07:42 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
„განსაკუთრებული“ ბიჭუნა, აუტისტი ბავშვი საფრანგეთიდან

ნამდვილი ამბავი: ახალი დედა აუტისტი ბიჭისთვის

© AFP/ JOEL SAGET
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
29 0 0

მარიამ სარაჯიშვილი

„ერთხელ პაისი მთაწმინდელთან ეტლზე მიჯაჭვული კაცი მიიყვანეს. ღირსი მამა დაიხარა, საძრაობაწართმეულ ფეხებზე მოეხვია, კოცნა დაუწყო და თან ამბობდა: „აჰ, ფეხებო, ფეხებო… ისინი სამოთხეში მიგიყვანს, მაგრამ შენ ამას ვერ ხვდები… მისმინე, შვილო ჩემო: ღმერთს არ სურს, რომ შენ ოდესმე გაიარო. შენი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო დამძიმდება. მაგრამ იცოდე: ის ადამიანები, რომლებიც შენ გარშემო ტრიალებენ და გემსახურებიან, საკუთარი სულის გადარჩენისთვის იღვწიან. თითქოს შენ გეხმარებიან, მაგრამ თავად იღებენ ამით დახმარებას, ოღონდ ვერ ხვდებიან ამას. ასე ხდები შენ მათი სულთა გადამრჩენელი და უფალს სწორედ ეს სწადს შენგან…“

ცხოვრება ღირსი მამისა პაისი მთაწმინდელისა

ნარგიზას მერაბი სკოლაში ჩვეული მარშრუტით მიჰყავდა. ავტობუსი, ქუჩა, გადასასვლელზე „ზებრა“, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი ქუჩის კუთხემდე, მოსახვევი… ხუთი წელია, ამ გზას ტკეპნის. ქუჩის გამყიდველებიც კი თითქოს მისი ნაცნობები არიან.

მერაბი, როგორც ყოველთვის, თავისებურად, განუმეორებლად იქცეოდა. ხანდახან ვიტრინასთან შეშდებოდა და თითებით მხოლოდ მისთვის გასაგებ ნიშნებს აკეთებდა. რას ხედავდა სათვალეების სქელი მინებიდან — კაცმა არ იცის. ოკულისტმა ძლივს მოარგო სათვალე —10 დიოპტრიით და ასეთი სიტყვებით გამოისტუმრა:

„ჰო, ალბათ ეს. ვწუხვარ. აუტიზმი არ იკურნება“.

მერაბი ათი წლისა იყო, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა შეეძლო. ნარგიზა ინტუიციით ხვდებოდა, რისი თქმა უნდოდა მის აღსაზრდელს. ისეთი პროფესიული ცოდნა, როგორსაც ინკლუზიურ სკოლებში იღებენ პედაგოგები, არ ჰქონდა. უბრალოდ, ძიძა იყო და ამ რამდენიმე წელში საოცრად შეეთვისა თავის აღსაზრდელს. ძიძობის გამოცდილება კი ჰქონდა — მერაბიმდე სხვა ბავშვებსაც ზრდიდა.

თვითონ შვილები არ ჰყავდა. 35 წლისა იყო, რომ გათხოვდა. მერე ქმარს გაეყარა და მომდევნო 15 წელი ცხოვრებას ებრძოდა, რომ თავი გადაერჩინა და ავადმყოფი დედისთვის მოევლო. აბა, რა პირად ცხოვრებაზე უნდა ეფიქრა ასეთ ვითარებაში?  ამასობაში კი ბიოლოგიურ საათმაც თავისი „ჩამოყარა“.

მერე დედა მოუკვდა და ნარგიზას ერთ ოჯახში ლამის სადღეღამისო სამუშაო შესთავაზეს. ისიც დათანხმდა. შინ უსაქმოდ ჯდომას ეს სჯობდა.

მეგობარი ქალი „გემრიელად“ აღუწერდა ახალ სამსახურს: „კიდეც შეჭამ, ტელევიზორსაც უყურებ, საძინებელსაც მოგცემენ. ფულს მაინც დაიჭერ ხელში და მერე იქნებ პატარა მაღაზიაც კი გახსნა სადმე…“

მაღაზიის გახსნისა ნაკლებად ეჯერა ნარგიზას. ვაჭრული „ჟილკა“ აქამდე არ ჰქონია და ახლა, როცა ოთხი ათეული წელი ჰქონდა გალეული, საიდან გაუჩნდებოდა? თუმცა მაინც დარეკა მეგობრის დატოვებულ ნომერზე და ასე მოხვდა გოცირიძეებთან.

