01:55 24 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2965
  • 100 RUB4.6397
  • USD2.9661
ბაზარში პროდუქტების ყიდვისას

სავსე ქისა და გატეხილი ქოთანი - შუა უკვე გაიკრიფა?!

© photo: Sputnik / Sergey Venyavskiy
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
49250

ვინ ეკუთვნის ჩვენში საშუალო ფენას და როგორია ამ სტატუსის განსაზღვრის საერთაშორისო სტანდარტები, რატომ ჩამოყალიბდა პოლარიზებული საზოგადოება უკიდურესად მდიდარი და ღარიბი მოქალაქეებით

საკამათო არ არის, რომ ჩვენში შემოსავლების მიხედვით თითოეულ სოციალურ ჯგუფს თავისი პრობლემა, რისკი და გამოწვევა გააჩნია. წლების განმავლობაში, მიზეზთა გამო, რომელთა ჩამოთვლა და, მით უფრო, განმარტება, შორს წაგვიყვანს, ჩამოყალიბდა პოლარიზებული საზოგადოება — უკიდურესად მდიდრებითა და ღარიბებით. რაც შეეხება საშუალო ფენას, საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში მისი საერთო მოცულობა უკეთეს შემთხვევაშიც კი არ აღემატებოდა მოსახლეობის ოც პროცენტს. შემოსავლები მდიდართა ფენაში სწრაფად იზრდებოდა. 2012 წლის შემდეგ, კი მთელი რიგი დახმარების თუ სოციალური ხარჯების გამო, დაბალშემოსავლიანთა შემოსავალმა მოიმატა, თუმცა საფინანსო ბაზარზე რყევებისა და ინფლაციის გათვალისწინებით, ეს „მატება“, უკეთეს შემთხვევაში, სიმბოლურია. ბოლო პერიოდში ქვეყანაში საშუალო ფენა დაახლოებით 10-15 პროცენტით შემცირდა. კიდევ უფრო მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რისკის ზონაში არიან და გაღარიბება ემუქრებათ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000-1200 ლარის ფარგლებში მერყეობს…

განმარტებისთვის, საერთაშორისო სტანდარტებით საშუალო ფენას განეკუთვნება ის ადამიანი, რომელსაც საბანკო ანგარიშზე განთავსებული აქვს თვრამეტი თვის საარსებო მინიმუმის ოდენობის თანხა, ჰყავს მანქანა, აქვს აგარაკი, კვირაში ერთხელ ოჯახთან ერთად რესტორანში საუზმობს ან ვახშმობს.

საქართველოში საარსებო მონიმუმი 168.1 ლარია. ქართულ რეალობაში იმისათვის, რომ საშუალო ფენას განეკუთვნებოდე, საბანკო ანგარიზშე მინიმუმ 3.025 ლარი უნდა გქონდეს. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, როგორიცაა აგარაკი, მანქანა და ა.შ. ესეც ჩვენებურების საკმაო ნაწილს არ აქვს, შესაბამისად, ისინი, რა თქმა უნდა, საშუალო ფენას არ განეკუთვნებიან, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

სპეციალისტების განმარტებით, საშუალო ფენის განკარგვადი შემოსავალი შემცირდა და მათი უმეტესი ნაწილი საკრედიტო მომსახურებისკენ წავიდა, რამაც უამრავი ადამიანის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა. თამამად შეიძლება თქმა, რომ სავალუტო ქაოსისა და ეკონომიკური სტაგნაციის გამო, დღეს საშუალო ფენის კრიზისია. ეს პროცესი დაახლოებით სამი წლის წინათ დაიწყო და დღესაც გრძელდება. ის, რომ მოსახლეობის მეტ-ნაკლებად შეძლებული ნაწილიც შემოსავლების კლებას უჩივის, სპეციალისტებისთვის არახალია. მათი განმარტებით, მაღალია საბანკო სესხებზე დამოკიდებულება, რაც რეალურ შემოსავლებს მნიშვნელოვნად ამცირებს…

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე: „ბოლო წლებში არ გვქონდა საკმარისად მაღალი ეკონომიკური ზრდა და ამიტომ შემოსავლების ზრდის მიხედვით წინსვლა არ გვქონია, პირიქით, შემცირდა კიდეც. საქართველოს მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი არის დამოკიდებული საბანკო სესხებზე. კრედიტების მომსახურება მათ აიძულებს, შემოსავლების სულ უფრო და უფრო დიდი ნაწილი საბანკო ვალდებულების დასაფარად მიმართონ. ადამიანის კეთილდღეობას თავისთავად განსაზღვრავს არა იმდენად შემოსავლების ზრდა, არამედ ის, თუ თითოეული ოჯახის შემოსავლების რა ნაწილი მიიმართება საკრედიტო მომსახურებისკენ. ამ კუთხით კი საქმე რთულად არის. საბანკო დაწესებულებებზე დამოკიდებულება მაღალია ყველა ფენაში, ეს რეალურად განკარგვადი შემოსავლების მოცულობას მნიშვნელოვნად ამცირებს“.

