ზდანევიჩები, პაუსტოვსკი და სტუმრისთვის „დათმობილი“ ცოლყოფილი ვალერია ვალიშევსკაია

© Архив Мирель Зданевичილია ზდანევიჩი და მისი მეგობრები
ილია ზდანევიჩი და მისი მეგობრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გოგოსავით მაცმევდნენ. დედას არ სურდა შეგუებოდა იმას, რომ ქალიშვილის მაგივრად ვაჟი ეყოლა. მის დღიურში წერია: „დაიბადა გოგონა — ილია...“Sputnik-ი ნიკო ფიროსმანაშვილისა და ძმები ზდანევიჩების ისტორიას გიამბობთ, რომელიც უშუალოდ მირელ ზდანევიჩის მონათხრობს ეფუძნება.

იგორ ობოლენსკი

ადგილი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო — ბაქრაძის ქუჩა, წარსულში „კირპიჩნი პერეულოკი“ და სამსართულიანი, წითელი აგურით ნაგები სახლი. ადრე მის კედელზე მემორიალური დაფა ეკიდა, რომ აქ, ამ სახლში ძმები ზდანევიჩები ცხოვრობდნენ; ის ზდანევიჩები, ფიროსმანაშვილის ნახატებს რომ აგროვებდნენ. დაფა 90-იან წლებში მოიპარეს, როცა გაჭირვებულ მოსახლეობას ჯართის ჩაბარებით გაჰქონდა თავი.

კარზე კოდირებული საკეტებია დაყენებული. მაგრამ, ეტყობა, ვიღაც რემონტს აკეთებს, სადარბაზო ღია დაუტოვებია და მეც იოლად შევაღწიე შიგნით.

© Игорь Оболенскийთბილისში, ბაქრაძის ქუჩაზე არსებული სახლის კიბე
თბილისში, ბაქრაძის ქუჩაზე არსებული სახლის კიბე - Sputnik საქართველო
თბილისში, ბაქრაძის ქუჩაზე არსებული სახლის კიბე

ძველ და საღებავშემოცლილ ხის კიბეს მივუყვები და ვხედავ, რომ რემონტი მესამე სართულზე კეთდება. იმ კარის გვერდით, რომლის მიღმაც ჩემი გმირები ცხოვრობდნენ, სამშენებლო მასალებით სავსე ტომრები ალაგია.

ამ სახლს ტფილის-ქალაქელები ხშირად სტუმრობდნენ, რათა უცნობი ფიროსმანაშვილის ნახატების ერთდღიანი გამოფენა ენახათ და მერე ავტორიტეტული გამომეტყველებით ეთქვათ: „ჰმ, არაფერი განსაკუთრებული!“

თუმცა ამ სადარბაზოს ზდანევიჩების არაერთი მოსკოველი თუ პეტერბურგელი მეგობარიც ახსოვს. მაგალითად, ლილია ბრიკი, ან კონსტანტინ პაუსტოვსკი — რომელიც მესამე სართულზე ასვლამდე გამბედაობას მოიკრებდა და მასპინძელს ასე წარუდგებოდა: „მე თქვენი მეგობრის, ვლადიმერ მაიაკოვსკის მეგობარი ვარ. მითხრა, რომ შემიძლია დროებით გავჩერდე თქვენთან“.

რა თქმა უნდა, შეეძლო და გაჩერდა კიდეც. ორიოდე დღის მერე კი სწორედ ამ კიბეზე  კისრისტეხით ჩარბოდა კირილ ზდანევიჩი — პაუსტოვსკის მალარიის შეტევა დაწყებოდა და აფთიაქისკენ მიჩქაროდა…

© Sputnik/ Свердлов ნიკო ფიროსმანის სურათის რეპროდუქცია
ნიკო ფიროსმანის სურათის რეპროდუქცია - Sputnik საქართველო
ნიკო ფიროსმანის სურათის რეპროდუქცია

მომავალ პოეტს სენი ბათუმში შეყროდა. ტფილისში რომ ჩამოსულა, საქმე თითქოს უკეთესობისკენ წასულა, მაგრამ უცბად მისკენ თავაწყვეტით მქროლი ჟირაფი დაუნახავს, შეშინებულს დაუყვირია და გათიშულა კიდეც…

