19:24 13 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1900
  • 100 RUB4.5362
  • USD2.8661
სალომე ანდრონიკაშვილის პორტრეტი

სალომე ანდრონიკაშვილის ბობოქარი ცხოვრება: შეყვარებული პლანტატორი, პოეტესა და გენერალი

Фото: архив
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
101781

Sputnik-ის პროექტი „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“ და იგორ ობოლენსკი სალომე ანდრონიკაშვილისა და მისი ცნობილი თაყვანისმცემლების ისტორიას გიამბობთ.

იგორ ობოლენსკი

ნაწილი I

ის 1888 წელს დაიბადა ტფილისში, ივანე ანდრონიკაშვილისა და ლიდია პლეშჩეევას ოჯახში.

ორიოდე წლით ადრე რომ მოვლენოდა ქვეყანას, მის ბიოგრაფიას პეტრე ჩაიკოვსკისთან შეხვედრების ფაქტი შეამკობდა, რომელიც ხშირად სტუმრობდა ანდრონიკაშვილებს და ვიოლინოზეც კი უკრავდა ხოლმე მათთვის.

თუმცა ბედისწერამ სხვა არაერთ დიდებულ ადამიანს შეახვედრა. ოღონდ არა მშობლიურ ტფილისში, არამედ პეტერბურგში, სადაც ივანე ანდრონიკაშვილს ვასილევსკის კუნძულზე უზარმაზარი ბინა ჰქონდა. სწორედ ამ ქალაქში გაითქვა სახელი სალომემ, როგორც ერთ-ერთმა ულამაზესმა ყმაწვილმა ქალმა.

თინათინ ჯორჯაძე მეუღლესთან, სერგეი ტანეევთან ერთად
ფოტო წიგნიდან „Судьба красоты. Истории грузинских жен“
თინათინ ჯორჯაძე მეუღლესთან, სერგეი ტანეევთან ერთად

სალომე და მისი მამიდაშვილი თინათინ ჯორჯაძე 1906 წელს შევიდნენ ბესტუჟევის კურსებზე — რუსეთის ერთ-ერთ პირველ უმაღლეს ქალთა სასწავლებელში. თუმცა ახალგაზრდა ქალბატონებისთვის უმთავრესი უნივერსიტეტი — ეს მაინც პეტერბურგის მაღალი წრის სალონები იყო, სადაც ერთ საღამოს სალომემ ზინოვი პეშკოვი გაიცნო — მწერალ მაქსიმ გორკის შვილობილი, რომელიც მისი თავგადაკლული თაყვანისმცემელი გახდა.

ყმაწვილისთვის დაბადებისას იეშუა სოლომონი დაერქმიათ, მაგრამ მერე მართლმადიდებლურად მონათლულიყო და ზინოვი ეწოდებინათ. მამამ ვერ აპატია უფროს ვაჟს (უმცროსიც ჰყავდა, ლენინის უმთავრესი თანამებრძოლი, რომელიც ისტორიაში იაკობ სვერდლოვის სახელით შევიდა) სარწმუნოების ღალატი და დაწყევლა. სწორედ მაშინ იშვილა ზინოვი მაქსიმ გორკიმ და თავისი ნამდვილი გვარი — პეშკოვი მისცა.

სალომე როცა გაიცნო, ზინოვი შეჭირვებულად ცხოვრობდა. ასე რომ, ქალიშვილმა ჩაის პლანტატორ პაველ ანდრეევის ცოლობა არჩია, რომელიც მასზე ორჯერ უფროსი იყო.

