თითქმის თხუთმეტი წელია ამერიკაში ცხოვრობს. ახლახან ნიუ-იორკში, მისი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. დაამთავრა თბილისის ნატიფი ხელოვნების აკადემია. თავისი შემოქმედების პირველ ეტაპზე, აკვარელით მუშაობდა და სწავლის პერიოდიდან მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. თბილისში და ქუთაისში რამდენიმე პერსონალური გამოფენა ჰქონდა. 2001 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. ამერიკაში კომპანია Madatart-ის წევრია. 2003 წელს მისი გამოფენა ნიუ-იორკის გალერეა “warel –Nase“-ში მოეწყო. 2016-2017 წლებში კი მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ემანუელ ფრემინ გალერიში, ჯადით გალერიში და ნიუ-იორკის არტექსპოზე. ქმნის ტანსაცმლის ორიგინალურ მოდელებსა და სამკაულებს, გატაცებულია მხატვრული ფოტოგრაფიით და ინტერიერის დიზაინით. ქალბატონ ცირას ნიუ-იორკში დავუკავშირდით.
- ქალბატონო ცირა, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
— ოჯახში პროფესიონალი მხატვარი არავინ გვყავდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ხატვის სიყვარული მაინც ჩვენი ოჯახური გატაცებაა. ბებია შესანიშნავად ხატავდა და ქარგავდა, მამიდა ხატავს და ფოტოგრაფიითაა გატაცებული. შესანიშნავად ხატავენ ასევე ჩემი ძმა და დისშვილი.
— შემოქმედების პირველ ეტაპზე აკვარელით ხატავდით, საკუთარ ხელწერას როგორ მიაგენით?
— ისევე როგორც ყველა სტუდენტი, თავდაპირველად მეც ნატურმორტებსა და პეიზაჟებს ვხატავდი, შემდეგ ეტაპზე უმთავრესად ვცდილობდი ტექნიკა დამეხვეწა და ნამუშევრის შინაარსს უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებდი. მსურდა ნახატში ჩემი ფიქრები და ემოციები გადმომეცა. ბუნებრივია, სტუდენტობისას ყველა ექცევა დიდი მხატვრების შემოქმედების ზეგავლენის ქვეშ. ვმუშაობდი სხვადასხვა ტექნიკისა და მასალის გამოყენებით და შედეგად საკუთარი ხელწერა და სტილი ვიპოვე. ჩემი აზრით, სწორედ ეს ეტაპი იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიყვარს აკვარელით მუშაობა, მაგრამ განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს გრაფიკა, რომელიც თვითგამოხატვის საშუალებას მაძლევს. საქართველოში ცხოვრების პერიოდში ჩემი ნამუშევრების სხვადასხვა დროს „ქარვასლასა“ და „ცისფერ გალერეაში“ გამოიფინა.
— რამდენადაც ვიცი, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდით და ტანსაცმლის მოდელირების ფაკულტეტზე კომპოზიციასა და ფერწერას ასწავლიდით. რით იყო ის წლები გამორჩეული?
— ეს განუმეორებელი წლები იყო. პედაგოგებთან და სტუდენტებთან მჭიდრო ურთიერთობამ პროფესიული ზრდის საშუალება მომცა, გამოცდილი კოლეგებისგან ბევრი ახალი რამ ვისწავლე. პედაგოგიური საქმიანობა უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანია. სტუდენტებთან მუშაობა დადებითი ენერგიით გავსებს, ცდილობ, რომ თითოეული მათგანის შინაგან სამყაროს ჩაწვდე, გადასცე შენი ცოდნა ისე, რომ მათი ინდივიდუალიზმი არ დაამსხვრიო. ძალიან გაწონასწორებული და ყურადღებიანი უნდა იყო, რათა ისე ასწავლო ფერისა და ხაზის საშუალებით გრძნობების გამოხატვა, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ არ მოაქციო და ხელწერა შეუნარჩუნო. ამ დროს უნდა შეძლო, ერთდროულად იყო მხატვარი, მასწავლებელი, ფსიქოლოგი და უბრალოდ მეგობარიც…
- ქალბატონო ცირა, ტანსაცმლის დიზაინერი ხართ. თქვენი აზრით, რითია სხვადასხვა დროის თბილისური მოდა გამორჩეული — მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი რაიმე სტილი და სახე თუ აქვს?
— თბილისს ყოველთვის თავისი შარმი აქვს. ეს განსაკუთრებით მაშინ ვიგრძენი, როცა ამერიკაში საცხოვრებლად გადმოვედი. ქართული მოდა დასავლური ზომიერების და აღმოსავლური ემოციურობის ბრწყინვალე ნაზავია. ქართველ ქალებს დახვეწილი გემოვნება და ჩაცმის ორიგინალური სტილი აქვთ. ძალიან მახარებს ბოლო წლებში მომრავლებული მოდის კვირეულები. ახალგაზრდა მოდელებს ეს განვითარების და საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის საშუალებას აძლევს. დღეს ქართველები ტოლს არ უდებენ მსოფლიოს გამორჩეულ დიზაინერებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ თანამედროვე მოდის განვითარებაში.