მერე კი გაირკვა, რომ ნორჩ კორესპონდენტსა და დამწყებ მწერალს არანაირი მალარიის შეტევა არ მოსვლოდა. უბრალოდ, ზდანევიჩების სახლის კედელზე გამოფენილი ფიროსმანის დახატული ჟირაფი დაუნახავს და…

როცა პაუსტოვსკი გონს მოვიდა, კირილ ზდანევიჩს ყველაფერი გამოჰკითხა ამ ყველასგან განსხავებული მხატვრის შესახებ, რომლის გვარიც — ფიროსმანი, ასე წააგავდა იტალიურს.

ხოლო როცა სტუმარი საბოლოოდ გამოკეთდა, მასპინძლის ყოფილ ცოლს, ვალერია ვალიშევსკაიას დაადგა თვალი, რომელიც, მიუხედავად კირილთან გაყრისა, ჯერ ისევ მის სახლში ცხოვრობდა. მალე ვალერია პაუსტოვსკის გაჰყვა ცოლად, ხოლო ზდანევიჩმა თავისი ცხოვრების უმთავრესი ადამიანი გაიცნო.

© РИА Новостиრეპროდუქცია სურათის "ვირის ხიდი"
რეპროდუქცია სურათის ვირის ხიდი - Sputnik საქართველო
რეპროდუქცია სურათის "ვირის ხიდი"

კირილმა ოლგა პეტროვას წითელ ჩალმასა და გადატანილი ტიფის გამო გაფითრებულ სახეს პირველად გრიბოედოვის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის აივანზე მოჰკრა თვალი და „ნაღებიანი მარწყვი“ შეარქვა…

ამ ამბიდან 90 წლის შემდეგ გრიბოედოვის ქუჩაზე, ჩოლოყაშვილების ოჯახში აღმოვჩნდები სტუმრად — ოჯახში, რომელსაც ოლგა შეეფარებინა თავის დროზე, და მასპინძელი ამაყად გამიყვანს სწორედ იმ აივანზე…

ახლა კი ვდგავარ ზდანევიჩების სახლის ცემენტით თეთრად „შეფქვილულ“ საფეხურებზე და ვფიქრობ: თბილისში ცხოვრების ცხრა წლის განმავლობაში, თურმე, რამდენი ვინმე დამგროვებია ისეთი, ვინც უნდა გავიხსენო-მეთქი.    
აი, მაგალითად, მირელ ზდანევიჩი. ვიკითხე, რა კავშირი აქვს ძმებ ზდანევიჩებთან-მეთქი? მითხრეს, პირდაპირი და უშუალო, იმიტომ რომ კირილის ქალიშვილიაო. სასწრაფოდ მოვითხოვე ტელეფონის ნომერი და მეორე დღესვე ვეწვიე.

© Мирель Зданевич ილია ჟდანევიჩი პირველ მეუღლესთან, კოკო შანელის მოდელ აკსელ ბროკართან ერთად
ილია ჟდანევიჩი პირველ მეუღლესთან, კოკო შანელის მოდელ აკსელ ბროკართან ერთად - Sputnik საქართველო
ილია ჟდანევიჩი პირველ მეუღლესთან, კოკო შანელის მოდელ აკსელ ბროკართან ერთად

საერთო ენის გამონახვა ცოტა კი გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც შევძელით. ის კი არა, ქალბატონი მირელი იმაზეც კი დავიყოლიე, მშობლები, პაუსტოვსკი, ფიროსმანი და „კირპიჩნი პერეულოკის“ სახლი გაეხსენებინა.

და როგორც წესი, ყოველ მისვლაზე, მასპინძელი აუცილებლად წარმოთქვამდა რუსულ ანდაზას: „Ну, соловья баснями не кормят“, მერე სამზარეულოში გადიოდა და უკან ყავით, ჩაითა და ათასგვარი ტკბილეულით დახუნძლული ლანგრით ბრუნდებოდა. მერე საყვარელ დაწნულ სავარძელში ჯდებოდა და თხრობას იწყებდა…

ისეთ საინტერესო ამბებს მიყვებოდა, რომ შინისკენ მიმავალი მედგრად ვდუმდი და ერთი სიტყვითაც კი არ ვეხმიანებოდი თანამგზავრებს, რათა ეს უძვირფასესი ისტორიები გზად არ გამფანტოდა.

