23:35 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი

დიდი ჯანიშინი, პოეტი, მეცნიერი, ასტრონომი, ქიმიკოსი და ქართლის დიდი მეფე ვახტანგ VI

CC0 / Wikipedia / / Vakhtang VI of Kartli and Sulkhan-Saba Orbeliani
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
თამაზ ჩიქვანაია
ისტორიული გმირები (27)
52840

1675 წლის 15 სექტემბერს მუხრანბატონების ოჯახში ვაჟი დაიბადა. მისთვის სახელის შერჩევის პატივი მისმა მამამ ლევანმა ბიძას - გიორგი ბაგრატიონ მუხრანბატონს გადაულოცა. ცოტა ხნით ადრე ირანს მიმავალი ქართლის მეფე ვახტანგ V შაჰნავაზი ხოშკარში გარდაიცვალა და ახალშობილსაც პაპის სახელი ვახტანგი უწოდეს.

ბავშვის ნათლია სწორედ ის გიორგი ბაგრატიონ მუხრანელი გახლდათ, რომელსაც შემდეგ, უკვე ქართლის მეფეს, ირანში „ავღანთა რისხვად“ მონათლავენ, ხოლო თავად ავღანელები სამარადისო ძეგლს აუგებენ და უდიდესი მხედართმთავრების ალექსანდრე მაკედონელისა და ჩინგიზ ხანის გვერდით მოიხსენიებენ. ახალშობილი ყრმა კი მისი მემკვიდრე, ქართლის მომავალი მეფე ვახტანგ მეექვსეა. აღმზრდელად და მასწავლებლად მიუჩინეს სულხან-საბა ორბელიანი. გავბედავ და ვიტყვი, რომ საქართველოს ისტორიაში არ მეგულება მსგავსი ენციკლოპედიური განათლებისა და ერუდიციის მეფე. წარმოიდგინეთ, ვახტანგ მეექვსემ საფუძვლიანად შეისწავლა: ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ისტორია, იურისპრუდენცია, მათემატიკა, ასტრონომია, გეოგრაფია, ქიმია(!), იყო დიდებული პოეტი და ლიტერატურული მკვლევარი. 

დიდი ბიძის მაგიერ ქართლის „ჯანიშინად“ დანიშნულმა, მთელი ძალისხმევა ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული აღორძინებისკენ მიმართა. მოქმედების გარკვეულ თავისუფლებას მას ირანის პოლიტიკური კრიზისიც აძლევდა. შეიმუშავა კანონთა კოდექსი „დასტურლამალი”, რომელშიც მკვეთრად გამიჯნა ერთმანეთისგან სახელმწიფო მოხელეთა ფუნქციები და ქვეყნის ცხოვრებას, მის ყველა მხარეს მტკიცე ეროვნული საფუძველი შეუქმნა. მანვე შექმნა „სწავლულ კაცთა კომისია” ბერი ეგნატაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეკრიბა და დაადგინა „ქართლის ისტორიის” წყაროები და დაწერა საქართველოს ისტორია XIV საუკუნიდან XVIII საუკუნემდე.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ვახტანგის მიერ ქართული სტამბის დაარსებას. ამ საქმეში მან დაიხმარა უნგრეთიდან მოწვეული ანთიმოზ ივერიელის მოწაფე მიხაი იშტვანოვიჩი. ამ სტამბაში დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი” ვახტანგისვე კომენტარებით, რითიც საფუძველი ჩაეყარა რუსთველოლოგიის მეცნიერებას. აქვე დასტამბეს საღვთისმეტყველო წიგნები — სახარება, ფსალმუნი, ბიბლია, პარკლიტონი, მის მიერ სპარსულიდან თარგმნილი „აიათი, რომელ არს ქმნულების ცნობა”. ეს უკანასკნელი ნათარგმნია სპარსული ასტროლოგიური თხზულებიდან „რჩეული აიათი”. ვახტანგ VI-მ თარგმნა მთელი რიგი ასტრონომიულ-ასტროლოგიური, მათემატიკური, ქიმიური შინაარსის თხზულებები, მათ შორის ცნობილი შუააზიელი მეცნიერისა და სწავლულის ულუგბეკის “ზიჯი-ვარსკვლავთა კატალოგი”.

ვახტანგს თავად დაუმზადებია კუთხმზომი ხელსაწყო ასტროლაბი, რომელიც სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ვახტანგის მიერ შედგენილი „ქიმია”, რომელშიც გამოყენებულია აღმოსავლური, რუსული და ევროპული წყაროები. რუსეთში ყოფნისას შეადგინა ვახტანგმა თავისი ორიგინალური შრომა „მათემატიკა”, რომელშიც აისახა იმდროინდელი ევროპული, აღმოსავლური, რუსული მიღწევები. თხზულება აერთიანებს არითმეტიკას, გეომეტრიასა და ტრიგონომეტრიას. აქ ვახტანგი გვევლინება არა მარტო მთარგმნელად და შემდგენლად, არამედ მეცნიერ-რედაქტორად, ლექსიკოგრაფად და, რაც მთავარია, დიდ განმანათლებლად. მან მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდო ქართული მეცნიერული ენის გამდიდრებასა და განვითარებას, შექმნა ორიგინალური ქართული ტერმინებიც. ამ მხრივ უაღრესად ნაყოფიერი იყო მისი ერთობლივი მუშაობა სულხან-საბა ორბელიანთან. 