სოციოლოგების ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ცხოვრების გაძვირების შედეგად საშუალო ფენა განახევრდა. მისი მოცულობა 10 პროცენტის ფარგლებშია. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, თუ ლარმა დაღმასვლა განაგრძო, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდება.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე: „სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა საშუალო ფენა საქართველოში. შემოსავლების გადანაწილებაში არის დისპროპორცია. მცირე ნაწილს აქვს დიდი შემოსავალი და მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს — მცირე. ვფიქრობ, ბოლო წლების კრიზისის ფონზე ღარიბთა ფენაში ბევრმა გადაინაცვლა, ხოლო ღარიბებმა ღატაკთა ფენაში გადაინაცვლეს. როცა ეროვნული ვალუტის დევალვაციის მაჩვენებელი მაღალია, ადამიანების მსყიდველობითი შესაძლებლობა მცირდება — ფასები იზრდება, შემოსავალი არ მატულობს. ლარის გაუფასურება თუ გაგრძელდა, ბევრი ადამიანი შეავსებს ღარიბთა რიგებს“.

ლარის კურსით გამოწვეული პრობლემები პირდაპირ აისახა მოსახლეობის ცხოვრების წესსა და შემოსავლებზე. როცა ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული და ეროვნული წარმოება არ გააჩნია, ყოველთვის გასაჭირშია. მსოფლიოში სურსათისა და სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირების ტენდენციაა, მაგრამ ჩვენთან ამ პრობლემას ლარის გაუფასურებაც დაემატა. შემოსავლები კი ან საერთოდ არ იზრდება, ან იმდენად მცირე ტემპით მატულობს, რომ ხალხი ვერც კი გრძნობს. კომუნალური მომსახურებაც ძვირდება, რის გამოც არათუ დაბანდებისთვის, ხალხს ფული პროდუქტის მოსამარაგებლადაც არ hყოფნის. შემოსავლების ნაწილი შთანთქა ინფლაციამ, ნაწილი – გაძვირებულმა პროდუქტმა და ცხოვრება კიდევ უფრო გაჭირდა.

საშუალო ფენის კრიზისია ქვეყანაში. რეგიონებში ვითარება კიდევ უფრო რთულია და როგორც ექსპერტ-ანალიტიკოსთა ნაწილი მიგვანიშნებს, არც სოციალური ამბოხებაა გამორიცხული.

ექსპერტი სოციალურ საკითხებში პაატა აროშიძე: „არ გამოვრიცხავ, ეს კრიზისი სოციალურ უკმაყოფილებაშიც გადაიზარდოს. ხელისუფლებამ ვითარებას თუ არ მიხედა, ის საპროტესტო ტალღას მიიღებს. საახალწლო დღეები გველის, როცა ადამიანები ფულს უნდა ხარჯავდნენ, მაგრამ, რეალურად, შემცირებული შემოსავალი ამგვარ გასაქანს ვერ იძლევა. ხალხში გროვდება გულისწყრომა და ამან შესაძლოა გაზაფხულზე ამოხეთქოს კიდეც. დიდ ქალაქში რაღაცას გააკეთებს ადამიანი — თუნდაც „ტაქსაობას“ ეცდება, რაიონებში ესეც კი არ არის შესაძლებელი. ფაქტობრივად, თბილისისა და ბათუმის გარდა, ყველგან მძიმე ვითარებაა. ამ ქალაქებშიც ჭირს, მაგრამ სხვა რაიონებსა და სოფლებში ხალხი შიმშილობს, უამრავია ასეთი ოჯახი მთელი საქართველოს მასშტაბით“.

ექსპერტები მიგვანიშნებენ, რომ საშუალო ფენა ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. არადა, საშუალო სტატისკური ქართველი ფაქტობრივად გაკოტრებულია, ხარჯები აჭარბებს შემოსავლებს. მათივე შეფასებით, გაიზარდა კორუფციული რისკები. ხელისუფლების შიგნით სახელმწიფოებრივი ელიტა არ ფორმირდება და არც ზრდის პოტენციალი არის. ასეთ ვითარებაში კორუფციის პრევენციის ინსტრუმენტები საგრძნობლად მორყეულია.

ერთი სიტყვით, მომავალ ახალ წელს გაზრდილი სოციალური რისკებით ვხვდებით. თუმცა, რა გასაკვირია, როცა სხვა მრავალ „სიკეთესთან“ ერთად ქვეყანაში საერთოდ უგულებელყოფილია შემოსავლების სახელმწიფო რეგულირება. როცა სოციალური პოლიტიკა მთლიანობაში ხელს უწყობს სიღარიბის ზრდას, ცხადია, საშუალო ფენა თანდათან გაქრა. არადა, ეს უზარმაზარი რისკების შემცველია არა მხოლოდ სოციალური, არამედ ეკონომიკური ასპექტითაც…

 

მთავარი თემები