15:31 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021 (35)
7711

საქართველოში მცხოვრებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა Sputnik-ს თავისი საოცარი ისტორია უამბო

მირანდა ოგანეზოვა

98 წლის ვეტერანი, მაიორი სერგო აღაბაბიანი გამარჯვების დღეს ტრადიციულად სიხარულით ელოდება. სამხედრო ფორმაში გამოწყობილი დაგვხვდა, მერე საოჯახო ალბომი გადმოიღო, რომელიც უამრავ ისტორიას ინახავს, და მრავალი წლით უკან გადაგვისროლა.

Ветеран ВОВ из Грузии Сергей Агабабян
photo : courtesy of Miranda Oganezova
სერგო აღაბაბიანი

სერგო აღაბაბიანი ახლა მარტო ცხოვრობს ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში. ფრონტელი მეგობრები აღარ შემორჩა. საღამოებს ტელევიზორის წინ ატარებს.

ალბომის ფურცვლისას სახეს ღიმილი უნათებს: ფოტოებიდან ჯერ ისევ ცოცხალი დედა, მეუღლე, შვილი, ძმები, მეგობრები უღიმიან...

მედლებს გვაჩვენებს და 1941 წლის ზაფხულს იხსენებს, ომის დასაწყისს.

„სახანძრო სამსახურის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით ქარვასლაში, სადაც მე და დედა დროებით შეგვასახლეს. უმამოდ ვიზრდებოდი. დედა მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა მაუდის ფაბრიკაში. ივნისში დეიდასთან წასვლას ვაპირებდით ახალციხეში, როცა რადიოთი გამოაცხადეს, ცოტა ხანში მნიშვნელოვან სამთავრობო ინფორმაციას გაგაცნობთო. მეზობელმა რადიოლა შემოდგა ტუმბოზე და ყველამ მის გარშემო მოვიყარეთ თავი. აი, ასე შევიტყვეთ, რომ ფაშისტები ომის გამოუცხადებლად დაგვესხნენ თავს... ამ დროს ჩვენი სკოლის კომკავშირის მდივანმა დამავალა, სამხედრო კომისარიატში წავსულიყავი და მეთხოვა, სკოლაში სამხედრო მომზადების ინსპექტორი დაენიშნათ“, - იხსენებს ბატონი სერგო.

კომისარიატში მეათეკლასელ სერგოს შესთავაზეს, რადისტობა ესწავლა. ისიც დაეთანხმა. მოსამზადებლად სულ ორიოდე საათი მისცეს.

Ветеран ВОВ Сергей Агабабян в годы войны. Фото из семейного альбома. 1944 год
photo : courtesy of Sergey Agababyan
სერგო აღაბაბიანი ომის წლებში

„ლეიტენანტმა თქვა, ვინც ორ საათში არ მოვა, დეზერტირად ჩაითვლებაო. სირბილით წავედი სახლისკენ. დედა გვიან ბრუნდებოდა ხოლმე შინ. ნაცნობიც არავინ დამხვდა. წერილი დავტოვე: „დედა, ჯარში წავედი, რადისტობა უნდა ვისწავლო. როგორც კი მისამართს გავიგებ, მაშინვე მოგწერ. მაპატიე, რომ ასე გამოვიდა“.

ეზოში ბავშვები კლასობანას თამაშობდნენ. ერთი შეხედა და წავიდა...

მომავალი ჯარისკაცი ნავთლუღის ყაზარმაში გაამწესეს. ზემდეგს დაეთხოვა რამდენიმე წუთით, რომ დედისთის მისამართი გადაეცა და ღობეზე მიმდგარმა გამვლელებს დაუწყო ძახილი. მაგრამ არავინ ჩერდებოდა. გამწარებულმა ბიჭმა მთელი ძალით დაიწყო ბღავილი და...

„ამ დროს ერთი ქალი გაჩერდა. მაშინვე დამთანხმდა, რომ დედჩემთან წავიდოდა და ჩემს ადგილსამყოფელს შეატყობინებდა. დედა მეორე დღეს მოვიდა. მალე ბაქოს გავლით მოსკოვში გავემგზავრეთ. გრძელი გზა იყო, ადგილზე ოცი დღის შემდეგ ჩავაღწიეთ. ჯგუფში უფროსად დამნიშნეს. მოსკოვიდან ნოგინსკში წაგვიყვანეს, სადაც საჰაერო-სადესანტე პოლკი იყო განთავსებული. ოთხთვიანი მომზადების შემდეგ სტალინგრადში გადაგვისროლეს“.

ერთ-ერთ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა. რამდენიმე თვე ჰოსპიტალში იწვა, მერე კი ფრონტზე წასვლა მოითხოვა ისევ. მეორედ 1943 წლის 5 აგვისტოს დაიჭრა, კურსკის ბრძოლაში, როცა ქალაქი ორიოლი გაათავისუფლეს.

ომის შემდეგ ბატონი სერგო კიდევ ორი წელი მსახურობდა მეკავშირედ 540-ე სამხედრო საწყობში ლენინგრადთან ახლოს, ბოლოს კი, ხანგრძლივი განშორების შემდეგ, თბილისში სერჟანტის ჩინით დაბრუნდა.

