14:52 16 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
ზეთისხილის პლანტაცია კახეთში

რა პროდუქციას შესთავაზებს საქართველო ახლო მომავალში საერთაშორისო სასურსათო ბაზრებს

მთავრობის პრესსამსახურის ვებ-გვერდი
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
64371

რომელ აგრარულ კულტურებს აქვს უახლოეს ხანებში მსოფლიო ბაზრებზე გასვლის პერსპექტივა და როგორი უნდა იყოს ამ საკითხებისადმი ფერმერის მიდგომა, ამ თემაზე Sputnik საქართველოს აგრარული საკონსულტაციო კომპანიის დირექტორი ირაკლი ჩიქავა ესაუბრა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს ეტაპობრივ განვითარებასთან ერთად, სულ უფრო იზრდება უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორთა დაინტერესება. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და შესაბამისად დაინტერესება მაღალშემოსავლიან კულტურებზეა, რომლებიც მოითხოვენ დიდ ინვესტიციას და დროს.

ბოლო დროს, ჩვენს ქვეყანაში, აქტიურად ვითარდება სოფლის მეურნეობის რამდენიმე მიმართულება. ძირითადი დაინტერესება საექსპორტო კულტურებზე მოდის.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წელს საქართველოდან ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა წინასწარი მონაცემებით, 208 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ევროკავშირში საქართველოდან მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 30%-ია. ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება.

დასავლეთ საქართველოში, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარისა და გურიის რეგიონში მაღალი ხარისხის ლურჯი მოცვი მოჰყავთ. აღნიშნულ რეგიონებში უკვე რამდენიმე ასეული ჰექტარი ლურჯი მოცვის პლანტაციაა გაშენებული. უმეტესობა უკვე მსხმოიარობს. წარმოებული მოცვის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გადის, რაც კიდევ უფრო ზრდის დაინტერესებას აღნიშნული კულტურის მიმართ. მოცვის ექსპორტის მაჩვენებელი მზარდია (ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წელი —150 ათასი აშშ დოლარი. 2015 წელი — 215 ათასი აშშ დოლარი). ზოგადად, ლურჯ მოცვზე საერთაშორისო მოთხოვნაც სწრაფად იზრდება.

კენკროვან კულტურებში, მოცვის გარდა დიდი მოთხოვნაა უკელო მაყვლისა და ჟოლოს წარმოებაზე. მოცვისგან განსხვავებით, უეკლო მაყვლისა და ჟოლოს ბაღები, ძალიან მცირე რაოდენობითაა და მათი ჯამური ფართობი 50 ჰექტარზე მცირეა. ქართველი თუ უცხოელი მეწარმეები ყოველწლიურად აქტიურად აშენებენ უკელო მაყვლისა და ჟოლოს ბაღებს. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მოცვს, ასევე სხვა კენკროვან კულტურებსაც დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვთ.

სასურსათო პროდუქციის საექსპორტო კალათაში ერთ-ერთი პირველი ადგილი თხილს უკავია. 2016 წელს 178 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი მოხდა საქართველოდან. შესაბამისად ყოველწლიურად იზრდება თხილის ბაღების რაოდენობა და ფართობი. თხილის გარდა ძალიან აქტიურად ხდება სხვა კაკლოვანი კულტურების გაშენება, როგორიცაა კაკალი, ნუში და ფსტა.

ბოლო 4 წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული ჰექტარი, ინტენსიური ტიპის, კაკლის ბაღი გაშენდა საქართველოში და ბაღების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

დიდი დაინტერესებაა ნუშის ბაღებზე. საქართველოში უკვე გაშენდა 400 ჰექტარზე მეტი ნუშის ბაღი და ინვესტორების დაინტერესება ამ მიმართულებით ძალიან მაღალია. ნუში ძალიან პერსპექტიული კულტურაა და დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს.

ფსტას კულტურა ახლა იდგამს ჩვენთან ფეხს. თუ ნუში, კაკლი და თხილი საქართველოსთვის ნაცნობი და ტრადიციული კულტურებია, სულ რამდენიმე წელია რაც ფსტას პირველი ბაღები გაჩნდა საქართველოში. ფსტას ძირითადად უცხოელი ინვესტორები აშენებენ და მათ კონკრეტული სარეალიზაციო ბაზრებიც მოძიებული აქვთ.

კაკლოვანი კულუტურების ბაღები საქართველოში ყოველწლიურად მრავლდება და სულ მალე საექსპორტო კალათაში კაკალი, ნუში და ფსტა საპატიო ადგილს დაიკავებს.

გაშენებული ფართობების ხანდაზმულობისა და მოცულობის მიხედვით, კაკალი პირველი კულტურა იქნება, რომელიც ექსპორტზე შეიძლება გავიდეს. თუმცა ამისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბაღების გაშენება, არამედ გადამამუშავებელი საწარმოს არსებობაც. პირველადი გადამუშავების გარეშე, ვერც ერთი კაკლოვანი კულტურა ვერ გავა ექსპორტზე.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტები ადგილობრივ ფერმერებსა თუ ინვესტორებს აძლევს საშუალებას, რომ ერთის მხრივ გააშენონ ბაღები და მეორე მხრივ გადამამუშავებელი და სასაწყობე მეურნეობებისთვისაც მიიღონ დაფინანსება (გრანტის თუ შეღავათიანი კრედიტის სახით).

მაგალითისთვის 1 ჰა კაკლის ბაღის გაშენება დაახლოებით 12-15 ათასი ლარი ჯდება. მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი მოსავლის მიღება მეხუთე წლიდან იწყება და საჰექტრო მოსავლიანობა საშუალოდ 5 ტონას აღწევს. გაშენებულ ინტენსიური ტიპის კაკლის ბაღებს, დაახლოებით 25-30 წელი აქვთ საწარმოო პოტენციალი. აღსანიშნავია, რომ მოსავლის მიღებამდე კაკლის ბაღის მოვლის საჰექტრო ხარჯი დაახლოებით 2,000 ლარია. ამ რიცხვებიდანაც ჩანს, რომ კაკლის ბაღი საკმაოდ მომგებიანია, თუმცა იმისთვის, რომ მოგება მივიღოთ, პირველ რიგში საჭიროა ცოდნა, სწორი მოვლა-პატრონობა და აგროტექნიკური ღონისძიებების დროულად და თანმიმდევრულად შესრულება.

ზოგდად, აგრობიზნესი გრძელვადიან ჭრილში უნდა განვიხილოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე არსებული შესაძლებლობები დროულად იქნას გამოყენებული. მნიშვნელოვანია მიმართულების სწორად შერჩევა, ბაზრის ანალიზი და ცოდნა.

მთავარი თემები