19:37 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
სოფელი კოთელია

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო - გავყიდოთ თუ არ გავყიდოთ

© FB/ Kukuri Metreveli
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
რუსუდან კაციტაძე
433190

რას მოგვიტანს სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადება? რატომაა ქართული ნოყიერი მიწა ასე იაფი? როგორ გადაწყვეტს მიწის ბედს საქართველოს კონსტიტუცია?

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების წესების რეგულაციას ეხება. ცვლილებების თანახმად, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ჩერდება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასვლის საკითხს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას ამ თემაზე დისკუსიისას, არც ღვთისმშობლის წილხვედრობა დავიწყებია და არც ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის დავა მიწის, როგორც თავისუფალ ბრუნვაში ყიდვა-გაყიდვის ობიექტის მოქცევის შესახებ. ალბათ, ვერავინ იტყვის, რომ ამ ორ ბუმბერაზ ქართველ მოღვაწეს საქართველოს მოვლა-პატრონობის სურვილში ვინმე გაეჯიბრება, თუმცა აქ საუბარია ხედვების განსხვავებულობაზე.

გაეროს გათვლებით, 50 წელიწადში დედამიწის მთავარი პრობლემა სასოფლო-სამეურნეო მიწები და დედამიწის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა იქნება. ქართულ მიწას ჯერ კიდევ ვერ გამოუჩნდა პატრონი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მის გრძელვადიან პერსპექტივას განსაზღვრავდა და იმასაც, რა და როგორ მოვიყვანოთ მიწაზე, რომელსაც ფრიად ნაყოფიერად მივიჩნევთ. 

თუ სააკაშვილის ხელისუფლება საქართველოს ლიბერალური ეკონომიკის ქვეყნად გადაქცევას, ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და სინდისის გარდა ყველაფერის გაყიდვას აპირებდა, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო ზრუნვა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. პირველი ნაბიჯი იმ სამწლიანი პროგრამის განხორციელება იყო, რომლითაც ადგილობრივ ფერმერებს მოსავლის მოყვანაში დახმარება აღმოუჩინეს. მაგრამ, როგორც ერთი ანდაზა ამბობს, ეცადნენ საუკეთესოდ, გამოუვიდათ, როგორც ყოველთვის… ტექნიკა მოძველებული იყო და არასაკმარისი, სიახლეები — მინიმალური, გლეხს იგივე ცოდნა დარჩა, რაც მამაპაპური გუთნით ხვნის დროს… ანუ პროგრამის განხორციელებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი შედეგები მინიმალურია, საბიუჯეტო დანახარჯები კი — დიდი. დაუზუსტებელი მონაცემებით, სამთავრობო პროგრამებითა და საერთაშორისო დონორების დახმარებით, ამ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებში 1,5 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს იყო თანხები, რომელიც გაიცემოდა გლეხებზე საგაზაფხულო ხვნა-თესვის ჩასატარებლად, სასოფლო სამეურნეო იარაღებისა და სასუქის შესაძენად, თუმცა როგორც კი სახელმწიფომ შეწყვიტა დოტაცია, დამუშავებული სავარგულების რაოდენობა დოტაციის პერიოდთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა.  

მეორე მიმართულება საკანონმდებლო თვალსაზრისით წარიმართა. 2013 წლის დასაწყისში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილმა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვისა და მემკვიდრეობით მიღების აკრძალვის შესახებ კანონი შეიმუშავეს, რომელიც ასევე 2013 წლის ივნისში შევიდა ძალაში და 2014 წლის დეკემბრამდე იმოქმედა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წელსვე მიიღო წარმოებაში სარჩელი ამ კანონის დისკრიმინაციულობასთან დაკავშირებით. 2014 წლის თებერვალში კანონი ამჯერად უკვე ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით შეიცვალა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიქმნებოდა სპეციალური კომისია, რომელიც მიიღებდა და განიხილავდა მიწის შეძენის მსურველი უცხოელების განაცხადებს. თუმცა არც მაშინ და არც ახლა უცხოელების მაინცდამაინც დიდი ნაკადის შემოდინებას და დიდ ინვესტიციებს ამ სფეროში ვერავინ ასაბუთებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალეობა — საქართველოს“ მონაცემებით, 2015 წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაახლოებით 18.500 ჰექტარ მიწას ფლობდნენ, რაც ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწის მთელი ფართობის დაახლოებით 0.7 პროცენტია. ამ დროისათვის რა ხდება ამ სფეროში, უცნობია, რადგან იუსტიციის სამინისტრო ცოცხალი თავით არ იძლევა აღნიშნულ მონაცემებს, რის შესახებაც არა ერთხელ განაცხადა პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. თუმცა ქართული მიწის დაცვის გარშემო გაერთიანებული სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით მიწაა გასხვისებული 2015-2016 წლებში, როცა მიწის რეგისტრაცია პრობლემას არ წარმოადგენდა.