Ветеран ВОВ Сергей Агабабян в Познани с сыном
photo : courtesy of Sergey Agababyan
სერგო აღაბაბიანი პოზნანში შვილთან ერთად

დედასთან შვიდი წლის შემდეგ შეხვედრა იმდენად აღელვებდა, რომ კარგა ხანს ვერ ბედავდა სახლში შესვლას. მერე მეზობლებმა დაინახეს ვიღაც ჯარისკაცი, დაუძახეს და ხელში სერგო შერჩათ.

„ფანჯარაზე დავაკაკუნე. დედას ეგონა, ბიძაჩემი მივიდა. და ამდროს ოთახში შევედი ბიჭებთან ერთად. მაშინვე სუფრა გაიშალა... რაღაც დროის შემდეგ მეკავშირეობის ტექნიკუმში გადავწყვირტე ჩაბარება, პარალელურად მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა. გამოცდები წარმატებით ჩავაბარე, მაგრამ ტექნიკუმში ვერ მოვხვდი. ჩემი გვარი დამატებით სიებშიც არ იყო“, - ჰყვება ვეტერანი.
მაშინ ერთმა სამხედრო ხელმძღვანელმა ურჩია, კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურისთვის, საბჭოთა კავშირის მარშალ ფიოდორ ტოლბუხინისთვის მიეწერა თავის პრობლემის შესახებ... და მალე ტექნიკუმის მისამართზე რეკომენდაცია მოვიდა.

„მაშინვე გამომიძახა სასწავლებლის დირექტორმა და მისაყვედურა, მაშინვე რატომ არ მომმართეო. ასე გავხდი სტუდენტი. ტექნიკუმის დასრულების შემდეგ კრასნოდარის „კაგებეს“ სამთავრობო კავშირის განყოფილებაში მიმავლინეს სამუშაოდ. ცოლად რუსი გოგონა შევირთე, რომელიც თბილისში ჩემი მეზობელი იყო - ომის დროს დედასთან ერთად იყო ევაკუირებული როსტოვიდან და ჰოსპიტალში მუშაობდნენ ერთად. ქორწინება კარგა ხანს ვერ დავარეგისტრირეთ, რადგან „კაგებე“ დიდხანს სწავლობდა რაია გოსტიშჩევას“.

დროთა განმავლობაში სერგო აღაბაბიანმა მაიროს ჩინამდე მიაღწია. პენსიაზე გასვლამდე თბილისის სამთავრობო კავშირის ხელმძღვანელად მუშაობდა.

მანამდე კი, როცა პოლონეთში მსახურობდა, ლეგენდარული მზვერავი რიჰარდ ზორგე გაიცნო – იგივე მაქს კლაუზენი. მან და მისმა მეუღლე ანამ 1939 წლიდან 1941 წლის ნოემბრამდე ცენტრს ორი ათასზე მეტი რადიოგრამა გადასცეს, რომელთაგან იაპონელებმა მხოლოდ 50-ის ჩაჭერა შეძლეს. ცნობილია, რომ ზორგეს მთლიანობაში ასი ათასამდე დაშიფრული ტექსტი აქვს გადაცემული ცენტრისთვის, რაც მსოფლიო ისტორიაში აგენტურული რადიოკავშირის მიღწევად მიიჩნევა.

Сергей Агабабян cо знаменитым радистом Зорге – Максом Клаузеном. Познань, 1968 год
photo : courtesy of Sergey Agababyan
სერგო აღაბაბიანი და მზვერავი რიჰარდ ზორგე

„მაქსი პოზნანში ჩამოვიდა, სადაც სამი წელი ვცხოვრობდი, და ჩვენს მეკავშირეებთან შეხვედრა მოითხოვა. ეს ძალიან დასამახსოვრებელი შეხვედრა იყო. პირველად გაჩვენებთ ჩვენს ერთობლივ ფოტოს. მისი მეუღლე ანაც ზორგეს მზვერავთა ჯგუფში მუშაობდა“.

სწორედ ზორგეს ჯგუფმა აცნობა ცენტრს გერმანიის საბჭოთა კავშირზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. დაპატიმრებამდე სამი დღით ადრე კი მზვერავებმა ყველაზე მნიშნელოვანი რადიოგრამა გაგზავნეს: „იაპონია სსრკ-ს კი არ დაესხმება, არამედ ამერიკას“. ამ შეტყობინების წყალობით, წითელი არმიის ბევრი დივიზია შორეული აღმოსავლეთიდან მოსკოვისა და სტალინგრადისკენ გადაისროლეს.

1943 წელს ტოკიოს სასამართლომ მაქს კლაუზენს მუდმივი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მის მეუღლეს - შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. 1945 წლის ოქტომბერში წყვილი ამერიკელებმა გაათვაისუფლეს. კლაუზენები გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად კრისტიანსენის გვარით.

სერგო აღაბაბიანი იგონებს, რომ კლაუზენი მოკრძალებული და სიტყვაძუნწი კაცი იყო.

„მასთან დალაპარაკებას ყველა ცდილობდა. მაქსმა რამდენიმე ისტორია გვიამბო იმაზე, როგორ უწევდათ კონსპირაცია. მაგალითად, როცა ცოლი და ქმარი ერთად მიფრინავდნენ სადმე, ცოლი სტიუარდესას როლს ასრულებდა. მათი ფოტოებიც შემომრჩა, ავტოგრაფებით“, - ამბობს ვეტერანი და ნაღვლიანად ხურავს ალბომს...

თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021 (35)

მთავარი თემები