ახალგაზრდა ქართველმა მხატვარმა ნიუ-იორკში ფურორი მოახდინა

© photo: Tedo Rekhviashvili Art‎ / FBთედო რეხვიაშვილი
თედო რეხვიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის პირველი კურსის სტუდენტია.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის ყოველწლიურ საქველმოქმედო მიღებაზე Tribeca Ball ფურორი მოახდინა. მიღება გუშინ გაიმართა.

ღონისძიება აკადემიის სხვადასხვა პროექტისთვის სახსრების შეგროვების მიზნით იყო ორგანიზებული. მიღებას, ტრადიციულად, სტუმრობენ ცნობილი აუქციონის სახლების, ცნობილი ჟურნალების წარმომადგენლები, კულტურის კრიტიკოსები მთელი მსოფლიოდან, ასევე კოლექციონერები, დიზაინერები, მწერლები, მეწარმეები, მოდელები და ჰოლივუდის კინოვარსკვლავები.

ცირა ახობაძე - Sputnik საქართველო
ამბავი, რომელმაც ქართველი მხატვარი „აიძულა“ ამერიკაში ინტერიერის დიზაინერობა დაეწყო

როგორც თედო რეხვიაშვილმა, ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის პირველკურსელმა „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას განაცხადა, მან სპეციალურად Tribeca Ball-სთვის 14 ნამუშევრისგან შედგენილი აბსტრაქციების ახალი სერია შექმნა.

„ეს კომპოზიცია თავისუფალ თემაზეა. მათ შორის არ არის ჩემი სურათები საქართველოდან. ეს აბსოლუტურად ახალი სერიაა, რომელიც აკადემიაში სწავლის პარალელურად შევქმენი. ყველა ფერწერული ნამუშევარია, შესრულებულია ზეთით ტილოზე", – აღნიშნა რეხვიაშვილმა.

სწორედ ქართველი ფერმწერის ნახატებმა დაიპყრო ამერიკელი ვარსკვლავის ბრუკ შილდსის გული, რომელიც Tribeca Ball-ის ხშირი სტუმარია. საღამოზე თედომ გაიცნო მსახიობი, რომელმაც სიამოვნებით გადაიღო ფოტოები მხატვრის ნამუშევრების ფონზე.

„ჩემს ნახატებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ბრუკ შილდსმა. ის დამელაპარაკა, მკითხა სამომავლო გეგმებზე. ბრუკ შილდსი ოფიციალურად თანამშრომლობს აკადემიასთან და დაინტერესებულია გამოჩენილ მოსწავლეებთან კონტაქტებით. ასე რომ, ის დადის მათ გამოფენებზე, კურირებს სხვადასხვა გალერეასთან კონტაქტებს, ასევე აკვირდება მხატვრის განვითარების პროცესს", – აღნიშნა თედომ.

რეხვიაშვილმა ასევე ისაუბრა ახალგაზრდა მხატვრის კარიერაში ისეთი ღონისძიების მნიშვნელობაზე, როგორიც Tribeca Ball-ია:

„Tribeca Ball – ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა ნიუ-იორკში. აქ ხელოვანი ხალხი იცნობს ერთმანეთს, ცვლიან კონტაქტებს არტ-კურატორებთან, კოლექციონერებთან, გალერისტებთან. ანუ, ეს ღონისძიება რეალურად ეხმარება ახალი, სტუდენტებისთვის სასარგებლო კავშირების დამყარებაში, საჭირო ადამიანების მოძებნაში, რომლებსაც შემდეგ დიდი როლის შესრულება შეუძლიათ მხატვრის კარიერაში, ასევე სურათების რეალიზაციასა და გამოფენების ორგანიზაციაში“.

თეკლა მელაძე გამოფენაზე - Sputnik საქართველო
„არტექსპო ნიუ-იორკის“ ისტორიაში ყველაზე პატარა ქართველი მხატვარი და VIP სტუმარი

თედოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქველმოქმედო საღამოზე მისი ნახატები არ გაყიდულა, მალე ისინი მის პერსონალურ გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი, რომელიც ნიუ-იორკში 2019 წელსაა დაგეგმილი.

საქართველოში თედო რეხვიაშვილი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში (New York Art Academy) სწავლისთვის საჯაროდ ითხოვა საზოგადოებისგან ფინანსური დახმარება. ახალგაზრდა მხატვარი გრაფიკის ფაკულტეტზე ყველაზე ნიჭიერი აბიტურიენტების ათეულში მოხვდა და 15 ათასი დოლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა. მაგრამ ეს თანხა საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ რეხვიაშვილი უმაღლესი სასწავლებლის სრულფასოვანი სტუდენტი გამხდარიყო. მას 24 ათასი დოლარი არ ჰყოფნიდა.

მხატვარი ლაშა ბაღათურია - Sputnik საქართველო
სპრეით დახატული ნიუ-იორკი და ცნობილი ესპანელი ლამაზმანი ქართველი მხატვრის ობიექტივში

რეხვიაშვილის თქმით, მას საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა იმისთვის სჭირდებოდა, რომ მიეღო ახალი ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ის აუცილებლად დაუბრუნებდა საკუთარ სამშობლოს. საბოლოოდ თედოს ყველაფერი გამოუვიდა. მის დასახმარებლად ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიებები. პარალელურად ფინანსური დახმარება მიმდინარეობდა ონლაინ. თანხა სრულად შეგროვდა და თედო ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის სტუდენტი გახდა.

თედო რეხვიაშვილი 1990 წელს დაიბადა. 2012 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი და ამავე სასწავლებლის მაგისტრი გახდა 2014 წელს.

საქართველოში ის ლექციებს კითხულობდა ხელოვნების კოლეჯში, დაკავებული იყო სხვადასხვა არტ-პროექტითა და პროგრამით, მუშაობდა გრაფიკაში, ქანდაკებაში, ფერწერაში, წიგნის დიზაინზე და სხვ. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო.

ყველა ახალი ამბავი
0