23:58 08 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი –2018 (163)
830100

ივანიშვილის ყოფილი ფავორიტის პოლიტიკური გეგმები

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს რამდენიმე ძირითადი შტრიხით დაახასიათებს საქართველოს მოსახლეობა: ვეტომდებელი, შემწყალებელი (პატიმრების), პროდასავლური და, ბუნებრივია, ივანიშვილის ყოფილი ფავორიტი.

შესაძლოა, იმ ადამიანებმა, ვისაც ის არ უყვართ, სოროსის ფონდელობა, ბოკერიასთან მეგობრობა და წინდების ქსოვა გაუხსენონ, მაგრამ ამით მარგველაშვილს დიდს ვერაფერს დააკლებენ. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა მას დღე და ღამ ლანძღავს, სახელისუფლებო რეიტინგებში მუდამ სამეულშია და მომავალშიც თუ გადაწყვეტს, პერსპექტიულად მიიჩნევა.

ვეტოს დაძლევის დროს, ირაკლი კობახიძემ გიგა ბოკერიას მიმართა, თქვენზე ჭკვიანები რომ ვართ, ამიტომ ვართ 116 პარლამენტში, თქვენ კი — ოცდაერთიო… მართალია კობახიძე!

ეს სიბრძნე რომ მარგველაშვილზე გავავრცელოთ, ის კიდევ ყველაზე ჭჯვიანი გამოდის. მართალია, სულ პოლიტიკაში ტრიალებდა და სულ პირველ პირებთან მეგობრობდა, მაგრამ კენჭისყრა არასოდეს მოუნდომებია და 2013 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა წარდგენამდე 1 საათით ადრე პოლიტსაბჭოს და უმრავლესობას გამოუცხადა, მარგველაშვილი შევარჩიეთ პრეზიდენტობის კანდიდატადო, 90 პროცენტი შოკში ჩავარდა. არადა, ისეთი ვარსკვლავთბიჭუნები ელოდებოდნენ ამ სავარძელს…

ასე იყო თუ ისე, მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა და არც დაუმორჩილებლობას ელოდა მისგან ვინმე… მაგრამ ხანდახან განათლება და პრინციპები ადამიანს ცხოვრებას ურთულებენ. პირველი სერიოზული წინააღმდეგობა ივანიშვილთან მოსმენების კანონს მოჰყვა. უფრო სწორად, ვეტოს დადებას.

ვეტო ვის არ დაუდია კანონპროექტისათვის: ფრანკლინ რუზველტს 600-ზე მეტი ვეტო ჰქონია დადებული კანონებზე, ჯორჯ ბუშ უფროსს — 44, ხოლო კლინტონს — 37, მაგრამ მარგველაშვილისგან, რომელმაც თავად უწოდა საკუთარ თავს „პლასტელინის“ კაცი, ივანიშვილმა მორჩილი პრეზიდენტი ვერ გამოძერწა და გაბრაზდა! ბოლო წლებია, მასთან კომუნიკაცია შუამავლების მეშვეობით აქვს და იცის რა ეს ამბავი უმრავლესობამ, სიამოვნებით ლანძღავს. თუმცა დღესაც კი მარგველაშვილის პოლიტიკური მომავალი უკეთ გამოიყურება, ვიდრე მორჩილი უმრავლესობის. არც ისაა შემთხვევითი, რომ ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორები ნელ-ნელა თავს მარგველაშვილის ავლაბრის რეზიდენციაში იყრიან. უმრავლესობა მშვენივრად ხედავს, ვინაა მისთვის მომავალი პოლიტიკური საფრთხე და მარგველაშვილის გაუფასურებას ცდილობს. რამდენად გამოვა ეს, ძნელი სათქმელია. მითოლოგიასა და ისტორიაშიც ასე ხდება — შვილები სჭამენ და ამარცხებენ მამებს…

წინა კვირას, პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა. ეს დამატებით კეთილგანწყობილი 300-მდე ოჯახია. ახლა ახალ კონსტიტუციასაც მოაწერს ხელს. პრინციპში, მან თავისი პოზიცია დააფიქსირა და როგორი წესით აირჩევენ 2024 წელს პრეზიდენტს, დიდად არც უნდა ადარდებდეს…

კვირიკაშვილმა უკვე მკაფიოდ თქვა, რომ ძალაუფლება გაუტკბა და 2021 წლამდე პრემიერობას აპირებს. კახი კალაძემ — პენსიაზე გასვლა ჯერ არ მინდაო.

ვარაუდობენ, რომ 2018 წელს ეს პრიზი ივანიშვილთან დაახლოებულ რომელიმე ფიგურას შეხვდება. ასახელებენ მიხეილ ჯანელიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურებს. თუმცა არაფორმალური ლიდერის არაორდინალური ბუნებიდან გამომდინარე, მე პირადად არ გამიკვირდებოდა, გია დვალი ან მის წრეში მყოფი რომელიმე საინტერესო ადამიანი დაასახელოს. მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში ხომ ძალიან დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი მსოფლიოში და ბიძინა ივანიშვილს ეს პროცესები უფრო აინტერესებს, ვიდრე თუნდაც პანორამა თბილისის მშენებლობა. ამ ინტერესს კი მას სწორედ დიდი მეცნიერები და ფიზიკოსები უკმაყოფილებენ…

ექსპერტთა უმრავლესობას უჭირს აზრის გამოთქმა, რას აპირებს მარგველაშვილი მომავალში. ჭკვიანურიცაა, ის ჯერ გააკეთებს და მერე იტყვის. ქართული ანდაზის მიხედვით, მჩხავანა კატა თაგვს ვერასოდეს დაიჭერს.

