წმინდა მოწამე ქეთევანი, რომელიც მიწიერი დედოფლიდან ციური დედოფალი გახდა!

გამოწერა
ოთხი საუკუნე გვაშორებს ირანის პროვინცია შირაზში დატრიალებულ საშინელ ტრაგედიას, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა დროზე მეტი მნიშვნელობა თავად მომხდარ ფაქტს აქვს – 1624 წლის 13 სექტემბერს შაჰ-აბასის ბრძანებით საჯაროდ წამებით მოკლეს დედოფალი ქეთევანი.

არ მეგულება ქართველი, ვინც წმინდა ქეთევანის ცხოვრებისა და გარდაცვალების ისტორია არ იცის, გნებავთ საისტორიო წყაროებიდან, გნებავთ ლევან გოთუას დიდებული ნაწარმოებიდან „გმირთა ვარამი“, ან ინტერნეტიდან. ამიტომაც თავს შევიკავებ ამბის თხრობისგან და თქვენს ყურადღებას შევაჩერებ რამდენიმე მომენტზე, რომელიც, შესაძლოა, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყოს. კერძოდ — სად გაქრა დედოფლის ნეშტი და რა იყო მიზეზი ამ გაუგონარი სისასტიკისა? მანამდეც და მერეც ბევრი ქართველი მეფე თუ უბრალო მოკვდავი შეეწირა სამშობლოს და დედა ეკლესიას, მაგრამ ასეთი საჩვენებელი და ენით აუწერელი ძალმომრეობა ისტორიას არ ახსოვს. 

მეჩეთის ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
შაჰ აბასი: მთელი ირანი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი ხანს ვემორჩილები!

საქმე ის გახლდათ, რომ ქეთევან დედოფალი იმ დროს იყო სრულიად საქართველოს სახე. მისი სარწმუნოებრივი მარცხი, შესაძლოა, ერის გადაგვარების დასაწყისი გამხდარიყო. ჯალათებზე მისი გამარჯვება კი ერის გადარჩენის ტოლფასი გახლდათ. ეს კარგად ესმოდა ქართველ ქალსა და დედას, სიკვდილის წინ მხურვალედ ილოცა. „…და იტყოდა: მეუფეო ქრისტე, სიტყვაო ღმრთისაო, არა ჰშვენოდა მხევლისა შენისად უარყოფა შენი. ნუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა“ და ესერა თქვა, გამოიწერა თვის ზედა ჯვარი წმიდა და გამოვიდა და დაჯდა უშიშრად, ვითა ლომი და ბრძანა მოწოდებად მტარვალნი“ (ანტონ კათალიკოსი).

ქეთევან დედოფლის წამებას ესწრებოდა პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერი, მამა ამბროზიო დუშ ანჟუში, რომელიც 1618 წლიდან იმყოფებოდა ირანში და ქეთევანსაც იცნობდა. მამა ამბროზიოს მოვუსმინოთ: „როგორც კი ქეთევან დედოფალს სული ამოხდა, მისი ნეშტი ტომარაში ჩააგდეს და ორ კაცს დაავალეს დაეფლათ მინდორში, სადაც უკვე ამოთხრილი ჰქონდათ ორმო. ცხედარი ორმოში ჩააგდეს და ისე დააყარეს მიწა, რომ ქრისტიანებს ვერც კვალი შეემჩნიათ და არც რაიმე მოსაგონარი დარჩენოდათ… დედოფლის ნეშტი დამარხული იყო სამი თვისა და ცამეტი დღის განმავლობაში…“

1625 წლის 4 იანვარს ავგუსტინელმა მისიონერებმა ორდღიანი წვალების შემდეგ წამებული დედოფლის ნეშტს მიაკვლიეს — „თავლცრემლიანებმა ამოვასვენეთ დიდებული ქეთევან წამებულის ცხედარი და ჩვენს მონასტერში წავასვენეთ საიდუმლოდ“. ამის შემდეგ ამბროზიო დუშ ანჟუშმა დედოფლის ცხედარი, უკეთ დაცვის მიზნით, ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენა.

სიონის გუმბათი - Sputnik საქართველო
ინდოეთიდან საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ექვსი თვით ჩამოაბრძანებენ

მცირე ხანში, 1626 წლის მარტში შაჰის ბრძანებით ისპაჰანის მონასტრის ავგუსტინელი ბერები დააპატიმრეს და შირაზში გადაიყვანეს. მონასტრის წინამძღვარმა მანოელ და მადრე დე დეუსმა გადაწყვიტა, თან წაეღო ერთადერთი განძი, წმინდა დედოფლის სხეული. ბერები ათი თვის განმავლობაში შირაზის ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი. 1627 წლის თებერვალში მათ ისპაჰანის მონასტერში დაბრუნების უფლება მისცეს. 

ავგუსტინელმა ბერებმა წამებული დედოფლის ნეშტის წმინდა ნაწილები საგანგებოდ გამზადებულ ლუსკუმაში ჩაასვენეს და თან წამოიღეს.

უაღრესად საინტერესოა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების შემდგომი ბედი. 1626 წელს, როცა თეიმურაზ I იძულებული გახდა  შაჰს „შერიგებოდა“, წამებული დედის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენება ითხოვა. აბას I–მა ქართლ–კახეთის მეფეს შეატყობინა, ცხედარი კათოლიკე მისიონერებმა მოიპარეს, თან არ ვიცით, ავგუსტინელებმა მოიმოქმედეს ეს თუ ფეხშიშველა კარმელიტებმაო. 