პირველი შეხვედრებისას რამდენჯერმე მომინდა, ქალბატონი მირელისთვის მეთქვა, ინტერნეტშიც და წიგნებშიც ეს მოვლენა სხვანაირადაა აღწერილი-მეთქი. მაგრამ თავს დროულად ვიკავებდი. ბოლოს და ბოლოს, ჩემ წინ ხომ იმ მოვლენების უშუალო მოწმე იჯდა, რომელთა თაობაზეც ჟურნალისტებსა თუ ისტორიკოსებს მხოლოდ  სმენოდათ.

გაცნობის პირველივე დღეს ქალბატონმა მირელმა მკაცრად გამაფრთხილა: „არაფერი მკითხოთ ფიროსმანზე — ამაზე სჯობს წიგნებში წაიკითხოთ, და არც ილია ზდანევიჩზე  — იმაზეც ყველაფერი უკვე დაწერილია“.

© РИА Новостиრეპროდუქცია სურათის "ვირის ხიდი"
რეპროდუქცია სურათის ვირის ხიდი - Sputnik საქართველო
რეპროდუქცია სურათის "ვირის ხიდი"

თუმცა, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ყველაფერზე ვისაუბრეთ, გვერდი არც ღვიძლი ბიძის ცხოვრებისთვის აგვივლია და არც ფიროსმანთან დაკავშირებული ისტორიებისთვის.

ეს გასაოცარი ოჯახი ყოფილა, რომლის პოლონელი წინაპარიც კავკასიაში გადმოესახლებინათ რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილ ამბოხში მონაწილეობის გამო. კირილ და ილია ზდანევიჩების მამა ტფილისში დასახლებულა და გიმნაზიაში ფრანგული ენის მასწავლებლად დაუწყია მუშაობა.

აქვე შეურთავს ცოლი — ვალენტინა, მდიდარი პოლონელის, დლუჟანსკის ქალიშვილი, რომელსაც მხოლოდ 40 წლისას გაურკვევია, რომ სინამდვილეში ქართველი ყოფილა, გვარად გამყრელიძე და მის მშობლებს ჩვილობისას გაეშვილებინათ.

მიხეილსა და ვალენტინას პირველი ვაჟი შეეძინათ, რომელსაც კირილი დაარქვეს. ორი წლის მერე წყვილი კვლავ ელოდა ახალი წევრის შემატებას და ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ამჯერად გოგონა დაიბადებოდა. მაგრამ 1894 წელს ქვეყნიერებას ილია ზდანევიჩი მოევლინა.

ვალენტინა ვერაფრით ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ საოცნებო ქალიშვილი არ გაუჩნდა და ილიას გოგოსავით ზრდიდა.

© Мирель Зданевич ილია ჟდანევიჩი
ილია ჟდანევიჩი - Sputnik საქართველო
ილია ჟდანევიჩი

წლების შემდეგ უმცროსი ზდანევიჩი მოგონებებში ჩაწერს: „გოგოსავით მაცმევდნენ. დედას არ სურდა შეგუებოდა იმას, რომ ქალიშვილის მაგივრად ვაჟი ეყოლა. მის დღიურში წერია: „დაიბადა გოგონა — ილია…“ ამიტომ მხრებამდე კულულებს მატარებინებდნენ. ჩემი ძიძა ზინა ყოველ საღამოს „პაპილოტკების“ დიდ გროვას აკეთებდა, რისთვისაც ბაბუაჩემის ბიბლიოთეკის თაროებიდან ერთმანეთის მიყოლებით იღებდა წიგნებს, მე კი ღამეს რამდენიმე ფუნტი ქაღალდით თავდახუნძლული ვატარებდი. ასე გაქრა თაროებიდან პუშკინი, გრიბოედოვი, დერჟავინი, გოგოლი. ძილში ამ ფურცლებზე დაწერილი ამბები თავში შემდიოდა და მეც ნელ-ნელა ვხდებოდი პოეტი“.