იმპერატრიცა ალექსანდრა (მარჯვნივ) და ფრეილინა ანა ვირუბოვა
ფოტო წიგნიდან „Судьба красоты. Истории грузинских жен“
იმპერატრიცა ალექსანდრა (მარჯვნივ) და ფრეილინა ანა ვირუბოვა

თინათინ ჯორჯაძესაც მალე ეწვია ბედი — სერგეი ტანეევს გაჰყვა ცოლად, ნიკოლოზ მეორის კანცელარიის უფროსის ვაჟს. მიუხედავად ესოდენ მნიშვნელოვანი თანამდებობისა, ოჯახის უფროსად თინათინის მამამთილი კი არ მიიჩნეოდა, არამედ მისი უფროსი ქალიშვილი ანა ვირუბოვა — რუსეთის უკანასკნელი იმპერატრიცა ალექსანდრას უსაყვარლესი მეგობარი და ფრეილინა…   

და ახლა სალომე მაღალი წრის სალონების, ხოლო თინათინი იმპერატორის სასახლის სასურველი და ხშირი სტუმარი გახდნენ. ის კი არა, თინათინს თავად იმპერატრიცა ალექსანდრაც მოიკითხავდა ხოლმე ვირუბოვასთვის მიწერილ წერილებში, როგორ არიან თინათინი და სერგეიო.

იმ წლებში მეტად პოპულარული მწერალი ქალი ნადეჟდა ტეფი წერდა: „წვეულებების მშვენება, როგორც ყოველთვის, სალომეა ანდრონიკოვა გახლდათ — არც მწერალი, არც პოეტი, არც მსახიობი, არც ბალერინა, არც მომღერალი… მაგრამ ის ჩვენი წრის ყველაზე საინტერესო ქალად იყო აღიარებული“.

სალომე მართლაც ძალზე საინტერესო პიროვნება იყო. მოულოდნელი საქციელები სჩვეოდა, რითიც მთელ ქალაქს აალაპარაკებდა ხოლმე. თუნდაც აეროპლანით გასეირნება რად ღირდა! ნაცნობი მფრინავი დაითანხმა და იმანაც პეტერბურგის ირგვლივ შემოსაფრენად გაიყოლა სალომე, რომელიც ლამის პირველი ქალი იყო ამ მხრივ.

ბევრი ცდილობდა სალომე ანდრონიკაშვილთან დამეგობრებას, მასთან ურთიერთობას უფრთხილდებოდნენ, აი, სიყვარულზე კი… ამაზე ვერც იოცნებებდნენ. ლამის ყველა მხატვარს სურდა მისი პორტრეტის დახატვა. მათ შორის, ვისაც გაუმართლა, იყვნენ ზინაიდა სერებრიაკოვა, კუზმა პეტროვ-ვოდკინი, ვასილი შუხაევი და საველი სორინი. ანა ახმატოვამ წიგნი უსახსოვრა წარწერით „მეგობრობის იმედით“, ხოლო მწერალმა ოსიპ მანდელშტამმა ლექსი მიუძღვნა.

იგორ ობოლენსკი ზინაიდა სერებრიაკოვას მიერ შესრულებული სალომე ანდრონიკაშვილისა (მარჯვნივ) და ელისო დადიანის პორტრეტებთან
ფოტო წიგნიდან „Судьба красоты. Истории грузинских жен“
იგორ ობოლენსკი ზინაიდა სერებრიაკოვას მიერ შესრულებული სალომე ანდრონიკაშვილისა (მარჯვნივ) და ელისო დადიანის პორტრეტებთან

Соломка звонкая, соломинка сухая,

Всю смерть ты выпила и сделалась нежней,

Сломалась милая соломка неживая,

Не Саломея, нет, соломинка скорей.

1917 წელს პეტერბურგიდან ალუშტაში წავიდა აგარაკზე. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ყირიმში გამგზავრებით თავს გადაირჩენდა. მასზე უთავბოლოდ შეყვარებულმა ადვოკატმა ალექსანდრ გალპერნმა სალომეს წერილით შეატყობინა ნიკოლოზ მეორის ტახტიდან გადადგომის თაობაზე და დაარწმუნა, რომ პეტერბურგში დაბრუნება არ ღირდა, რომ სჯობდა საქართველოში გამგზავრებულიყო, მშობლებთან.

