7 წლის ქართველ მხატვარს საერთაშორისო პრემია გადაეცემა

© FB/Tea Zirakadzeცოტნე მიქუტიშვილი
ცოტნე მიქუტიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენს მკითხველს გვსურს ერთი სასიხარულო ამბავი ვაცნობოთ: თბილისელ ცოტნე მიქუტიშვილს გამომსახველობით ხელოვნებაში (გრაფიკა) საერთაშორისო პრემია „ფილანტროპი- 2016“ -ის სპეციალური პრემია გადაეცემა.

ცოტნეს სამყაროსა და ადამიანებთან ურთიერთობის საკუთარი, უჩვეულო და ძალიან ლამაზი ფორმა აქვს- ის ნახატების დახმარებით გადმოსცემს იმას, რასაც სიტყვით ჯერჯერობით ვერ ამბობს… ძალიან მოძრავი და ენერგიულია, ერთ დღესაც დედის გადაწყვეტილებით შინ მოსულმა ხატვის მასწავლებელმა სუფთა ფურცელზე ბიჭის განწყობის გადმოტანა სცადა. მას შემდეგ, რაც პირველ გაკვეთილზე თავისი პირველი სიტყვა-ნახატი,,დაწერა“ დედა უფრო ადვილად იგებს ხოლმე როდის უხარია, რა სწყინს და რას ფიქრობს ცოტნე…

© FB/ Tea Zirakadzeცოტნე მიქუტიშვილი "ლურჯი ზამთარი"
ცოტნე მიქუტიშვილი ლურჯი ზამთარი - Sputnik საქართველო
ცოტნე მიქუტიშვილი "ლურჯი ზამთარი"

ჩვენ გამარჯვებულის დედას, თეა ზირაქაძეს გავესაუბრეთ:

- თეა, პირველ რიგში ცოტნეს გამარჯვებას გილოცავთ, როგორ მოხვდით ამ კონკურსზე?

— ვერ წარმოიდგენთ, როგორ გვიხარია, ასეთი რამ ხომ ცხოვრებაში შესაძლოა, ერთხელ მოხდეს. თავიდან ჩვენ დაგვიკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაციიდან,,ბავშვი ოჯახი, საზოგადოება“ ქალბატონი მაია ბიბილაშვილი, რომელთანაც დიდი ხანია, ვმეგობრობთ და ამ კონკურსის შესახებ გვაცნობა. სოციალურ ქსელებში, ჩემს გვერდზე ხშირად ვდებდი ხოლმე ცოტნეს ნახატებს და მისი ნამუშევრები კონკურსზე სწორედ ქალბატონმა მაიამ გააგზავნა. სწორედ ახლახან დაგვიკავშირდა მოსკოვიდან ბატონ ზურაბ წერეთლის წარმომადგენელი და გვაცნობა, რომ ცოტნეს პრემია გადაეცემოდა. ჩვენს ოჯახში მარტო ჩემი მეუღლე მუშაობს და თანხის პრობლემა გვქონდა, მაგრამ როგორც გაირკვა, პრემიის თანხით გზის ფულს ამოვიღებთ. ვიზა მზადაა, ახლა 220 დოლარია გადასახდელი. ამასთან გვაცნობეს, რომ სასტუმროს თანხაც გადახდილია, ვნახოთ ძალიან გვინდა წასვლა, მთავარია, მოვახერხოთ.

© FB/ Tea Zirakadzeცოტნე მიქუტიშვილი "კოსმოსი"
ცოტნე მიქუტიშვილი კოსმოსი - Sputnik საქართველო
ცოტნე მიქუტიშვილი "კოსმოსი"
 

- რამდენადაც ვიცი, ცოტნე გარესამყაროს საკუთარი ნახატების საშუალებით ეკონტაქტება…

— ცოტნე 7 წლისაა, ვერ ლაპარაკობს, ცოტა თავნება ბავშვია, თანაც, ძალიან ჰიპერაქტიული და ენერგიულია, ამიტომ სულ მინდოდა, რაღაცით დამეკავებინა. მოვიფიქრეთ, რომ მისთვის ხატვა გვესწავლებინა, რათა გარემოსთან კავშირი ფერებით დაემყარებინა, მერე მასში ხატვის ნიჭი აღმოვაჩინეთ. სახლში ხატვის მასწავლებელი, ცირა აბუაშვილი დადის და გაკვეთილებს უტარებს. იგი ისეთ ნიუანსებს ამჩნევს, რასაც შესაძლოა, მოზრდილი ადამიანი ვერ ხედავდეს. მაგალითად გარდამავალ ფერებს… დედაჩემი — ნათელა ფურცელაძეც ხატავდა, ახლა მას შემდეგ, რაც ანევრიზმა დაემართა, იგი უგონოდაა… ჩემი მეუღლეც ხატავს, მოკლედ გამოდის, რომ ცოტნეში ხატვის ნიჭი გენეტიკურია. 

