„არტექსპო ნიუ-იორკის“ ისტორიაში ყველაზე პატარა ქართველი მხატვარი და VIP სტუმარი

© FB/ Tekla Meladze Artთეკლა მელაძე გამოფენაზე
თეკლა მელაძე გამოფენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლაში ხატვის ნიჭი არ გამოუვლენია. ხატვა სპონტანურად დაიწყო მას შემდეგ, რაც პარიზში ყოფნის დროს მონმარტრზე ქართველ მხატვრებთან ერთად აღმოჩნდა. სულ მალე, ყოველგვარი სპეციალური სწავლის გარეშე, საოცარი ნამუშევრები შექმნა.

ერთ მშვენიერ დღეს კი ფერწერაში სერიოზული განაცხადი გააკეთა და ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტექსპო ნიუ-იორკის“ არსებობის 37-წლიანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე პატარა მონაწილე გახდა. თეკლა მელაძე 16 წლისაა და სკოლა-ლიცეუმ „ცოდნის'' მეათე კლასის მოსწავლეა.

მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს ნიუ-იორკის ისეთ სივრცეებში გამოიფინა, როგორებიცაა სპეციალიზებული საერთაშორისო გამოფენა NY Now, საქართველოს გენერალური საკონსულო და ქართული კულტურის ცენტრი; საქართველოში კი ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ნახატები „არტექსპო ნიუ-იორკის“ 2014 და 2015 წლის კატალოგებშია შესული. დღეს მხატვრის ფერწერული ტილოები ამერიკასა და საქართველოში სხვადასხვა კერძო კოლექციებში ინახება. სულ ახლახან საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში მისი პერსონალური გამოფენა მოეწყო, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა – აქ ბავშვთა ნახატების გამოფენა არასდროს გამართულა.

© FB/ Tekla Meladze Artთეკლა მელაძის ნახატი "პარიზი"
თეკლა მელაძის ნახატი პარიზი - Sputnik საქართველო
თეკლა მელაძის ნახატი "პარიზი"

— თეკლა, ერთ მშვენიერ დღეს ყოველგვარი სპეციალური განათლების მიღების გარეშე დაიწეთ ხატვა. გვიამბეთ, რა გახდა ამის სტიმული?

— ხატვა მართლა ყველასთვის მოულოდნელად დავიწყე. ამასთან დაკავშირებით პატარა ისტორიას მოგვიყვებით: სამი წლის წინ ჩემმა მშობლებმა პარიზში ჩაატარეს ქართული კულტურის დღეები, რომელშიც ქართველი მხატვრები იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენთან ერთად იყვნენ ბატონები ჯემალ და ზვიად კუხალაშვილები, რომლებიც მონმარტრზე გადიოდნენ და იქ ხატავდნენ. ხატვის დროს მათ ვაკვირდებოდი, მერე სახელოსნოში ვუყურებდი ბატონი ზურაბის ხატვას და ერთხელ მეც მომინდა მეხატა.

— ანუ სურვილი და დაკვირვება საკმარისი იყო იმისთვის, რომ ასე კარგად გეხატა?

— რა გითხრათ, ასე გამოდის, თორემ ხატვის ნიჭით სკოლაშიც არ გამოვირჩეოდი. როგორც სხვა ბავშვები, მეც ჩვეულებრივად ვხატავდი…

© FB/ Tekla Meladze Artთეკლა მელაძის ნახატი "სოფელი"
თეკლა მელაძის ნახატი სოფელი - Sputnik საქართველო
თეკლა მელაძის ნახატი "სოფელი"

— გამოდის, რომ მონმარტრის მაგიამ იმოქმედა…

— მონმარტრმა, ბატონმა ზურაბ ნიჟარაძემ, ბატონმა ჯემალ კუხალაშვილმა, ერთი სიტყვით, ყველამ და ყველაფერმა ერთად. ძირითადად პეიზაჟებს ვხატავ, ქართულ სიტუაციებს, ქართული სოფლის სურათებს.

მხოლოდ ერთი პორტრეტი მაქვს დახატული – ბატონი ზურაბისა, რომელიც სულ სამჯერ მყავდა ნანახი. მისი არც ფოტო მინახავს. როგორიც დავიმახსოვრე, ტილოზე ზუსტად ისეთი გადავიტანე.