როდესაც ავგუსტინელმა მისიონერებმა თეიმურაზ I–ის სათხოვარის შესახებ შეიტყვეს, გოას ავგუსტინელების მონასტერში (გოა – ქალაქი–ნავსადგური ინდოეთში; 1510 წელს დაიპყრეს პორტუგალიელებმა) მყოფი ბერთა მეთაურის ბრძანებით 1627 წლის 3 აგვისტოს საქართველოში თეიმურაზ I–თან  გამოემგზავრნენ ამბროზიო დუშ ანჟუში და სებასტიანო დე იეზუსი – „თან წავიღეთ წმინდანის თავი, რათა მისი საშუალებით დაგვეყოლიებინა დედოფლის ძე, თეიმურაზი, ნება დაერთო მისიონი დაგვეარსებინა მის ქვეყანაში“. მაგრამ გზაში ორივე ავად გახდა და ისპაჰანში დაბრუნდნენ.

1628 წლის 13 თებერვალს ამბროზიო დუშ ანჟუში კიდევ ერთხელ გამოემგზავრა საქართველოსკენ. იმავე წლის 11 მაისს ავგუსტინელი მისიონერები გორში მეფეს ეახლნენ. როდესაც ამბროზიო დუშ ანჟუშმა თეიმურაზს შეატყობინა, რომ დედოფლის წმინდა ნაწილები – თავის ქალის ნაწილი, აგრეთვე „წამებულის ფეხი, რომელსაც ისევ ეტყობოდა მარწუხის კვალი“ ჩამოიტანა, მეფემ უთხრა – მთელი მსოფლოს განძიც რომ ჩამოგეტანათ, ჩემთვის დედაჩემის ცხედრის ჩამოსვენებას ვერ შეედრებოდაო. მეორე დღეს თეიმურაზ I–ის ბრძანებით დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის საკურთხეველში დაასვენეს.

პატრებმა გორში დაიდეს ბინა და აქვე დააარსეს ავგუსტინელთა მისიონი აღმოსავლეთ საქართველოში ამბროზიო დუშ ანჟუშის მეთაურობით, რომელმაც 1640 წლამდე იარსება.

ტფილისადან თბილისამდე, ძველი უბანი. ფოტოკოლაჟი - Sputnik საქართველო
„ყოვლითურთ მამის დავითის მსგავსი“ დემეტრე მეფე და მისი უკვდავი „შენ ხარ ვენახი“

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძარში, საღმრთო ტრაპეზის ქვეშ 1723 წლამდე ინახებოდა. როგორც რუსეთის ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული მასალებიდან ირკვევა, თეიმურაზ I–ს ალავერდში არსებული ნეშტის ნაწილიდან მცირედი რელიკვია რუსეთის მეფისთვის ალექსეი I–სთვის გაუგზავნია 1656 წლის 18 აპრილს, თუმცა, დღემდე უცნობია რუსეთში გაგზავნილი ამ წმინდა ნაწილების შემდგომი ბედი. ალავერდში დარჩენილი წმინდა ნაწილები კი 1723 წელს დაიკარგა, როდესაც კახეთის სამეფოს ოსმალები და ლეკები დაესხნენ თავს.

საქართველოსა და რუსეთის გარდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ევროპასა და აზიაშიც წაასვენეს. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი შეიძლება ყოფილიყო რომში, ნამიურსა (ბელგია) და საფრანგეთში. თუმცა, არქეოლოგიურმა გათხრებმა ეს ვერსიები არ დაადასტურა. რაც შეეხება გოას, 2006 წლის ზაფხულში ინდოელმა არქეოლოგმა ნეზამუდინ ტაჰირმა გოას ა–გრასას მონასტერში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიაკვლია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს. ინდოელი არქეოლოგების მიერ მიკვლეულს უკვე ჩაუტარდა დნმ–ის ანალიზი. 2013 წელს ჟურნალ ARQEOLOGE–მა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ამტკიცებდა, რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო. ბოლო ხანს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში დროებით ჩამობრძანების შესახებ.

ცნობილმა არქეოლოგმა რობერტო გიულბეკიანმა 1972 წელს გამოაქვეყნა ქეთევან დედოფლის წამებასთან დაკავშირებული რამდენიმე სურათი. ისინი მეცნიერმა აღმოაჩინა ლისაბონში ერთ–ერთი მონასტრის კედელზე (ამ მონასტერში ამჟამად სამხედრო ყაზარმაა). აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ქალაქ ლისაბონის გრასას მონასტრის სათაო ოთახის ქეთევან დედოფლის წამების ამსახველ პანოს რესტავრაცია ჩაუტარდა. 12 მეტრი სიგანისა და 3 მეტრი სიმაღლის პანო პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით, მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავითაა შესრულებული; ფრესკაზე სამი სცენაა გამოსახული — დედოფლის ლოცვა, წამება და წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამოსვენება. ფრესკას ასეთი წარწერა აქვს: „პატივცემული დედოფალი გატევანდა (პორტუგალიელები ასე მოიხსენიებდნენ, გერმანიაში კი წმინდა ეკატერინეს უწოდებენ), საქართველოს დედოფალი. ეწამა შირაზში 1624 წლის 13 სექტემბერს“. ფრესკაზე გამოსახულია როგორ გლეჯენ დედოფალს მარწუხებით მკერდს. იქვე კი ლათინური წარწერაა — „ღმერთო, შემეწიე ძუძუთა ჩემთა სატანჯველში“.

დასასრულ, ისევ პორტუგალიელ მისიონერს დავესესხები: „მოკვდა დიდებული დედოფალი და წამებული ქეთევანი, რომელიც მიწიერი დედოფლიდან ციური დედოფალი გახდა!“

ყველა ახალი ამბავი
0