© FB/ Tea Zirakadzeცოტნე მიქუტიშვილი "იმერული გაზაფხული"
ცოტნე მიქუტიშვილი იმერული გაზაფხული - Sputnik საქართველო
ცოტნე მიქუტიშვილი "იმერული გაზაფხული"

- ნახატის თემატიკას დამოუკიდებლად არჩევს თუ მასწავლებელი ეხმარება?

— უცნაურად ხატავს, რაღაც ავანგარდულად მოუქნევს ხოლმე ფუნჯს და ბოლოს ისეთი ნახატი გამოდის, რომ ყველას გვიკვირს.. როცა კოსმოსი დახატა, რასაკვირველია  სიღრმისეულად არც იცოდა რა იყო კოსმოსი. ცირა მასწავლებელმა მოუტანა ნახატი და იმის მიხედვით დახატა, მაგრამ იმის იქით რაც დახატა, ეს უკვე დამოუკიდებლად მოიფიქრა.  უჩვეულო ფერებს ხედავს და არჩევს. ნახატი საბოლოოდ ლამაზი ნამუშევარი გამოდის.

-კონკურსზე ცოტნეს რომელი ნამუშევრები გააგზავნეთ? 

— ამ კონკურსზე ცოტნეს ორი ნამუშევარი გავაგზავნეთ. სახელები მე შევურჩიე:,,ლურჯი ზამთარი“ და „იმერული გაზაფხული“. აფიშაც გავუკეთე უკვე და მასზე კონკურსის ლოგო რომ გამომესახა, სერგის, მოსკოვში მყოფ ზურაბ წერეთლის წარმომადგენელს შევუთანხმდი. მას პირიქით გაუხარდა კიდეც.

© FB/ Tea Zirakadzeცოტნე მიქუტიშვილი "ქალაქი"
ცოტნე მიქუტიშვილი ქალაქი - Sputnik საქართველო
ცოტნე მიქუტიშვილი "ქალაქი"

- თავად გამარჯვებული როგორაა საკუთარი ნამუშევრების მიმართ განწყობილი? ხატვის პროცესი თუ სიამოვნებს?

— ძალიან, ძალიან უყვარს ხატვა და თავისი ნახატებთან შინაგან კონტაქტს განიცდის. როცა მამამისი სახლში მოდის მაშინვე თავისი ნახატი მიაქვს და გახარებული აჩვენებს ხოლმე. რა მინდა იცით, გითხრათ? ორმაგად მიხარია ეს გამარჯვება. ვისაც ანალოგიური ბავშვი ჰყავს, მინდა ყველამ გაიგოს ამის შესახებ, ეს ხომ მათი გამხნევება და გამარჯვებაცაა…

იმედია, ცოტნე დედასთან ერთად მოსკოვში ჩავა და თავის პირველ და დარწმუნებული ვართ, არა უკანასკნელ გამარჯვებას უჩვეულო გარემოში, დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე იზეიმებს…

გაცნობებთ, საერთაშორისო პრემია „ფილანტროპი- 2016“ დაჯილდოების ოფიციალური, მეცხრე ცერემონია 20 მაისს, მოსკოვში, მხატვარ ზურაბ წერეთლის სამხატვრო გალერეაში, საგამოფენო დარბაზში,,იაბლოკო“ გაიმართება. შეგახსენებთ, ესაა კულტურისა და ხელოვნების სფეროში შშმ პირების მიერ გამოჩენილი მიღწევებისთვის დაწესებული სპეციალური საკონკურსო ჯილდო. კაცობრიობის ისტორიაში პირველი უპრეცედენტო კონკურსი ფილატროპი“, რომლის დროსაც კულტურისა და ხელოვნების სფეროში შშმ პირების ღვაწლი ფასდება, პირველად 20 წლის წინ, 1996 წელს მოსკოვში დაფუძნდა. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება. 2000 წელს მასში 35 ქვეყნის 9 000 პირმა მიიღო მონაწილეობა. 

წელს, საერთაშორისო პრემია,,ფილანტროპს“ 47 ლაურიატი ეყოლება. ამ ჯილდოს საოცარი ბედისა და სულიერი ძალის მქონე 47 ადამიანი მიიღებს. კონკურსის ფინალში მაყურებელს სიცოცხლის საიდუმლოს აზიარებს ტაივანელი გოგონა კუო ვეი ჩის საოცარი ცეკვა, გოგონასი, რომელსაც ხელები და ფეხები არა აქვს…  

…ისინი კიდევ ერთხელ დაუმტკიცებენ სამყაროს და პირველ რიგში კი საკუთარ თავს, რომ სურვილის შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია და სიცოცხლე ყველანაირი რაკურსით მშვენიერია…


ყველა ახალი ამბავი
0