თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. გამოჩენილი ფრანგი და ბელგიელი მწერალი ერიკ-ემანუელ შმიტი, რომლის პიესები თარგმნილი და დადგმულია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, საქართველოს დედაქალაქს პირველად ეწვევა, იუწყებიან ორგანიზატორები.
გერმანიაში ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების თარგმანი გამოიცა>>>
ქართველ მკითხველთან შმიტის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 30 ნოემბერს არის დაგეგმილი.
საქართველოში მწერლის ვიზიტის ინიციატორი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაა" საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის (Institut Français de Géorgie) მხარდაჭერით.
როგორც გამომცემლობის მარკეტინგის განყოფილებაში „Sputnik–საქართველოს" განუცხადეს, მწერალთან შეხვედრის საღამოზე დასწრების პირობების შესახებ ინფორმაცია გამომცემლობის ოფიციალურ Facebook-გვერდზე 19 ნოემბერს გამოქვეყნდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დარბაზში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
შმიტი ლიონის მკვიდრია, მინიჭებული აქვს ფილოსოფიის დოქტორის წოდება. შერბურსა და შამბერში სამი წლის განმავლობაში ფილოსოფიას ასწავლიდა. ერიკ-ემანუელ შმიტი სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლების ოჯახში გაიზარდა. თავიდან საკუთარ თავს აგნოსტიკოსად მიიჩნევდა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ქრისტიანია.
შმიტმა თავისი პირველი სცენარი 1991 წელს დაწერა. „ღამე ვალონში" საფრანგეთსა და მის საზღვრებს გარეთ დაიდგა. თუმცა კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა მწერალს მეორე სპექტაკლმა "სტუმარი", რომელიც ზიგმუდ ფროიდისა და ღმერთის დიალოგზეა დაფუძნებული, რისთვისაც იგი 1993 წელს მოლიერის პრემიით დაჯილდოვდა.
2001 წელს შმიტი ფრანგული აკადემიის თეატრალური პრემიით დააჯილდოეს. მისმა „ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილებმა" კი 2004 წელს გერმანული წიგნის პრემია დაიმსახურა. უფრო მეტიც, მის საფუძველზე ომარ შარიფის მონაწილეობით ფილმიც გადაიღეს.
შმიტი ამჟამად ბრიუსელში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მწერალს 2008 წლიდან საფრანგეთის მოქალაქეობასთან ერთად ბელგიის მოქალაქეობაც აქვს მიღებული.