თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო შესწორებები კანონში "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ", რომლის თანახმად, შეჩერდა ის ნორმა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მიწის მიყიდვის საშუალებას იძლეოდა.
კანონში შესწორებებს მხარი დაუჭირა პარლამენტის 150 დეპუტატიდან 95-მა, რომელთა შორის იყვნენ როგორც მმართველი გუნდის "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს", ისე "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები.
მორატორიუმის შემოღების წინააღმდეგი იყვნენ ოპოზიციის დეპუტატები ფრაქციებიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "მოძრაობა თავისუფლებისათვის — ევროპული საქართველო".
უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი იმოქმედებს მანამ, სანამ შესაბამისი ცვლილებები არ შევა საქართველოს კონსტიტუციაში. საქართველოს მთავარი კანონის განახლებული ვარიანტის პროექტი უკვე შესულია პარლამენტში განსახილველად.
მორატორიუმის საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართა.
"მოძრაობა თავისუფლებისათვის — ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ოთარ კახიძემ ქვეყნის ხელისუფლება პოპულიზმში დაადანაშაულა და ეს საკითხი ადგილობრივი არჩევნების მოახლოებას დაუკავშირა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ეს ინიციატივა „ძალიან იაფფასიანი წინასაარჩევნო პოპულიზმია და თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი პარტია რაღაც ურა-პატრიოტიზმის სახელით თავისთვის ქულების დაწერას ცდილობს“.
კომენტარი ამ საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააკეთა.
ბესელიას თქმით, უმრავლესობა და უმცირესობა ამ საკითხზე იმიტომ ვერ თანხმდებიან, რომ მათ ფასეულობათა განსხვავებული სისტემები გააჩნიათ.
უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის გამოცდილება საქართველოს უკვე აქვს. 2013 წელს ქვეყნის პარლამენტმა მსგავსი აკრძალვა შესწორებებით დაადგინა კანონში "მიწით სარგებლობის შესახებ".
მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მან შესწორებებს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა დაძლია.
თუმცა მოგვიანებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა ქვეყნის მთავარი კანონის შეუსაბამოდ აღიარა. მაშინ ექსპერტები და ოპოზიციური ძალები მთავრობას აფრთხილებდნენ, რომ ამას სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების შემცირება შეიძლება გამოეწვია.
უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოს სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში 2016 წელს დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 0,6%-ს შეადგენს.