იმ მომენტისთვის სალომე უკვე გაყროდა ვნებაჭარბ პლანტატორს, რომელიც ხან თინათინ ჯორჯაძის ტრფიალს ცდილობდა და ხანაც ცოლისდის, მარიამისას. სწორედ ამიტომაც ჩასახვოდა გალპერნს იმედი, რომ საქართველოში თავადაც ეწეოდა ბედს და სალომეს ცოლობაზე დაითანხმებდა. მაგრამ…

რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ხელისუფლებაში მენშევიკური მთავრობა მოვიდა. ხოლო საფრანგეთმა ქვეყანაში ელჩად მაიორი ზინოვი პეშკოვი მოავლინა. დიახ, წარსულში სალომეზე უიმედოდ შეყვარებული ღარიბი პეტერბურგელი ახალგაზრდა ახლა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი გამხდარიყო და, როგორც რუსული ენის მცოდნე, საფრანგეთის უმაღლესი კომისრის პოლიტიკური კონსულტანტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად მიეჩნიათ.

სალომე ანდრონიკაშვილი ქალიშვილთან ირინესთან ერთად
ფოტო წიგნიდან „Судьба красоты. Истории грузинских жен“
სალომე ანდრონიკაშვილი ქალიშვილთან ირინესთან ერთად

და სალომესა და ზინოვის შორის კვლავ გაჩაღდა რომანი. ამ სიყვარულმა სალომე საპატიმროდან იხსნა. როდესაც პეშკოვმა შეიტყო, რომ ტფილისისკენ მიმავალი სალომე დაეპატიმრებინათ და ხარკოვის ციხეში გაემწესებინათ, სასწრაფო ტელეგრამა აფრინა მამობილთან: „მამა, დაურეკე ლენინს, ტროცკის ან თავად კარლ მარქსს! ვისაც გინდა, მაგრამ სალომე ანდრონიკოვა თავისუფალი უნდა იყოს!“

არავინ იცის, ჩამოთვლილი სამიდან რომელს დაუკავშირდა პროლეტარი მწერალი, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი თავადის ასული ციხიდან გამოუშვეს და მანაც მშვიდობით ჩამოაღწია ტფილისამდე.

მერე, როცა წითელი არმია საქართველოში შემოსაჭრელად მოემზადება და ახალგაზრდა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქრება, პეშკოვი კვლავ მოევლინება სალომეს მხსნელად და პარიზში წასვლას შესთავაზებს — ისე, უბრალოდ, მაგალითად, ახალი თავსაბურავის შესაძენად წასვლას.   

— მაგრამ საბუთები თან რომ არ მაქვს?— დაიბნა სალომე.

— რაში გჭირდებათ საბუთები, როცა მე გყავართ?— დაამშვიდა ქალი საფრანგეთის მომავალმა გენერალმა.

და ქალიც დათანხმდა.

რუსი პოეტესა მარინა ცვეტაევა
© photo: Sputnik /
რუსი პოეტესა მარინა ცვეტაევა

საფრანგეთისკენ მიმავალ ხომალდამდე შეყვარებულებმა ნავით მიაღწიეს. მეზღვაურებმა უარი თქვეს უსაბუთო ქართველი ქალბატონის გემბანზე აშვებაზე. აი მაშინ ზინოვი პეშკოვმა რევოლვერი იძრო და მატროსები აიძულა, რომ სალომე ანდრონიკაშვილი გემზე აეყვანათ…

„როგორც ყველა არისტოკრატს, არც მე მსურდა რამეზე ღრმად დაფიქრება. და გავუტიე“, — იტყვის სალომე წლების შემდეგ, როცა საქართველოდან გამგზავრებას გაიხსენებს.

მაშინ მართლაც არაფერზე დაფიქრებულა. ალბათ ამიტომაც დატოვა ბათუმში ქალიშვილი ირინე, რომელმაც დედასთან შეხვედრა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგღა მოახერხა.

პარიზში სალომე ანდრონიკაშვილი ელისეს მინდვრების სიახლოვეს დასახლდა და მოდების ჟურნალში დაიწყო მუშაობა. მერე კი ცოლად გაჰყვა… ალექსანდრ გალპერნს, რომელიც საფრანგეთში მას შემდეგ ჩასულიყო, რაც რუსეთიდან გაეძევებინათ დროებით მთავრობაში მუშაობის გამო.

