ცვლილებების თანახმად, სამინისტროების რიცხვი 18-დან 14-მდე მცირდება. მთავრობაში აღარ იარსებებს ენერგეტიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
ამ სამინისტროების ფუნქციები სხვა სამინისტროებს გადაეცემა. მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროსებსაც მიხედავს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალგაზრდობის საქმეებს მიხედავს, ხოლო სპორტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეროგატივა გახდება.
სოფლის მეურნეობის ფუნქციები გარემოს დაცვის სამინისტროს გადაეცემა, ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაიბარებს.
სტრუქტურული ცვლილებების გარდა, საკადრო ცვლილებებიც მოხდა. მთავრობაში საკუთარი ადგილი ორმა მინისტრმა დაკარგა — 2015 წლიდან შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელიც ამ თანამდებობას 2016 წლის ივნისიდან იკავებდა.
თუ მღებრიშვილისთვის პრემიერ-მინისტრმა მალევე გამონახა სამსახური და გადასცა მას ახალი სტრუქტურა — საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელიც სახელმწიფო უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ფუნქციებს შეითავსებს, ჯეჯელავას ჯერჯერობით მხოლოდ დიპლომატიური სამსახური შესთავაზა.
მთავრობაში ახალი სახეებიც გაჩნდა — ფინასთა სამინისტროს სს „რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს, განათლების სამინისტროს — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი.
ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დაიკავა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ შს სამინისტრო ჩაიბარა.
პარლამენტი ცვლილებებისთის მზად არის
იმისათვის, რომ მთავრობის სტრუქტურულმა რეფორმამ რეალური სახე მიიღოს, საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები უნდა შეიტანოს კანონში „საქართველოს მთავრობის შესახებ“. მოქმედმა მთავრობამ სხდომაზე კანონპროექტი უნდა მიიღოს და ის პარლამენტს გადასცეს. იმისათის, რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს, პარლამენტმა ისინი სამი მოსმენით უნდა მიიღოს და შემდეგ პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების პროცედურა ჩატარდება.
„მთავრობა მოგვმართავს პროექტით, შემდეგ პარლამენტი მას განიხილავს. ცვლილებების მიღების შემდეგ ახალი მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცედურა დაიწყება“, — განაცხადა ჩუგოშვილმა.
მან განმარტა, რატომ წავიდნენ მღებრიშვილი და ჯეჯელავა.
„ეს უწყებები სერიოზულ რეფორმებს საჭიროებს, არ მშურს იმათი, ვინც ამ სფეროებზე პასუხს აგებს, რადგან ეს ურთულესი სამუშაოა. ცვლილებები ნიშნავს იმას, რომ პრემიერ-მინისტრმა ჩათვალა, რომ ამ ადამიანებმა თავისი სამუშაო შეასრულეს, მაგრამ რეფორმების გასაგრძელებლად და მეტი ეფექტურობისთვის ახალი ადამიანებია საჭირო“, — განაცხადა ჩუგოშვილმა.
ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ეს ორი უწყება რეფორმას საჭიროებს, და საპარლამენტო უმრავლესობას ამ უწყებების ახალ ხელმძღვანელებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები გააჩნია.
პრეზიდენტი კმაყოფილია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კმაყოფილია სამთავრობო ცვლილებებით. როგორც მისი ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ეს ცვლილებები მთავრობის მუშაობაზე პოზიტიურად აისახება.
„პრეზიდენტი მიესალმება პრემიერ-მინისტრის დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესს. მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებებია კულტურის, განათლების, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. რაც შეეხება ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს, მიგვაჩნია, რომ ისინი კიდევ უფრო ეფექტურს გახდის საქართველოს მთავრობის საქმიანობას“, — განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.
ოპოზიცია უკმაყოფილოა
საპარლამენტო ოპოზიცია მომავალი ცვლილებებით უკმაყოფილოა, რადგან, მათი თქმით, ისინი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს.
„სამინისტრეობის ოპტიმიზაცია მხოლოდ იმისათვის ტარდება, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა დაიკავონ ადგილები იმ უწყებებში, რომლებიც არ უქმდება. ამიტომ მსგავსი ოპტიმიზაცია მოსახლეობისთვის შედეგს არ მოიტანს“, — განაცხადა ოპოზიციური საპარლამენტო ფრაცქია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ.
სხვა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დაელოდება იმას, თუ როგორ აისახება სტრუქტურული ცვლილებები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
„ხალხს აინტერესებს, დაიზოგება თუ არა ფული ამ ცვლილებების შემდეგ და გაიცემა თუ არა ნაკლები პრემია და დანამატი. ბიუჯეტი ჯერჯერობით ამაზე პასუხს ვერ გვცემს. ამიტომ ახალ ბიუჯეტს დაველოდებით, რომ დავინახოთ, რამდენად ასახავს ის ამ საკითხს“, — განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
ექსპერტების აზრი ორად გაიყო
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამ ცვლილებებს ლოგიკურს უწოდებს.
„ყველა ამ ცვლილებიდან გამომდინარე ბიუროკრატია უნდა შემცირდეს, თუმცა, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბიუროკრატიის დაძლევა ძალიან რთულია. მეორეს მხრივ, ფუნქციონალობისა და აპარატის შეკვეცის თვალსაზრისით უწყებების გაერთიანება საკმაოდ ლოგიკურია“, — განუცხადა საყვარელიძემ „Sputnik-საქართველოს“.
სოსო ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილებები საქართველოსთვის ახალი არ არის.
„ვიღაცას ეს მოსწონს, ვიღაცას არა. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ჭეშმარიტება სადღას შუაშია… რა თქმა უნდა, ის, რომ „ენერგეტიკა“ ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს, ეს ჩვენი მთავრობის „ნოუ-ჰაუ“ არ არის, ასე ადრეც ყოფილა. ბატონი გახარია, რომელიც ადრე ეკონომიკის მინისტრი იყო, უცებ შს მინისტრი ხდება. ეს ბატონი ივანიშვილის სწორედ ის კადრია, რომელიც მისთვის ყველაზე მორჩილ კადრს წარმოადგენს. ასეთივე კომპლიმენტები შეიძლება დაიმსახუროს ფინანსეთა ახალმა მინისტრმა — ბატონმა ბახტაძემ, რომელიც საქართველოს რკინიგზას ხელმძღვანელობდა“, — განუცხადა ცისკარიშვილმა „Sputnik-საქართველოს“.