ვახტანგ VI
CC0 / Wikipedia / / Vakhtang VI of Kartli
ვახტანგ VI

სამწუხაროდ, ამ უაღრესად განათლებულ და ქვეყნის მოამაგე მეფეს მოღვაწეობა იმ ეპოქაში მოუწია, როცა საქართველოს ბედი ისპაჰანის, სტამბულისა და მოსკოვ-პეტერბურგის კარზე წყდებოდა. გარკვეული პერიოდი ბრძენი მონარქი ახერხებდა დიპლომატიურ ლავირებას ამ სამ ვეშაპს შორის და გარკვეულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, მაგრამ ირან-ოსმალეთის ღია დაპირისპირებამ აიძულა თავშესაფარი ეძებნა და ამგვარად 1724 წელს იძულებული გახდა რუსეთს გადახვეწილიყო. აქ იწყება მისი ცხოვრების მეორე ხანა, დრო მუსულმანთაგან საქართველოს გათავისუფლებისა და გაერთიანების მცდელობისა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, ხოლო თავად ვახტანგ მუხრანბატონი, ქართლის მეფე ქალაქ ასტრახანში გარდაიცვალა 1737 წელს და ადგილობრივ მიძინების ტაძარში დაკრძალეს.

აქვე შეიძლებოდა ამ ამბის თხრობის დასრულება, მაგრამ არის ერთი საინტერესო მომენტიც, რომელიც მინდა თქვენც გაგიზიაროთ. გასულ საუკუნეში მოსკოვში შევხვდი ქართველ მწერალსა და მკვლევარს ამირან შერვაშიძეს, რომელმაც ბევრი საინტერესო დოკუმენტი მოიძია რუსულ არქივებში და სწორედ მისგან გავიგე, რა ბედი ეწიათ ვახტანგ მეფესთან ერთად რუსეთში გადახვეწილ ქართველებს. მოგეხსენებათ, ვახტანგს თან ახლდა ამალა, რომელიც დაახლოებით 1200-1400 ადამიანისგან შედგებოდა. გარდა მსახურებისა, აქ იყვნენ სამეფო კართან დაახლოებულ დიდებულთა ოჯახები და ახალგაზრდები, რომელთაგან მხოლოდ დავით გურამიშვილის ხსენებაც კმარა, თუმცა დანარჩენთა შესახებ არაფერი ვიცოდი. ბატონ ამირანს მოუკვლევია მათი ერთი ნაწილის ასავალ-დასავალი და, აი, რა დაუდგენია.

1738 წლის 25 მარტს (მეფის გარდაცვალებიდან ერთ წელში) იმპერატრიცა ანნა იოანოვნას ბრძანებით შეიქმნა ქართველ ჰუსართა როტა 17 ოფიცრისა და 70 დაბალი ჩინის მოსამსახურით, რომელიც მოგვიანებით პოლკად უქცევიათ, ხოლო მეთაურად დაუნიშნავთ მამუკა ირაკლის ძე მუხრანბატონი, კაპიტნის ჩინით. პოლკში ხუთი ესკადრონი შედიოდა და ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული. სხვადასხვა დროს მეთაურებად გვევლინებიან თავადი ამილახვარი და ქაიხოსრო გურიელი. პოლკს თავი გამოუჩენია განსაკუთრებით შვიდწლიან ომში და რუსეთ-თურქეთის 1768-69 წლების ომებში. ქართველ ჰუსართა ამ სამხედრო შენაერთმა 1776 წლამდე იარსება, მისი წევრებიდან ბევრმა გენერლის ეპოლეტებით სხვაგან განაგრძო სამხედრო კარიერა და სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი ქართულ სამხედრო ელიტას რუსულ არმიაში, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ რამდენიმე ათეული წლის მერე ნაპოლეონ ბონაპარტეს წინააღმდეგ ბოროდინოს ველზე 12 ქართველი გენერალი იბრძოდა.

საუბრის თემამ ცოტა გზიდან გადამახვევინა, დავუბრუნდები ისევ დიდ მეფე ვახტანგს, რომლის ღვაწლმაც ბიძგი მისცა ქართული კულტურისა და მეცნიერების შემდგომ განვითარებას. იგი მიხვდა, რომ ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვდა შემოქმედებით ბიძგს, ევროპული და აღმოსავლური აზროვნების ეროვნულ ნიადაგზე გადმონერგვას, რაც შეასრულა კიდეც და სწორედ ამან შექმნა წინაპირობა მათი შემდგომი განვითარებისთვის.

თემები:
ისტორიული გმირები (27)

მთავარი თემები