მიუხედავად აღზრდის თავისებური მანერისა, ილია ქალის სილამაზის დიდ დამფასებლად გაიზარდა და მექალთანის რეპუტაციაც დაიმსახურა — სამი ცოლი ჰყავდა.

წლების მერე კი ისიც და მისი უფროსი ძმა კირილიც ახლად  ფეხშემოდგმული ХХ ასწლეულის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე მხატვრებად იქცნენ…

რაც შეეხება მამას, მიხეილ ზდანევიჩს — საფრანგეთში სორბონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულსა და ერთი პერიოდი პარიზში მცხოვრებს — ის შვილებს საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე ზრდიდა და უცხო ენებსაც ასწავლიდა. თავად მიხეილმა, მშობლიური პოლონურის გარდა, ფრანგულიც იცოდა, რუსულიც, ქართულიც, სომხურიცა და აზერბაიჯანულიც — თანაც, სრულყოფილად.

ტფილისის პირველი გიმნაზიის დასრულების შემდეგ ძმები ზდანევიჩები პეტერბურგში გაემგზავრნენ. კირილი სამხატვრო აკადემიაში შევიდა, ილიამ კი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი არჩია. ჰო, და კიდევ ფუტურისტი გახდა.

© Игорь Оболенскийიგორ ობოლენსკი და მირელ ზდანევიჩი
იგორ ობოლენსკი და მირელ ზდანევიჩი - Sputnik საქართველო
იგორ ობოლენსკი და მირელ ზდანევიჩი

1913 წელს მოსკოვის პოლიტექნიკურ მუზეუმში ილიამ წაიკითხა მოხსენება „მარინეტის ფუტურიზმი“, რომელშიც „წაღის მოტივზე“ („мотив башмака“) ისაუბრა. ხალხით გადაჭედილ დარბაზს ილია ზდანევიჩმა განუცხადა, რომ წაღა — ეს ყველაზე მშვენიერი რამაა დედამიწაზე, ვინაიდან „სწორედ წაღა იძლევა შესაძლებლობას, რომ მიწასთან კავშირი გაწყვიტო“.

კირილი ამ დროს უკვე პარიზში იყო. აბა, სხვაგან სად უნდა წასულიყო კაცი, რომელსაც მხატვრობა ჰქონდა გადაწყვეტილი?! პარიზში მას შეეძლო, მხოლოდ  ხელოვნებაზე ეფიქრა. მის ერთ-ერთ გამოფენას პაბლო პიკასოც ეწვია. შეხედა კირილის ნახატებს და პირდაპირ ტილოს მიაწერა: „5 +“…

მოგვიანებით მირელს უკითხავს მამისთვის, სად წავიდა პიკასოს ნიშნიანი ნახატიო, რაზეც კირილს ზდანევიჩს უთქვამს, ყველაფერი პარიზში დარჩაო.

თუმცა საბეჭდ მანქანაზე „აკრეფილ“ კირილის ჩანაწერებს, რომლებიც დღემდე არ გამოცემულა წიგნად, ამ მოვლენის შესახებ მოგონება შემოუნახავს.

„ჩემ სიამაყეს საზღვარი არ ჰქონდა. გამოფენის შემდეგ ოსკარ უაილდის ძმიშვილმა, ჩემმა მეგობარმა ლოიდმა თერძ დე-ლაზარისთან წამიყვანა და ბრძანება გასცა: „ჩააცვით მუსიე სირილს!“ და მე საბოლოოდ ვიქეცი პარიზელად.

მშვიდ ცხოვრებას 1914 წელს მოეღო ბოლო — დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. კირილი რუსეთის ელჩმა გამოიძახა და უთხრა, სამშობლოში უნდა წახვიდეო. ისიც სიამოვნებით დაბრუნდა უკან — შინ მშობლები ელოდებოდნენ… და კიდევ ფიროსმანის კოლექცია.

(გაგრძელება იქნება)

ყველა ახალი ამბავი
0