სავალალოა ის ფაქტი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის დიდი ნაწილი საქართველოში ან დაუმუშავებელია, ან ძველი ტექნოლოგიებით მუშავდება და სასურველ შედეგს ვერ გვაძლევს. საზოგადად, შაგრენის ტყავივით დაპატარავებული საქართველოს მიწის საერთო ფონდი 7628.4 ათასი ჰექტარია. აქედან 3025.8 ათასი სასოფლო-სამეურნეოა —  სახნავი — 801.8 ათასი ჰა და მრავალწლიანი ნარგავები — 263.5 ათასი ჰა. დაუზუსტებელი მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან მხოლოდ 35 პროცენტი მუშავდება.

2016 წლამდე არ არსებობდა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროგრამა და მიწების 80 პროცენტი, ფაქტობრივად, დაურეგისტრირებელი იყო. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივამ, გლეხებისათვის უფასოდ მიწების რეგისტრაციის შესახებ, მდგომარეობა ბოლომდე ვერა, მაგრამ მაინც გამოასწორა. დღეისათვის ეს პროცესი ნელა, მაგრამ მაინც უფრო დიდი წარმატებით მიმდინარეობს.

პრობლემას ქმნის ის ფაქტიც, რომ მიწები, ძირითადად, მცირე ნაკვეთებადაა დანაწილებული და თუ არ ჩავთვლით კახეთისა და ქვემო ქართლის ნოყიერ მიწებს, მიწათმოქმედებს, რომელთა წილი საქართველოში რეკორდულად მაღალია (ოფიციალური მონაცემებით დასაქმებულთა 63 პროცენტი), არათუ გასაყიდად პროდუქციის წარმოება, არამედ საკუთარი ოჯახის გამოკვებაც კი უჭირთ.

ევროგაერთიანების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში ერთი ფერმერული მეურნეობის სარგებლობაში საშუალოდ 17,4 ჰექტარია, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რიცხვი კი დასაქმებულთა 5 პროცენტი. ამ ფონზე საქართველოში არსებული მდგომარეობა სერიოზულადაა დასაფიქრებელი. საქართველოში ერთი ფერმერული მეურნეობა 1,5 ჰას შეადგენს საშუალოდ, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულად კი დასაქმებულთა 63 პროცენტი მიაჩნია სახელმწიფოს.

მახსოვს, ისრაელის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი როგორი აღფრთოვანებით გვიყვებოდა, რა რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, კერძოდ: კიტრი და პომიდორი გადის ისრაელიდან ევროპაში ყოველდღიურად. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც მიწის თითოეულ გოჯს მორწყვა და განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდება. საქართველოში კი, მართლაც მიწათმოქმედების ქვეყანაში, სადაც მიწას ბუნებრივად ბევრი უპირატესობა აქვს, მიწის დანაწილებასთან ერთად, მისი მოვლის ცოდნის დეფიციტი და  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სიმწირე იგრძნობა.

მორატორიუმის გამოცხადება მაინც დროებითი ღონისძიებაა, რომელიც მოსახლეობის პატრიოტული გრძნობებისთვის წინასაარჩევნოდ გულის მოგების შთაბეჭდილებას ტოვებს. მთავრობას, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს მოფიქრება, როგორ ჩართოს თუნდაც უცხოური ინვესტიციები ქართული მიწის დასამუშავებლად. რა თქმა უნდა, ამას მიწის გაყიდვაზე უკეთ სტაბილური საჯარო თუ სხვა იურიდიული ფორმით მოახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ რეალობა მწარეა, ვფიქრობთ, უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი პატრიოტიზმი დღეს ქართული მიწის გამო აქციების ჩატარება კი არა, მიწის მოვლა-პატრონობაა და სასიამოვნოა, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც საცობებითა და დაბინძურებული ჰაერით გაჯერებული თბილისის უსახური კორპუსების მე-13 სართულიდან მიწას უბრუნდებიან. ასეთ ადამიანებს საწყისი კაპიტალი სჭირდებათ და კიდევ — ორჯერ გამოცხადებული მორატორიუმის მიუხედავად მთავრობას ჯერჯერობით მოსახლეობისათვის მიწის მოვლა-პატრონობის გრძელვადიანი პოლიტიკა არ გაუცნია. კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქართული მიწა ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაა, მაგრამ როგორ მოვუაროთ ამ მიწას ისე, რომ მასზე ღირსეული სახელმწიფო ავაშენოთ, ეკონომიურად და სურსათით უზრუნველყოფილი მოსახლეობით, ამას უფრო ღრმა და სერიოზული მუშაობა დასჭირდება.

 

მთავარი თემები