21:29 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ნინო ანანიაშვილი

ნინო ანანიაშვილს იაპონიის იმპერატორის პრემია გადაეცა

© Sputnik/ Юрий Абрамочкин
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

ნინო ანანიაშვილს ჯილდო იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობისა და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიენიჭა.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილ ქართველ პრიმა-ბალერინას, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს იაპონიის იმპერატორის პრემია გადაეცა.

იმპერატორის პრემია — ეს ჯილდო გადაეცემათ ხელოვნების მოღვაწეებს მიღწევებისთვის, საერთაშორისო გავლენისთვის, რომელიც მათ მოახდინეს საკუთარი ხელოვნებით, ასევე მთელი მსოფლიო საზოგადოების სულიერი გამდიდრებისთვის. ეს უმაღლესი რანგის ჯილდოა, რომელსაც იაპონია ნაყოფიერი კულტურული მოღვაწეობისთვის გადასცემს.

იაპონიის სამხატვრო ასოციაცია გადასცემს პრემიას ხუთ კატეგორიაში: ფერწერა, ქანდაკება, არქიტექტურა, მუსიკა, კინო და თეატრი. პრემიის ორი სახეობა არსებობს: "ამომავალი მზის ორდენი", რომელსაც უცხოელებს გადასცემენ, და "წმინდა საგანძურის ორდენი", რომელსაც იაპონელებს გადასცემენ.

ნინო ანანიაშვილი დაჯილდოვდა "ამომავალი მზისა და ოქროს სხივების" ორდენით დამშვენებული ლენტით.

ნინო ანანიაშვილს ჯილდო იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობისა და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიენიჭა.

"დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბედნიერი დღეა, რადგან ჩემი შრომის, ჩემი პროფესიის და საქმიანობის შეფასებას, რითაც მე უკვე 35 წელია დაკავებული ვარ, სწორედ ეს ჯილდო წარმოადგენს", — განუცხადა ჟურნალისტებს ანანიაშვილმა.

პრემიის ლაურეატები ტოკიოში 29 აპრილს დასახელდნენ. სულ 2017 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეირჩა 105 არაიაპონელი ლაურეატი, ხოლო ამ რანგის ჯილდო სულ 34 ადამიანს გადაეცა.

სხვადასხვა წლებში საიმპერატორო პრემიის კავალრები გახდნენ კულტურისა და ხელოვნების ისეთი მოღვაწეები, როგორიცაა ბალერინა მაია პლისეცკაია, კინორეჟისორები ფედერიკო ფელინი, ინგმარ ბერგმანი, ჟან-ლიუკ გოდარი, ფრენსის ფორდ კოპოლა და მარტინ სკორსეზე, დრამატურგი და პროზაიკოსი არტურ მილერი, მსახიობი სოფი ლორენი და სხვები.

ნინო ანანიაშვილი 1963 წელს თბილისში დაიბადა. ბალეტის შესწავლა 10 წლის ასაკიდან დაიწყო, 1973 წელს იგი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს, შემდეგ კი სწავლა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო პედაგოგ ნატალია ზოლოტოვას ხელმძღვანელობით.

1977 წელს მოსკოვში განაგრძო მეცადინეობა დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა რაისა სტრუჩკოვასთან. 1980 წელს მისი სცენური დებიუტი შედგა საბალეტო სასწავლებლის სპექტაკლში "კოპელია". 1981 წელს დიდი თეატრის ბალეტში მიიღეს როგორც სოლისტი და 1985-2004 წლებში ამ თეატრის პრიმა-ბალერინა იყო.

1988 წლიდან ნინო ანანიაშვილი გამოდიოდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე. ყოფილი სსრკ-დან ის იყო პირველი მოცეკვავე ანდრის ლიეპასთან ერთად, რომელიც მიიწვიეს ბალანჩინის თეატრში "ნიუ-იორკ სიტი ბალეტი", სადაც იცეკვა ჯორჯ ბალანჩინის ბალეტებში "სიმფონია დო მაჟორი", "აპოლო", "რაიმონდა ვარიაციები".

ნინო ანანიაშვილი გამოდიოდა ინგლისის სამეფო ბალეტში (კოვენტ-გარდენი), დანიის სამეფო თეატრში. მიწვეული სოლისტის სტატუსით ის მსოფლიოს საუკეთესო საბალეტო თეატრებში ცეკვავდა. ნინო ანანიაშვილის პარტნიორები თანამედროვეობის მრავალი ცნობილი მოცეკვავე ყოფილა. ანანიაშვილის როლების სია 90-ზე მეტ პარტიას მოიცავს.

2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი დაინიშნა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორად. ანანიაშვილი მრავალი წოდების და ჯილდოს მფლობელია, ის საქართველოს სახალხო არტისტი (1988) და რუსეთის სახალხო არტისტია (1995).

 

მთავარი თემები