რომელი ერთი?! — უსათუოდ ჩამეძიება მკითხველი და მართალიც იქნება. წარმოდგენების დიდი დღე გაუთენდა ქვეყანას! საპასუხოდ არ დავკონკრეტდები და ვიტყვი, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა სტატიის სახელდებას არ უნდა ენდოთ!… არ ვაპირებ დაწვრილებით გიამბოთ მმართველი გუნდის იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მინისტრთა კაბინეტში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს… მთავრობის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი კოლექტიური ორგანოს ანატომიით თუ ცალკეული სამინისტროებისა და მათი პირველი პირების „ყოფნა-არყოფნით“ დაინტერესებულ მკითხველს, კარგად მოეხსენება ვისი პორტფელი ვის ხელშია, ვინ დარჩა მინისტრის სავარძელს მიღმა და რომელი უწყება რომელმა „შეიკედლა"… ამჯერად ვეცდები „ოცნების“ ხელისუფლების არგუმენტები წარმოვაჩინო და თქვენი ყურადღება ექსპერტ-ანალიტიკოსთა პირველ შეფასებებზე გავამახვილო…
ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტური მმართველობა, მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯების მაქსიმალური ოპტიმიზაცია, და ფინანსური რესურსების ხალხის საკეთილდღეოდ გამოყენება!… დაახლოებით ასე ჟღერს სახელისუფლებო პარტიის ძირითადი არგუმენტები… თუმცა ექსპერტთა წრეებში კითხვები არის…
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: „სარკაზმის და ბოროტი ირონიის გარეშე ვკითხულობ, რატომ არ შეიძლება რომ არჩეულმა პარლამენტმა და მთავრობამ მოქალაქეთა წინაშე მეტი პატივისცემა გამოიჩინონ და უფრო კარგად აუხსნან მთავრობის რეორგანიზაციის მიზეზები და მოსალოდნელი შედეგები, არა მიეთ-მოეთის, არამედ კონკრეტული მონაცემების საფუძველზე. უთხრან ხალხს, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ იმიტომ რომ…. და ჩამოუთვალონ რატომ… ისე მართლა, თუ გაკეთდა დეტალური ანალიზი რამდენი სამინისტრო უნდა დარჩენილიყო. მართლა, ძალიან საინტერესოა როგორ იცხოვრებენ ერთ ჭერქვეშ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის აწ უკვე შერწყმული სამინისტროები და ენერგეტიკის როლი რატომ დაკნინდა ასე. რა განსაკუთრებული მიღწევები აქვს ბატონ მიხეილ ჩხენკელს განათლების სფეროში? ბევრი კითხვა მაქვს…“
პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა, ასე, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის პარლამენტში ნდობის ხელახლა გამოცხადება მხოლოდ დროის და ტექნიკის საქმეა… ოპოზიციის მოსაწონი ამჯერადაც არაფერია!… საკითხავია, მმართველმა გუნდმა უფრო ადრე რატომ არ მიმართა ქამრების მოჭერის პოლიტიკას და არ შეამცირა მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯები. რა გახდა ცვლილებების საფუძველი?! როგორც თავად გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის მაღალი მანდატი მოიპოვა და მთავარი საფუძველიც სწორედ ეს არის… ისღა დაგვრჩენია ვივარაუდოთ, რომ მმართველი პარტიის მიერ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობა არასაკმარისი მანდატი ყოფილა სამინისტროების რაოდენობის თვრამეტიდან თოთხმეტამდე შესამცირებლად… არა, შესაძლოა ჩვენ ვცდებით და იმ ეტაპზე სხვა იყო პრიორიტეტი, კერძოდ სახელმწიფოს ძირითადი კანონის „მოწესრიგება“… ერთი სიტყვით, მთავრობას რეფორმამ 2017 წლის ბოლოს მოუსწრო, როცა ხალხის რჩეულებმა მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა უკვე დაიწყეს. როგორც ირკვევა ოპტიმიზაციას დაქვემდებარებული სამი სამინისტროსა და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის გათვალისწინებული იყო სულ 350 მილიონი ლარი. რა მოცულობის თანხა დაიზოგება სტრუქტურათა შერწყმის შედეგად წლის ბოლოს გაირკვევა. მძიმე და ხმაურიანი იქნება მომავალი წლის პირველი კვარტალი. ეს ის დროა, როცა უნდა გაირკვეს „დაძმობილებულ“ სტრუქტურებში ვინ განაგრძობს მუშაობას და ვის მოუწევს დროებით უმუშევარის სტატუსის მორგება… ცოტა უფრო ადრე საკადრო ცვლილებები ელის დედაქალაქის მერიის აპარატს. ახლადარჩეული ქალაქის თავი უკვე შეუდგა საქმიანობას. ვიცე-მერი და მოადგილეები ცნობილია, მალე გაირკვევა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა და რაიონების გამგებელთა ვინაობაც. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები კახა კალაძის მიერ თბილისის მთავრობის შემადგენლობის წარდგენას დაემთხვა…
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე: „ასეთი ორი მნიშვნელოვანი თემა, როგორც წესი, ერთმანეთს არ უნდა დამთხვეოდა. საინტერესოა ერთი დაკვირვება. გვახსოვს ალბათ რამდენად ხმაურიანი იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მიიღო არანაირი მონაწილეობა. ეს კი განპირობებული იყო იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი დაიღალა მის მიერვე მოყვანილი ხელისუფლების პასუხისგებით. შესაბამისად, დღეს უკვე კახა კალაძე იქნება სრულად პასუხისმგებელი შეცდომებზეც და წარმატებებზეც, რითაც მისი მერობაც იქნება გამორჩეული. აქედან გამომდინარე, თბილისზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ჩაეხსნა. ახლა მე ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებებით. მთავრობა მთლიანად გიორგი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობაა და არა ბიძინა ივანიშვილის…“
ჩემის მხრივ დავსძენ, რომ ბოლო დროს მმართველ გუნდში აშკარად იკვეთება პასუხისმგებლობის დამოუკიდებლობის ცენტრები. ეს არის კახა კალაძე, თავისი დამოუკიდებელი პასუხისმგებლობის ცენტრით და ობიექტით, თბილისით და ეს არის გიორგი კვირიკაშვილი, თავისი განახლებული მთავრობით, რომელზეც თავიდან ბოლომდე ის იქნება პასუხისმგებელი. ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოა ვინ იქნება „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი. კერძოდ, იქნება თუ არა ის რომელიმე მათგანის წარმომადგენელი, თუ მისი სახით შეიქმნება კიდევ ერთი, მესამე ცენტრი… დრო ამ კითხვასაც უპასუხებს.
ექსპერტთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ახალი კადრების დანიშვნა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, საჭიროა სისტემური განახლება. არსებული სახელმწიფო სისტემის მოუქნელობის გამო, ქვეყანაში მიმდინარე ქმედებებზე პასუხისმგებელი პირი არ არსებობს…
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: „აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემა ძალიან მოუქნელია, არ ახასიათებს ეფექტურობა მართვაში, სისტემური რეორგანიზაცია ცუდი არ იქნება. პერსონალიების გადაადგილებით არ მგონია მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს, ეს სტრუქტურული რეფორმის გარეშე პრობლემებს არ წყვეტს. არაეფექტურობა არის ის, რომ სტრუქტურა არის მოუქნელი, ხშირ შემთხვევაში არის დუბლირებული ფუნქციები. გარდა ამისა, ჩინოვნიკებისთვის სისტემიდან გამომდინარე არ არის დამახასიათებელი გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ თავზე ამ გადაწყვეტილებების აღება. რაც არ უნდა გაფუჭდეს ამ ქვეყანაში, ჭირს პასუხისმგებელი პირის გამოკვეთა. საბოლოო ჯამში ყველაფერი ერთ კაცს ბრალდება…“
განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებზე ამ დღეებში ბევრი ითქვა და მომავალშიც კიდევ ბევრს იტყვიან. მავანნი ხელშესახებ შედეგებს უკვე მომავალი წლიდან ელიან, თუმცა რა საჭიროა ლოდინი? ორშაბათის „წარმოდგენებს“ უმალ გამოეხმაურა ეროვნული ვალუტა, რომელიც კიდევ რამდენიმე პუნქტით დაეცა… ვნახოთ, რა იქნება აწი…