ოჯახი კარგი გამოდგა. არც მიზეზებს უდებდნენ და არც კონტროლით იკლავდნენ თავს. დილიდან ყველა თავ-თავის საქმეზე გარბოდა და ნარგიზა მარტო რჩებოდა ბიჭთან.

რაღაცნაირი უცნაური ბავშვი კი იყო მერაბიკო. უკვე ოთხი წლისა იყო, მაგრამ არ ლაპარაკობდა. უჩვეულოდ იქცეოდა. აუხსნეს, რომ აუტისტი იყო — რაც მანამდე არცკი სმენოდა. ეტყობა, ამიტომაც იხდიდნენ კარგ საფასურს. საჩუქრებსაც უხვად ჩუქნიდნენ დღესასწაულებზე, არ ძუნწობდნენ. „განსაკუთრებული“ ბავშვისთვის კარგი ძიძის მოძებნა იოლი საქმე არა… და ნარგიზაც შერჩა ოჯახს. წასვლას არც ფიქრობდა.

მერაბის დედა დალი მთლიანად ბიზნესით იყო დაკავებული — საკუთარი სილამაზის სალონი ჰქონდა, წარმატებით ამუშავებდა. შინ იშვიათად იყო. შვილისთვის ვწვალობ, ჩემმა საზიზღარმა ქმარმა მიმატოვა, იმიტომ რომ ბავშვის ავადმყოფობისა შეეშინდაო, ამბობდა. თანაც, რა უნდა ეკეთებინა შინ, როცა ნარგიზა ყველაფერში ენაცვლებოდა? კიდეც აჭმევდა, კიდეც აბანავებდა ბიჭს და პამპერსებსაც უცვლიდა. მერაბიკოც კარგად ექცეოდა. მუცელზე ეტმასნებოდა ხოლმე ხანდახან — ასე ეფერებოდა. მეორე წუთში კი შეეძლო ფეხი ჩაერტყა. რისთვის — კაცმა არ იცის. ნარგიზა ცდილობდა, ალერსით დაემშვიდებინა ავადმყოფი ბიჭუნა. აბა, სხვანაირად როგორ?

მერე მერაბიკო გაიზარდა და სპეციალურ სკოლაში წაიყვანეს, სადაც მისნაირი ბავშვები სწავლობდნენ — სხვადასხვა სიმძიმის გართულებებით.

რა აღარ ნახა ნარგიზამ ამ სკოლაში წლების განმავლობაში?! ინვალიდის ეტლიანი ბავშვები, აუტისტები, დაუნის სინდრომიანები… თავიდან შეძრწუნებული უყურებდა და გულში ფიქრობდა, ღმერთო, რატომ შექმენი ასეთებად, განა, რა იქნებოდა, ისეთები ყოფილიყვნენ, რომ სხვებისთვის პრობლემები არ შეექმნათო?

მერე კი, ხომ იცით, ადამიანი ყველაფერს ეგუება და ნარგიზაც მიეჩვია…

ამასობაში გოცირიძეების ოჯახში მისვლის დღიდან ექვსი წელი გავიდა და გაუთვალისწინებელი რამაც მოხდა.

დალიმ უზარმაზარი, ლამის მთელი კედლის სიდიდე პლაზმური ტელევიზორი მიიტანა სახლში. მერაბიკომ მთელი დღე „ახალ სათამაშოსთან“ გაატარა, გვიან საღამოს კი სკამი აიღო, მოიქნია, მთელი ძალით ხეთქა ეკრანს და ჩაამსხვრია. 2000 ლარი წყალში გადაიყარა.

ნამსხვრევები აწმინდეს და გადაყარეს. მერაბიკოც, როგორც იქნა, დააწყნარეს და დასაძინებლად დააწვინეს. ღამით კი დალის ისტერიკა დაემართა. იჯდა სამზარეულოში და მოთქმით ბღაოდა.

— აღარ შემიძლია, მეტი აღარ შემიძლია! ყველაფერს აქვს საზღვარი. ნუთუ იმისთვის განიჩნდა, რომ მომსპოს? მაგის გულისთვის გამექცა ქმარი! მაგის გამო ვერ ავიწყე პირადი ცხოვრება. ყველა ნორმალური კაცი დაფეთებული გამირბის. არავის უნდა ჩემთან საქმის დაჭერა, რომ კიდევ ეგეთი არ გამიჩნდეს… აღარ მინდა ასეთი სიცოცხლე!