— გაიხსენეთ ამერიკისგან მიღებული პირველი შთაბეჭდილება — რამ გაგაოცათ ყველაზე მეტად?
— ამერიკული კულტურა მრავალი სხვადასხვა კულტურის ჰარმონიული შერწყმის პროდუქტია. ის ზოგჯერ ქართულ მრავალხმიან სიმღერას მაგონებს, რომელსაც ხმათა სიმრავლე და განსხვავებულობა კიდევ უფრო ალამაზებს და ამდიდრებს. აქ თვითგამოხატვის საშუალება ყველას აქვს. ერთი სიტყვით, ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა, მთავარია, ეს შესაძლებლობები სწორად გამოიყენო.
— თქვენი შემოქმედების ამერიკული ეტაპი უმეტესად გრაფიკულ ნამუშევრებს შეიცავს, რატომ?
— იმიტომ, რომ გრაფიკა არ მოითხოვს განსაკუთრებულ სამუშაო პირობებს და დიდ მასშტაბებს. ეს გარემოება ამერიკული ცხოვრების და მუშაობის დაძაბული ტემპის გამო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გრაფიკული ჩანახატების გაკეთება ყველგან და ყოველთვის შემიძლია, ტრანსპორტში გადაადგილების დროსაც კი. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ნიუანსებს და მცირე დეტალებს. ჩემი აზრით, მხატვრის სათქმელის არსს სწორედ ისინი გამოხატავს, გრაფიკა კი ამის ამოუწურავ შესაძლებლობებს იძლევა. ამერიკაში კომპანია Madatart —ის წევრი ვარ და აქტიურად ვარ ჩართული ამ კომპანიის მიერ ორგანიზებულ გამოფენებსა და პროექტებში.
- ამერიკაში ტანსაცმლის ორიგინალურ მოდელებს და სამკაულებს ამზადებთ. ვინ არიან თქვენი მომხმარებლები და რა სტილისაა თქვენი მოდელები?
— ძირითადად საშობაო დეკორაციებით ვარ დაკავებული. ვქმნი ხელნაკეთ სამკაულებს, ნაძვის ხის არამტვრევად სათამაშოებს, რომელიც ამერიკელ მომხმარებელს ძალიან მოსწონს. კიდევ ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული, ეს ჩემი ჰობია, მიყვარს წვრილმანებისა და საინტერესო ტიპაჟების დაფიქსირება. ხშირად ვხედავ იმას, რასაც იმ მომენტში ჩემს გარდა ვერავინ ხედავს…
- ქალბატონო ცირა, ამერიკაში გიცნობენ როგორც ინტერიერის დიზაინერს, ამ სფეროში როგორ აღმოჩნდით?
— მიმართულებით მუშაობა სრულიად შემთხვევით მომიწია. ერთ-ერთ ამერიკელ მეზობელს ახალი სახლის მისაღებ ოთახში ნივთების გადაადგილება ვურჩიე, რადგან ნივთების განლაგება ოთახს ძალიან აპატარავებდა. მან ჩათვალა, რომ ინტერიერის დიზაინერი ვიყავი, თუმცა ვუთხარი, რომ ჩემი პროფესია ტანსაცმლის დიზაინია. მთხოვა მეუღლის მოსვლამდე ნივთების ადგილმდებარეობა შეგვეცვალა. შედეგით მთელი ოჯახი კმაყოფილი დარჩა. მერე მიუხედავად ჩემი პროტესტისა, მთელ თავის სამეგობროს უთხრა, რომ ინტერიერის დიზაინერი ჰყავს, ცხადია, ამ თემაზე ხშირად ვხალისობთ. ის ამბობს, რომ ეს მან შემქმნა, როგორც ინტერიერის დიზაინერი. ასე დაიწყო ნიუ-ჯერსიში ჩემი კარიერა ამ სფეროში, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროდ მექცა. განსაკუთრებით ნათელი ფერები, დიდი სივრცე და კარგი, ბუნებრივი განათება მიყვარს.
— და ბოლოს, კითხვა, რომელსაც ბუნებრივია, უცხოეთში მცხოვრებ ყველა ქართველს ვუსვამ: ვინ და რა გენატრებათ საქართველოში?
— მენატრება ოჯახი, მეგობრები, თბილი ქართული ურთიერთობები… რა თქმა უნდა, მენატრება ჩემი გამზრდელი მამიდა, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. მენატრება პედაგოგიური საქმიანობა, რომელსაც უდიდესი სითბო და ხალისი შემოჰქონდა ჩემს ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები.