საქართველოს მთავარმა ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ საპრიზო ფონდი გაზარდა

© courtesy of Publishing House SABAპრემია „საბა“
პრემია „საბა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემია „საბა“ გადაეცემა ლიტერატორებს ათ ნომინაციაში

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მთავარი ლიტერატურული პრემია „საბა“ 2019 წელს გაზრდილი საპრიზო ფონდით და ჟიურის შერჩევის შეცვლილი წესებით ბრუნდება.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“, რომელიც TBC ბანკმა და საქართველოს Pen-ცენტრმა 2003 დაარსეს, გასული წლის ლიტერატურულ პროცესს შეაფასებს და საუკეთესო ავტორებს გამოავლენს. წელს პრემია მეჩვიდმეტედ გაიცემა.

სამხრეთ კორეაში ქართულ ლიტერატურას ეცნობიან >>

„წელს „საბას“ საპრიზო ფონდი გაიზარდა. გამარჯვებული ავტორები 9 ნომინაციაში 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარი იყო, თუმცა ახლა 10 000 ლარი იქნება“, - ნათქვამია პრემიის დამფუძნებლების განცხადებაში.

რაც შეეხება ჟიურის შერჩევის წესს, ჟიურის შემადგენლობას საკონსულტაციო საბჭო დაამტკიცებს, რომელშიც შედიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ერიკ-ემანუელ შმიტი - Sputnik საქართველო
ლიტერატურის აღიარებული გენიოსი თბილისს პირველად ეწვევა

ჟიურის წევრთა ვინაობა, ტრადიციულად, კონფიდენციალური იქნება და უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე, სექტემბერში გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ვინაიდან შარშან, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო გამოფენაში საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა, პრემია არ გაცემულა ნომინაციებში „საუკეთესო პიესა" და „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა". წელს ეს კატეგორიები დაბრუნდა. ჟიური წელს განიხილავს 2017 და 2018 წელს გამოცემულ პიესებსა და ლიტერატურულ კრიტიკას.

პრემია „საბაზე“ განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. ამისათვის მსურველებმა ელექტრონული განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე უნდა შეავსონ. წიგნების წარდგენა კონკურსზე შეუძლიათ როგორც ავტორებს, ისე გამომცემლობებს.

განაცხადების მიღება 2019 წლის 25 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას" ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ.

ბერლინში ქართული საბავშვო ლიტერატურა წარადგინეს >>

წელს „საბას“ სტატუეტები 10 ნომინაციაში გადაეცემა: საუკეთესო რომანი, საუკეთესო პოეტური კრებული, საუკეთესო პროზაული კრებული, საუკეთესო პიესა, საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი, საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი, ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

აღსანიშნავია, რომ „საბას" ფინალისტების ვინაობა 2019 წლის ივლისში პრემიის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. სადაც ყველა მსურველს საშუალება ექნება წაიკითხოს, შეიძინოს და გაეცნოს საკონკურსო ნამუშევრების ელექტრონულ ვერსიებს.

ყველა ახალი ამბავი
0