ნარგიზა რაღაცას ბუტბუტებდა პასუხად და ცდილობდა, რამენაირად დაემშვიდებინა ქალი. ამაოდ. მეორე დილას მტკიცე გადაწყვეტილებით ადგა დალი:

— მეყო! დღესვე დავწერ განცხადებას და ინტერნატში ჩავაბარებ. მაინც ვერაფერს მიხვდება. შენ კი, ნარგიზა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ამ თვის ბოლომდე ჩვეულებრივად გადაგიხდი. სხვა სამსახური ეძებე. ახლა კი სკოლაში წაიყვანე. საბუთების გასაფორმებლად წავალ. აქ ეგ ვეღარ დაბრუნდება!

ნარგიზას ფეხები მოეკვეთა. ძლივძლივობით ჩააცვა მერაბს და ჩვეულ გზას დაადგნენ. მიდიოდა და ცდილობდა, არეული ფიქრებისთვის თავი მოეყარა:

— შვილი უნდა ჩააბაროს… ათი წლის ბავშვი… მერე, როგორღა უნდა იცხოვროს… მეზობლებს რას ეტყვის… მერაბიკო როგორ იქნება ინტერნატში?..

გონებაარეულმა მიიყვანა მერაბიკო სკოლაში, კლასში შეიყვანა და მოსაცდელში გავიდა, სადაც სხვა მშობლებიც ელოდებოდნენ საკუთარ შვილებს. სკამზე დაჯდა და აქვითინდა.

— რა მოხდა?— შემოეხვივნენ ნარგიზას ისინი. „განსაკუთრებული“ ბავშვების მშობლები ხომ თანაგრძნობითა  და გულმოწყალებით გამოირჩევიან.

ნარგიზამაც უამბო, რაც მოხდა. ბოლოს კი დააყოლა, ახალგაზრდა მაინც ვიყო, მერაბიკოს მე წავიყვანდი, მაგრამ ახლა ვინ გამატანსო?

მშობლები აღშფოდნენ:

— იდიოტური კანონები გვაქვს!

— ჰო, მართლაც არ მოგცემენ.

— დაიღუპება ინტერნატში, იქ ჯანმრთელებიც კი ავადდებიან…

წინ გაპრანჭულ-მოკაზმული ეთერი გამოვიდა, ეტყობოდა, რარაც ნათელი აზრის გამოთქმა უნდოდა. ნარგიზამ იცოდა, ვინც იყო, მაგრამ არ ესალმებოდა, არ ესიმპათიურებოდა და იმიტომ. ექსტრავაგანტულად იცმევდა. მაღალ ქუსლებზე შესკუპებულიყო და თავაწეული დაიარებოდა. ქალი კი არა, ნეფერტიტი კლეოპატროვნააო, ფიქრობდა ხოლმე ნარგიზა.

ის კი არა, ერთხელ მოსაცდელში ცეცხლოვანი სიტყვაც წარმოთქვა მტავრობის უუნარობაზე და იკითხა, აბა, მითხარით, თვეში 2000 ლარად როგორ უნდა ვიცხოვროო?.. ჰოდა, ახლა სწორედ ეს ეთერი ამშვიდებდა ნარგიზას:

– მე მყავს კარგი ადვოკატი. თუ შვილად აყვანას გადაწყვეტთ, დაგეხმარებით. უფასოდ. მეც აუტისტი შვილი მყავს. მძიმე ფორმა აქვს. სად აღარ მყავდა, არაფერი ეშველა. 12 წლისაა და სიტყვას არ ამბობს. თუ დაგჭირდებით, ყველანი მხარში ამოგიდგებით, რომ მერაბიკო თქვენთან დარჩეს. დიდი ხანია გაკვირდებით, თქვენისთანა ძიძები ოქროდ ფასობს!

დაიბნა ნარგიზა. ესეც შენი ნეფერტიტი! თურმე, აკვირდებოდა კიდეც.

— თქვენ ხომ საერთოდ არ მიცნობთ… თანაც, მეყოფა კი ძალა? ხომ იცით, ასაკს თავისი მიაქვს.

ეთერი გვერდში მიუჯდა და ხელზე ხელი დაადო:

— დედობა არასდროსაა გვიან. თქვენი გულისთვის რევოლუციას მოვაწყობ! ბასტილის აღებას დავამსგავსებ! მთელი მერია მიცნობს. სკანდალებს ვუწყობ გამუდმებით, რომ დაფინანსება გამოვაყოფინო. და გაითვალისწინეთ, ჩემსას ყოველთვის ვაღწევ!

***

რაღაც დროის შემდეგ ნარგიზას, ეთერის ადვოკატის წყალობით, ყველა საბუთი ხელში ეჭირა. ახლა უკვე ეგონა, რომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა…

მთავარი თემები