„პრეზიდენტი მგონი თავის თამაშს თამაშობს. უნდა, რომ გარკვეულწილად ქართულ პოლიტიკაში დარჩეს, ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა უხეშად გამოსდის. საზოგადოებას მობეზრდა ეს გაუთავებელი დაპირისპირება აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებს შორის, უკვე აღარც აინტერესებს. მაგრამ ამაში მარტო პრეზიდენტი არ არის დამნაშავე, ამაში დამნაშავეა პოლიტიკური გამოუცდელობა, რომელიც სამწუხაროდ ახასიათებს ხელისუფლების ერთ ნაწილს“, თვლის ექსპერტი მამუკა არეშიძე.

ექსპერტი არჩილ გამზარდია ასევე თვლის, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტის პოლიტიკური გეგმები არ ჩანს.

„ამ ეტაპზე მოცემულობა არის ის, რომ მარგველაშვილმა ოპოზიციის პრაქტიკულად სრულ სპექტრთან მოახერხა თანამშრომლობა და კონსტიტუციასთან დაკავშირებით გარკვეული ფუნქცია შეასრულა საერთო საყრდენი წერტილის მოძებნაში. ეს ყველაფერი რამდენად და რა ფორმით გაგრძელდება სამომავლოდ, ძალიან ძნელია ჯერჯერობით ამაზე საუბარი. პრეზიდენტს ახასიათებს, დროდადრო გარკვეული პერიოდით გააქტიურება და თითქოს პოლიტიკურ მოლოდინებს აღძრავს, შემდგომ ისევ მშვიდდება ხოლმე სიტუაცია, ამიტომ ამ ეტაპზე, ძნელია ვთქვათ ასეთი მოცემულობით, მისი რა გეგმები იკვეთება“, — აცხადებს გამზარდია.

ითანამშრომლებს თუ არა მარგველაშვილი 2020 წლისათვის უსუფაშვილი-შარტავას პროდასავლურ ძალასთან?

შემოიკრებს თუ არა ის ივანიშვილისაგან დისტანცირებულ პოლიტიკურ ძალებს?

ის ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა კონფიგურაცია დაჯდება პოლიტიკური ბრძოლის ველზე 2020 წლისათვის. ის კი დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელს, ის არ გარისკავს დაბალი შანსების გამო. იმის გამოც, რომ ძველი ბერძნული სიბრძნის თანახმად, ერთ წყალში ორჯერ ვერ შეხვალ. მან არა ერთხელ თქვა უარი პოლიტიკურ კარიერაზე — უარი უთხრა ჟვანიას, ბურჯანაძეს, უსუფაშვილს…

და მიუხედავად იმისა, თუ ცხოვრების რა სტილს აირჩევს ფილოსოფოსი მარგველაშვილი, ფაქტია, რომ ის საქართველოს ყველაზე ბედნიერი პრეზიდენტის სტატუსით დატოვებს პოსტს.

Георгйи Маргвелашвили и Мака Чичуа
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს…

მეორე ვარდების რევოლუციით გააცილეს…

მესამე დევნილია და პოლიტიკურ თავშესაფარზეც უარს ეუბნებიან…

მეოთხე კი ავლაბრის სასახლეს 2018 წლის შემოდგომაზე ორი შვილით დატოვებს და დუშეთში საკუთარ ეზოსა და ბიბლიოთეკას დაუბრუნდება. დაუბრუნდება პოლიტიკასაც, თუკი ამის საჭიროებას დაინახავს და მხარდამჭერებს იპოვის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.

როგორც ჩანს, მამუკა არეშიძე მართალია — მარგველაშვილი მართლაც საკუთარ თამაშს თამაშობს, თუმცა დასავლური ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის ტრადიციის დამკვიდრებისათვის, ეს საქვეყნო პოლიტიკური თამაშიცაა…

რაც შეეხება განხეთქილების თემას — პრეზიდენტის სასახლეს, ქართველ მეფეებს სასახლეები არ ჰქონდათ — ისინი ტაძრებს და აკადემიებს აშენებენ…

იქნებ, ამიტომაცაა ჩვენი საუნჯე ასეთი აბსტრაქტული და სულიერი. იქნებ, მოვიდა ის დროც, როცა სიმბოლოებმა მატერიალური საუნჯეც უნდა დაგვიმკვიდროს საქართველოში. რატომღაც მგონია, რომ პრეზიდენტის სასახლის იდეა სიცოცხლისუნარიანია და მისი რეზიდენციად გამოყენების ტრადიციას, მარგველაშვილით არ დაასრულებს საქართველოს ისტორია… ისტორია, რომელიც გრძელდება.

 

თემები:
საქართველოს პრეზიდენტი –2018 (163)

მთავარი თემები