ოჯახური ცხოვრება სალომეს სულაც არ შლიდა ხელს, რომ ზინოვი პეშკოვთან მიმოწერა ჰქონოდა. ყოფილი სატრფო, სადაც უნდა ყოფილიყო, ყველა წერტილიდან სწერდა ქალს წერილებს, რომლებსაც ბოლოში, როგორც წესი, ასე აწერდა ხელს: Целую тебя от всего сердца и от всей моей старой и любящей тебя души.

პარიზში გაიცნო სალომემ პოეტი ქალი მარინა ცვეტაევა. ორ არაჩვეულებრივ ქალბატონს შორის ჭეშმარიტი მეგობრობა ჩამოყალიბდა. ამ მეგობრობამ იხსნა გენიალური რუსი პოეტესა სიღატაკისგან. სალომე ანდრონიკაშვილი იმ ათასი ფრანკიდან, რომელსაც მოდების ჟურნალში უხდიდნენ, ოთხასს ცვეტაევას აძლევდა და ტანსაცმელ-ფეხსაცმლითაც ამარაგებდა. ამის გამო პოეტი ქალი თავის თავს სალომეს კმაყოფაზე მყოფს ეძახდა.

ერთ-ერთ წერილში ცვეტაევა ანდრონიკაშვილს სწერდა: „ძვირფასო სალომეა, დიდი სათხოვარი მაქვს: ხომ არ შეგიძლიათ წინასწარ მომცეთ დახმარების ნახევარი? თუ არა, მაშინ ორასი ფრანკი მაინც. იმედი მქონდა, რომ სტატიისთვის გადამიხდიდნენ ფულს, მაგრამ აყოვნებენ. ძალიან მრცხვენია, რომ გაწუხებთ… გკოცნით. მ.ც.“

საერთოდ, ანდრონიკაშვილ-ცვეტაევას წერილებზე ცალკე წიგნის გამოცემაც კი შეიძლება. სალომეს მარინა ცვეტაევას ოცდაათზე მეტი წერილი შეენახა, რომლებიც, როცა შესაძლებლობა მიეცა, პოეტესას ქალიშვილს არიადნა ეფრონს გადასცა. მან კი, სალომეს თანხმობით, მოსკოვის ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ არქივს უსახსოვრა.

„3 ოქტომბერი. 1920 წელი. ძვირფასო სალომეა! უღრმესი მადლობა არაჩვეულებრივი წინდებისთვის — ზუსტად ჩემი სარგოა და უკვე მაცვია. გუშინ ვიყავი ფოსტაში მათ წამოსაღებად…“

ცვეტაევას უკანასკნელი წერილი ანდრონიკაშვილისადმი კი ადრესატისთვის სიცოცხლეშივე დადგმულ ძეგლად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ვინაიდან ყველა პორტრეტსა თუ მოგონებაზე უკეთ აღწერს სალომეს უნიკალურობას.

„საყვარელო სალომეა, წერილი არ სრულდება, ის ერთადერთია, პირველია და უკანასკნელი ჩემგან… თქვენდამი… საყვარელო სალომეა, სჯობს, არ მიპასუხოთ. რა შეიძლება მიპასუხოთ ამაზე? ეს ხომ არც შეკითხვაა და არც თხოვნა — უბრალოდ, სიყვარულის ცის ნაფლეთია. თქვენ გაძლევთ მას — თქვენ ხართ პასუხი ყოველივეზე, რომელიც იმ სიზმარში გამეცით.

კიდევ ერთი რამ ვუწყი, რომ შემდეგი შეხვედრისას — ერთი დღისა თუ ერთი წლისა და ერთი დღის შემდეგ… სახალხოდ, მარტო, სადაც და როცა არ უნდა შეგხვდეთ, მე სხვაგვარად შემოგხედავთ, განსხვავებულად მთელი ამ შვიდი წლისგან. იქნებ სულაც მივბნიდო თვალები — უძლურებისდა გამო, რომ დავფარო და უიმედობის გამო, რომ ვთქვა“.

მალე მარინა ცვეტაევა საბჭოთა რუსეთში დაბრუნდა. სალომე ანდრონიკაშვილისა და მისი გზები აღარასდროს გადაკვეთილა…

გაგრძელება იქნება

მთავარი თემები