© FB/ Tekla Meladze Artთეკლა მელაძის მიერ შესრულებული ნადირობის სცენა ვეფხისტყაოსნიდან
თეკლა მელაძის მიერ შესრულებული ნადირობის სცენა ვეფხისტყაოსნიდან - Sputnik საქართველო
თეკლა მელაძის მიერ შესრულებული ნადირობის სცენა ვეფხისტყაოსნიდან

— პირველი პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკში მოეწყო, არა?

— დიახ, პირველი პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკში მოეწყო. „არტექსპო ნიუ-იორკის“ არსებობის განმავლობაში მე ყველაზე პატარა მონაწილე გავხდი, ანუ მისი ვიპ-სტუმარი. როცა საქართველოში ჩამოვედით, სანამ ზურაბ წერეთლის მუზეუმში მექნებოდა გამოფენა, ქალბატონმა ინეზა ავალიანმა, რომელიც ბატონი რეზოს დეიდაშვილია, გვითხრა, რომ რეზო ჩხეიძის დიდი თხოვნა იყო, რომ ჩემი გამოფენა ოქტომბერში ქუთაისის დრამატულ თეატრში შემდგარიყო. შემდეგ ჩემი ნახატები სხვადასხვა ადგილებში გამოიფინა, სულ ბოლოს — სახელმწიფო მუზეუმში.

სხვათა შორის, აქ პირველად დაუშვეს, რომ ბავშვის გამოფენა გამართულიყო. გამოფენებში მონაწილეობის მიღება ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ იქ ბევრი მხატვარი მოდის და როცა ჩემ ნახატებს აფასებენ, მიხარია.

© FB/ Tekla Meladze Artთეკლა მელაძის მიერ შესრულებული ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი ბრძოლა
თეკლა მელაძის მიერ შესრულებული ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი ბრძოლა - Sputnik საქართველო
თეკლა მელაძის მიერ შესრულებული ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი ბრძოლა

— შენი, როგორც მხატვრის აღიარების შემდეგ აქვს აზრი, რომ გკითხო, სკოლის შემდეგ ვინ გამოხვალ და რა გზას აირჩევ-მეთქი?

— აქვს აზრი, იმიტომ რომ სკოლის მერე დიპლომატიურზე მინდა ჩავაბარო, ვფიქრობ, ეს ორი საქმე — ხატვა და დიპლომატია ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. პირიქით, გარკვეულად შეავსებს კიდევ. სხვათა შორის, კიდევ მუსიკით ვარ გატაცებული, გიტარაზე და ფორტეპიანოზე ვუკრავ.

© FB/ Tekla Meladze Artთეკლა მელაძის ნახატი "მრეცხავები"
თეკლა მელაძის ნახატი მრეცხავები - Sputnik საქართველო
თეკლა მელაძის ნახატი "მრეცხავები"

— საკუთარი ნამუშევრებიდან რომელი მოგწონს?

— მიმაჩნია, რომ ჩემი ყველაზე საინტერესო ნამუშევარი, რომელიც ყველას მოსწონს, არის ნახატი სახელად „ჭორიკნები“, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. ყვავილების ფესტივალზე ვიყავით და იქ შემოსასვლელთან იდგა ორი ქალი, რომლებიც გამუდმებით აკვირდებოდნენ ყველას და ვატყობდი, რომ ჭორაობდნენ. სახლში რომ მივედი, დავხატე.

© FB/ Tekla Meladze Artთეკლა მელაძის ნახატი
თეკლა მელაძის ნახატი - Sputnik საქართველო
თეკლა მელაძის ნახატი

— ფანტაზიას რომ მოუხმო, როგორ ფიქრობ, 15 წლის შემდეგ ვინ იქნები და სად იცხოვრებ?

— ალბათ, დიპლომატი ვიქნები და უფრო წარმატებული, ვიდრე ახლა ვარ. ვოცნებობ, რომ მაგ დროისთვის ამერიკაში ვიყო, იქ ვისწავლო და ვიცხოვრო, თანაც უკვე ვარ მიწვეული…

ყველა ახალი ამბავი
0