თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ანა ბეთლემიშვილი აუტისტია. ხატვა 8 წლისამ დაიწყო. ახლა 22 წლისაა და ისევ ხატავს, ოღონდ არა მხოლოდ ფუნჯითა და ფანქრით, არამედ ბუნებრივი აბრეშუმითაც, — უამბო გოგონას დედამ, ლია ირემაძემ Sputnik–ს.
აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე 2008 წლის 2 აპრილიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
„ანა ძალიან ჩაკეტილია, თუმცა ამავდროულად ძალიან ნიჭიერი. მუშაობს თექაზე, გობელენზე, მაგრამ განსაკუთრებით ბუნებრივ აბრეშუმზე მოსწონს მუშაობა. 25 ნამუშევარი შექმნა, რომელსაც 2 აპრილს წარადგენს გამოფენაზე“, — ამბობს ქალბატონი ლია.
ანას მეტყველების პრობლემა აქვს, წინადადების ჩამოყალიბება უჭირს და ამიტომ ადამიანებთან კონტაქტი უძნელდება. როგორც ანას დედა ამბობს, ამ ბავშვებს უფრო მეტი ჟესტებით ესმით, ვიდრე სიტყვებითა და წინადადებებით.
„უჭირს სხვებთან ურთიერთობა, მაგრამ ყველაფრის ახსნა შეუძლია. რაც შეეხება პირად ჰიგიენას, დალაგებას, სადილის მომზადებას — ყველაფერში მეხმარება და ყველაფერი კარგად გამოსდის“, — ამბობს ლია ირემაძე.
საქართველოში რამდენიმე სპეციალიზებული ცენტრი არსებობს აუტისტი ბავშვებისთვის, თუმცა ისინი მხოლოდ 12–14 წლამდე ემსახურებიან ბავშვებს, ამის შემდეგ კი მათი ცხოვრება სახლის კედლებს მიღმა მიედინება.
„ამ გამოფენის გამართვა ამ თემის წამოსაწევად გადავწყვიტეთ. ანას მუსიკალური მონაცემებიც აქვს, მაგრამ არასდროს მქონდა საშუალება, რომ სასწავლებელში მიმეყვანა. უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ყველას აუკრძალავს ასეთი ბავშვების მიღებაზე უარის თქმას. ყველგან, დაწესებულებებსა და სასწავლებლებში უნდა არსებობდეს პერსონალი, რომელიც აუტისტებთან იმუშავებს“, — ხაზგასმით აღნიშნავს ქალბატონი ლია.
ანას დედის თქმით, საქართველოში არ არის აკრძალული აუტისტი ბავშვების სკოლაში ტარება, მაგრამ იქ არ არიან საკმარისი რაოდენობის სპეციალისტები, რომლებიც ამ ბავშვებს მიხედავენ.
„როცა სკოლაში 15 აუტისტი, დაუნის სინდრომიანი და კიდევ სხვა უნარშეზღუდული ბავშვია, ხოლო მასწავლებელი მხოლოდ ერთი, მითხარით, როგორ უნდა გაართვას მან თავი საქმეს?“, — წუხს ლია ირემაძე.
აუტისტი ბავშვები თბილი, კეთილი, არააგრესიული, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელთაც სწორი მიდგომა სჭირდებათ არა მხოლოდ ოჯახებში, არამედ საზოგადოებაშიც, — მიაჩნია ანას დედას.
„ადამიანებს უნდა ესმოდეთ, როცა ქუჩაში ასეთ ბავშვს ხედავენ, არ არის საჭირო დაჟინებული ცქერა და მტკივნეული შეკითხვების დასმა მათი მშობლებისთვის. ეთიკის ელემენტარული ნორმების დაცვაა საჭირო“, — მიაჩნია ქალბატონ ლიას.
ანას ქცევებში პრობლემები დედამ მაშინ შენიშნა, როცა ბავშვი სულ ერთი წლისა და ორი თვისა იყო. ბავშვს რეაქცია არ ჰქონდა დედის დაძახილზე, ხოლო როცა გაიზარდა, ორსიტყვიანი წინადადების აგება უჭირდა… ლია ირემაძე დარწმუნებულია, რომ აუტიზმის განვითარებას დაბალი იმუნიტეტი უწყობს ხელს.
„როცა ბავშვი დაბალი იმუნიტეტით იბადება და მას მაშინვე აცრებს უკეთებენ, ორგანიზმი არ ღებულობს ამას და სხვადასხვა აშლილობა იწყება. ეს გამოიხატება მეტყველების, ქცევის შეყოვნებაში და ასე შემდეგ“, — აღნიშნა აუტისტი გოგონას დედამ.
ქვეყანაში კვალიფიციური ექიმების, ეგრეთ წოდებული აუტმედიკოსების პრობლემაცაა. ირემაძის თქმით, მსოფლიოში სულ რამდენიმე ექიმია ისეთი, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ და რეალური შედეგებიც აქვთ.
„ასეთი ექიმები ძირითადად იტალიასა და ამერიკაში არიან. შვილს იტალიელ ექიმთან ვმკურნალობდი და იმან მითხრა, რომ თუ მის მიერ დანიშნული დიეტა სურათს არ შეცვლიდა, უნდა შემეწყვიტა იგი და გოგონას განვითარებაზე ხელოვნების დახმარებით მეზრუნა“, — ამბობს ლია ირემაძე.
მისი მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 26 ათასი აუტისტი ბავშვია აღრიცხული.
აუტიზმი ძალზე მრავალფეროვანია. გამოთქმაც კი არსებობს: თუ თქვენ ერთ აუტისტს იცნობთ, ესე იგი, იცნობთ მხოლოდ ერთ აუტისტს. ასეთებს სხვადასხვა რამეები მოსწონთ და სხვადასხვაგვარი ნიჭი აქვთ. რაც მთავარია, აუტისტებს სხვებივით სურთ, იყვნენ ამ სამყაროსა და საზოგადოების ნაწილი.