინგ „ინტერ რაოს" შვილობილმა კომპანიებმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანეს და ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით ენერგოტარიფების გაზრდაზე უარის გამო ზარალის კომპენსაციას მოითხოვენ არანაკლებ 175 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, წერს რუსული გაზეთი КоммерсантЪ („კომერსანტი").

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ბუნებრივ აირზე ტარიფები შეიძლება არ შეიცვალოს

სარჩელი ლონდონში საინვესტიციო დავების მოგვარების საკითხებში მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ცენტრში „ინტერ რაოს" ნიდერლანდების სტრუქტურებმა Gardabani Holdings B.V. და Silk Road Holdings B.V. შეიტანეს. როგორც „კომერსანტს" კომპანიებში განუმარტეს, სარჩელის თანხა მინიმუმ 175 მლნ აშშ დოლარია და ის შეიძლება შეიცვალოს (გაიზარდოს).

ივნისში სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟში დაიწყო პროცესი, სადაც „ინტერ რაოს" კომპანიები კიდევ 125 მლნ აშშ დოლარს მოითხოვენ.

Silk Road-ი ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის" 75,11%-ს ფლობს — პაკეტი საქართველოს მთავრობისგან 1998 წელს შეიძინეს. Gardabani-მ კი ჰესების „ხრამი-1" და „ხრამი-2" 100% 2011 წელს შეიძინა. მათი კონფლიქტი საქართველოს მთავრობასთან 2015 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიებმა, ლარის დევალვაციასთან და გაზზე ფასების მომატების შედეგად ელექტროენერგიის თვითღირებულების გაზრდის გამო, რეგულატორისგან ელექტროენერგიაზე ტარიფების მკვეთრი ზრდა მოითხოვეს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

ანთებული გაზქურა - Sputnik საქართველო
საქართველოში ბუნებრივ აირზე მომატებული ტარიფი ამოქმედდა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი მიიჩნევს, რომ პრეტენზიებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ რუსული „ინტერ რაოს" მხრიდან იურიდიული საფუძველი არა აქვს.

სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში ელოშვილმა დაადასტურა, რომ მხარეებს შორის არსებულ მემორანდუმში ნამდვილად არის ჩანაწერი, რომელიც რუსულ კომპანიას ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში ტარიფების გაზრდის უფლებას აძლევს, თუმცა, ქართული მხარე შეთანხმების სხვა პუნქტებზეც მიუთითებს, რომლებიც მას პრივილეგიას ანიჭებს.

მინისტრის თქმით, „უცებ, ოთხი წლის შემდეგ მათ („ინტერ რაომ") პრეტენზია წამოგვიყენეს და მემორანდუმის გარკვეული პუნქტები გაააქტიურეს". ელოშვილი მიიჩნევს, რომ „მათი მოთხოვნების 90-95%-ს არანაირი იურიდიული ან მორალური საფუძველი არ გააჩნია". მან ასევე რუსული მხარის მოთხოვნილ თანხას „აბსურდული" უწოდა.

იურისტების აზრით, სარჩელების პერსპექტივა შეთანხმებების ფორმულირების მკაფიოობასა და არბიტრების განხილვა-გააზრებაზეა დამოკიდებული.

ყველა ახალი ამბავი
0