23:37 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოს პარლამენტი

ოპტიმიზირებული „ოცნება“ და ბიუროკრატია ციფრებში...

© Sputnik/ Александр Имедашвили
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
სულხან მელაძე
58020

რიონისპირა ქალაქში სამთავრობო ცვლილებების ცხრაასგვერდიანი საკანონმდებლო პაკეტის განხილვა უახლოეს საათებში დასრულდება და არ დააყოვნებს ვერდიქტი!..

სხვისი არ ვიცი და მე დარწმუნებული ვარ, მმართველ პარტიაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა გაიზიარებს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან პოლიტიკური პარტნიორების მიერ წარმოდგენილ ხედვას მთავრობის მომავალ სტრუქტურასა და პირად შემადგენლობაზე…

ხალხის რჩეულებს არც მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიღება გაუჭირდებათ… უკვე წინასწარ ცნობილია, რომ კენჭისყრისას საპარლამენტო ოპოზიცია „ოცნების“ ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერს. მმართველ პარტია ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ ეს ვინმეს არ მოსწონს, გაითვალისწინოს, რომ „სალაყბოში“ არსებული ეს რეალობა ჩვენივე ძალისხმევით ჩამოყალიბდა…

ერთი სიტყვით, მომავალ წელს სტრუქტურულად და პირადი შემადგენლობით განახლებული მთავრობით შევხვდებით. რა სარგებლობას მოუტანს ეს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება, ბიუჯეტიდან მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მიზნით ინიცირებული სახელისუფლებო რეფორმის ფინანსურ ეფექტს, ის უკვე დათვლადია… მომიტევე პატივცემულო მკითხველო, მაგრამ ამჯერად ციფრების სიმრავლეს ვერ ავცდებით.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ბოლო, მესამე ვერსიაში, მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები უკვე ასახულია და სამინისტროთა ბიუჯეტი ამ ცვლილებების შესაბამისად არის განსაზღვრული. ცნობისთვის, სამინისტროთა რაოდენობა თვრამეტიდან თოთხმეტამდე მცირდება. ბიუჯეტის მეორე და მესამე ვერსიების შედარების შედეგად გავარკვიე, რომ 2018 წელს სამინისტროებისთვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით 92 მილიონ ლარამდეა შემცირებული. თვრამეტ სამინისტროზე დაახლოებით 9.296 მილიარდი ლარი იყო გათვალისწინებული, ეს თანხა თოთხმეტი სამინისტროსთვის 9.204 მილიარდ ლარს შეადგენს. ცალკეულ სამინისტრთა დაფინანსებით დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობ დეტალურ მონაცემებს, საიდანაც ხელისუფლების პრიორიტეტებიც ადვილად იკითხება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში გადმოტანილია ახალგაზრდობის პოლიტიკის დაგეგმვასა და შესაბამის პროგრამებზე გათვალისწინებულია 4.4 მილიონი ლარი, ხოლო მთლიანად უწყების დაფინანსება 1.186 მილიარდი ლარი იქნება.ცვლილებების შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის განსაზღვრულია სულ  229.6 მილიონი ლარი. 100 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება და ის 802 მილიონ ლარს შეადგენს. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 1.815 მილიარდი ლარია გამოყოფილი, რაც 557 მილიონი ლარით აღემატება მიმდინარე წლის მაჩვენებელს. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 3.528 მილიარდ ლარს შეადგენს. 274.8 მილიონი ლარით ფინანსდება გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო. 35.4 მილიონი ლარით მცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება და ის 569.6 მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა შემცირება სამინისტროდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის გამოყოფამ გამოიწვია.

5 მილიონი ლარით იზრდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაფინანსება, რომელიც სულ 150 მილიონი ლარით არის განზაღვრული. დამატებითი თანხები სასჯელაღსრულების დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად გამოიყენება. ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყება 120.9 მილიონი ლარით დაფინანსდება. მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების გათვალისწინებით სპორტის მიმართულება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება. გაერთიანებული უწყების დასაფინანსებლად 285.3 მილიონი ლარია გათვლილი. ბიუჯეტის პროექტით 1 მილიონი ლარით იზრდება იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება და სულ 63 მილიონი ლარია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს დაფინანსება ბიუჯეტს 96.2 მილიონი ლარი დაუჯდება. ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება კი 82.3 მილიონ ლარს შეადგენს. 350 ათასი ლარით იზრდება და 1.6 მილიონ ლარს შეადგენს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ასიგნებები. მაშ ასე, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურული პროექტები და განათლება, — ეს არის მმართველი პარტიის ხედვა და ხელისუფლების პრიორიტეტების პირველი სამეული…

მოეხსენებათ, ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ლოგიკურად გულისხმობს თავად ბიუროკრატიის შემცირებას, თუმცა ჩვენსი ყველაფერი გამორჩეულია და ძალზე ხშირად შედეგი აცდენილია მოლოდინს და რაც მთავარია ლოგიკურ გათვლებს. ასეა, ამჯერადაც, სამინისტროების გაერთიანების შედეგად, უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის უცვლელი რჩება, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, ოპტიმიზაციის შედეგად, ახალ უწყებებში ჯამში, სულ 6 ადამიანით ნაკლები გააგრძელებს მუშაობას. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საგარეოე საქმეთა სამინისტროს შერწყმით შემცირება არც ერთ საჯარო მოხელეს არ შეეხება, რადგან ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ორივე უწყებაში რეფორმამდე ჯამურად  არსებული 835 საშტატო ერთეულის დაფინანსება. მშვიდად შეუძლიათ იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო მოხელეებს. ბიუჯეტში გაწერილია მათი დაფინანსება. გამონაკლისი არც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან. მათი ერთი ნაწილი კულტურისა და სპორტის, ხოლო მეორე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაგრძობს მუშაობას. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროთა შერწყმის შედეგად 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინიტროში თორმეტი ადამიანით ნაკლები იმუშავებს, თუმცა მათგან ექვსი საჯარო მოხელე მუშაობას განაგრძობს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროში, რომელსაც ბუნებრივი რესურსების დაცვის კომპონენტი უერთდება. უცნობია მეორე ექცსეულის ბედი. ამ ეტაპზე ის რეფორმის ჯერჯერობით ერთადერთი გაცხადებული „მსხვერპლია“, მაგრამ ვინ მოხვდება ამ „საპატიო“ ექვსეულში და ვინ არა მას დრო გვიჩვენებს…

ამ ყველაფრის ფონზე უფრო მძაფრად ჟღერს კითხვა — რა იყო ამ სტრუქტურული სამთავრობო ცვლილებების მიზანი, რა შედეგებზეა ის გათვლილი თუკი მას არ მოჰყვება ბიუროკრატიული აპარატის მნიშვნელოვანი შემცირება… ხელისუფლება საჭიროებს სრულ და ყოვლისმომცველ რეორგანიზაციას, ქვეყანას უნდა ჰყავდეს „მცირე“ ხელისუფლება შესაბამისი ბიუროკრატიითა და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე გონივრული ანაზღაურებით…

მთავარი თემები